საქართველოს იუტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევის ულოგიკო კრიტერიუმები და გაუმართავი პროცედურა
რეზონანსი
(06.11.2022)

სანამ სამართლის დარგში დავიცავდი დისერტაციას, თსუ-ის მათემატიკური ფაკულტეტი მქონდა დამთავრებული და სამეცნიერო ნაშრომში ინტეგრალური განტოლებები გამოყენებული. აქედან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემ თანამოქალაქეებს, შეძლებისდაგვარად, მარტივად ავუხსნა, თუ რა არსებითი განსხვავებაა ე. წ. ზუსტ და არაზუსტ მეცნიერებებს შორის. მაგ., თუ ფიზიკის კანონი (სამყაროში არსებულ კანონზომიერებას ასახავს) ექსპერიმენტით დასტურდება და მაგ., ზემოთ ასროლილი ქვა, დროზე თუ არ გამოეცალე, აუცილებლად თავში დაგეცემა, სამართალში (სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს შეისწავლის) საზოგადოების განვითარების კონკრეტულ ეტაპზე ჭეშმარიტებად (კანონიერად), ფაქტობრივად, ის მიიჩნევა, რასაც ე. წ. პოლიტიკური (მმართველი) ელიტა დემოკრატიული პროცედურების დაცვით ან თვითნებურად გადაწყვეტს...

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გამოძიების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად კომუნისტებისდროინდელი „საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების შეცვლა“ 1997 წლამდე იყო შენარჩუნებული. მართალია, შემდეგ მხოლოდ „ვითარების შეცვლა“ დარჩა, მაგრამ ამით, ნორმის არსი ფაქტობრივად, იგივე დარჩა. ფაქტია, დროთა განმავლობაში შეიცვალა სახელმწიფოს დამოკიდებულება ადრე დასჯადად მიჩნეული ისეთი ქმედებებებისადმი, როგორებიც იყო მაგ., „პირადი გამორჩენის მიზნით ნივთის ყიდვა-გაყიდვა“, „მეწარმეობა“, „მამათმავლობა“ „ნარკოტიკების მოხმარება“ და სხვა. ამასთან, რიგ შემთხვევებში, არაკორექტულია სამართლის ნორმის სამართლიანობაზე (უტყუარობაზე, ჭეშმარიტებაზე) პრეტენზიის ქონა, ვინაიდან კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, სწორედ პოლიტიკოსები წყვეტენ მაგ., მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უფრო გაამართლებს, პროპორციული თუ შერეული, ხოლო მიწა სახელმწიფო საკუთრებაში დატოვონ, მუნიციპალიტეტებსაც გადაუნაწილონ თუ „კერძო საკუთრებაშიც“ დააკანონონ.

ამდენად, გონივრული (ანუ სამართლიანი და ლოგიკური) რეგულაციების (კანონები, პროცედურები) დასადგენად, კანონშემოქმედების პროცესი არანაკლებ ინტელექტუალურ რესურს მოითხოვს, ვიდრე ფიზიკა ან მათემატიკის მიმართულებების განვითარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივმა ნიჰილიზმმა (ნორმების არცოდნამ და/ან აბუჩად აგდებამ), შეიძლება, უფრო მეტად დაგვაზარალოს ვიდრე ბუნების კანონების იგნორირებამ, ხოლო, როდესაც საქმე საკანონმდებლო ორგანოს და სასამართლო ხელისუფლებას ეხება, მაღალი ალბათობაა, არა მარტო „რევოლუციონერის“ ნასროლი ქვა მოგვხდეს თავში, არამედ სახელმწიფოც ზედ დაგვემხოს... 

ევროპული სამართლებრივი სისტემა, რომელშიც კონსტიტუციით ვაპირებთ ინტეგრირებას, სწორედ სამართლის ნორმებისა და ცალკეული იურიდიული ტერმინების განჭვრეტადობით გამოირჩევა, რაც, პირველ რიგში, იმ იურისტების დამსახურებაა, რომლებიც კანონშემოქმედებით არიან დაკავებული. ლოგიკურია, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმის შინაარსი მოქალაქეებს სწორედ იმ დეპუტატებმა აუხსნან, რომლებმაც ის დააკანონეს, ხოლო არაოფიციალურად, შეუძლიათ მეცნიერებმაც განმარტონ და სამართალდამცავებმაც. შესაბამისად, სამართლის საფუძვლების (თეორიის, მეთოდების) სახელმძღვანელოებში, გარდა იმისა, რომ სამართლისა და ლოგიკის კავშირზეა ხაზგასმა, სამართლის ნორმის განმარტების მეთოდებია (ხერხები, საშუალებები) ჩამოთვლილი. მათ შორის, პირველი, გრამატიკული განმარტებაა, რაც სახელმწიფო ენის წესების გამოყენებით უნდა ხორციელდებოდეს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ნორმატიული შინაარსის დაზუსტება ან გაფართოება სხვა მეთოდების (მაგ., ისტორიული, სისტემური, მიზნობრივი, ლოგიკური...) ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. 

ფაქტია, რომ საქართველოს პარლამენტი, რატომღაც, უარს ამბობს მის მიერვე მიღებული ნორმების განმარტებაზე და, ფაქტობრივად, არც დაინტერესებული პირების მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო წინადადებს ითვალისწინებს (როგორც წესი, იურიდიული კომიტეტის წევრები კენჭისყრისას ერთხმად „თავს იკავებენ“...). შედეგად, დღემდე მკაფიოდ არ გვაქვს განსაზღვრული ისეთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების შინაარსი, როგორებიც არის მაგ., „რეფერენდუმი“, „ორგანული კანონი“, „სისხლისსამართლებრივი დევნა“, „საპროცესო შეთანხმება“, „განრიდება“ „უდანაშაულობის პრეზუმფცია“, „პროცესის საქვეყნოობა (საჯაროობა ღიაობა)“, „საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა“, „იძულებითი გამოსყიდვა“, „ძალაში შესვლა”, „ამოქმედება“, „სამართალწარმოება“, „საქმის წარმოება“, „სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი“...

ამჯერად, ამ უკანასკნელზე შევჩერდები. მართალია, არც „რეიტინგულ“ არასამთავრობოებო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს გაუმახვილებით ყურადღება, მაგრამ კანონმდებლობაში „გაპარული ხარვეზების“ გამო, საქართველოს მე-4 პრეზიდენტისა და წინა მოწვევის პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელები იყო შეტანილი, რომლებითაც მათ მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არამოსამართლე წევრების გამწესების პროცედურა უკანონოდ იყო მიჩნეული. ფაქტია, რომ იუს-ში „სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტების“ ნაცვლად, მოსამართლეების ინტერესების დამცველი რიგითი იურისტები, ფაქტობრივად, კონკურსის გარეშე დაინიშნენ... ამასთან, არამოსამართლე წევრებს „დარგის აღიარებული სპეციალისტის“ სტატუსი, ფაქტობრივად, მხოლოდ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მესვეურებმა მიანიჭეს... 

ვინაიდან პარლამენტმა არ გაიზიარა საკანონმდებლო წინადადებები, რომლებითაც იუს წევრების შესარჩევი კრიტერიუმების დაზუსტება და ასარჩევი პროცედურის მოწესრიგება ურჩიეს, პარლამენტის თავმჯდომარის 29 სექტემბრის განცხადებით დაწყებული (არადა ბრძანება უნდა გამოეცა...) კონკურსის პირობის ორი ფორმულირება (ერთი პარლამენტის რეგლამენტიდან არის აღებული, მეორე - „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონიდან) ერთმანეთის საწინააღმდეგო აღმოჩნდა, რაც ენათმეცნიერების ინსტიტუტის ოფიციალური დასკვნითაც დასტურდება. სადავო ნორმების გრამატიკული განმარტებიდან გამომდინარე, გაურკვეველია „კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში“ (წინადადება რედაქციულადაც აშკარად გასამართია...) იუს წევრობის კანდიდატს მოეთხოვება თუ მის წარმდგენ ა(ა)იპ-ს. გარდა იმისა, რომ გაურკვეველია რას ნიშნავს ან რა აუცილებელია „წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში“ (რატომ არ შეიძლება კანდიდატი ან მისი წარმდგენი ორგანიზაციის ხელმღვანელები უშუალოდ წარმართავდნენ საქმეებს სასამართლოში?), ფაქტია ისიც, რომ ორგანული კანონიდან, რატომღაც, გამორჩათ სიტყვა „შესაბამისის“ კონკურსის პირობაში გადატანა, რის გამოც გამოვიდა, რომ ა(ა)იპ-ებს უნივერსტეტებსა და ადვოკატთა ასოციაციაზე გაცილებით ფართო უფლებამოსილება გააჩნიათ, ვინაიდან კონკურსზე პატრულ-ინსპექტორისა და რომელიმე საწარმოს იურისტის გარდა, იმ პროფესორებისა და ადვოკატების წარდგენაც შეუძლიათ, რომლებსაც კოლეგები იუს წევრობის ღირსად არ მიიჩნევენ. 

სწორედ კანონმდებლობის გაუმართაობის, კონკურსების პირობების „არაგანჭვრეტადობის“ და პროცედურების არაგონივრულობის ბრალია, რომ პარლამენტის მიერ 2017 წელს ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული იურისტი, არც იურიდიული კომიტეტის წევრების წინაშე წარდმდგარა და არც პარლამენტის, ხოლო საქართველოს მე-5 პრეზიდენტის მიერ ორი წლის წინ ჩატარებულ კონკურსში მონაწილეთა უმრავლესობას (მათ შორის კონკურსში „გამარჯვებულს“...) დოკუმენტები წესრიგში არ აღმოაჩნდა. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარეს კონკურსის შეჩერება და რეგულაციების მოწესრიგება ვურჩიე. მით უმეტეს, რომ საბჭოს უკვე წელიწადზე მეტია, რაც 5 წევრი აკლია, რითაც კანონის უზენესობის პრინციპი პოლიტიკოსებს აქვთ დარღვეული, ხოლო ნაკლული იუს დღემდე ახერხებს ფუნქციონირებას... ვინაიდან უზენაესი სასამართლოც, ფაქტობრივად დაკომპლექტებულია, იქნებ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს დაველოდოთ... გაცილებით გონივრულად მიმაჩნია, თუ მანამდე საბჭოს დაკომპლექტების წესი არსებითად შეიცვლება და მისი 15-ვე წევრი საზოგადობისთვის კარგად ნაცნობი, უშუალოდ იურისტების მიერ აღიარებული, პიროვნული და პროფესიული თვისებებით გამორჩეული, აგრეთვე საზოგადოებისთვისაც საკმარისად ნაცნობი ადვოკატებიდან და/ან მეცნიერებიდან, ამასთან, რაც შეძლება განჭვრეტადი კრიტერიუმებით და გამჭვირვალე პროცედურით შეირჩევა. 

ავთნდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე