ღია წერილი პრემიერ-მინისტრს
რეზონანსი
(25.10.2020)


ახლა განვიხილოთ მასწავლებელთა სქემის შემხებლობა კერძო სკოლებთან. ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ 2015 წლიდან დღემდე მიღებულ იქნა 4 ახალი სქემა: 2015, 2017, 2019 და 2020 წლებში. არცერთი დასახელებული წლიდან, გარდა 2020-ისა, კერძო სკოლებისათვის სქემაში ჩართვა სავალდებულო არ ყოფილა. მათ ჰქონდათ ორგვარი მოქმედების უფლება: ან ჩართულიყვნენ სქემაში, ან აემოქმედებინათ  მასწავლებლის შეფასების სქემასთან თავსებადი სისტემა, რომლითაც მასწავლებლებს არ შეეზღუდებოდათ უფლება, განეხორციელებინათ სკოლიდან სკოლაში მობილობა.

შეიძლება თუ არა, კერძო სკოლებს ჰქონდეთ მასწავლებელთა შეფასების საკუთარი სისტემა? რა თქმა უნდა, შეიძლება. 

კერძო სკოლებისათვის ნებაყოფლობითი იყო სქემის გავრცელება. 2015, 2017, 2019 წლებში გამოცემული მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებული სქემებით მასწავლებლის შეფასების წესის მოქმედება ვრცელდებოდა მხოლოდ საჯარო სკოლებსა და მის მასწავლებლებზე. 

2020 წლის 26 ივნისს მთავრობის მიერ გამოცემული 390-ე დადგენილებით დამტკიცებული ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით’’ ნებაყოფლობითობის პრინციპი ამოღებულია და მასში ჩართვა სავალდებულოა საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, კონკრეტულად, ეს სქემა ვრცელდება საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებზე, ადმინისტრაციებსა და მასწავლებლებზე, რაც დასტურდება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ივნისის N390-ე დადგენილების დანართის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის I თავის ზოგადი დებულებების, მე-3 მუხლითა და მეხუთე თავის 27 მუხლით. 

როგორ რეგულირდებოდა სქემაში ჩართულობის საკითხები იმ სკოლებისათვის, რომლებიც საერთოდ არ მონაწილეობდნენ აღნიშნულ სქემაში?

იმ შემთხვევაში, თუ კერძო სკოლას არ სურდა სქემაში ჩართვა, ვალდებული იყო მის მიერ დასაქმებული მასწავლებლები შეეფასებინა იმ სისტემით, რომელიც დაეფუძნებოდა მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული შეფასების ძირითად პრინციპებს. 

მთავრობის 2015 წლის N68, 2017 წლის N35, 2019 წლის N241 დადგენილებებით, კერძო სკოლებს უნდა განესაზღვრათ მასწავლებლების ალტერნატიული შეფასების სისტემა.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა შეემუშავებინა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან მასწავლებლის ალტერნატიული შეფასების სისტემის თავსებადობის წესი, რომელსაც დაამტკიცებდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. მპგეც-ს უნდა დაედგინა მასწავლებლის ალტერნატიული შეფასების სისტემის თავსებადობა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ 2015 წლიდან 2020 წლის 26 ივნისამდე მთავრობის დადგენილებების ეს ვალდებულებები არ შეუსრულებია სსიპ-მგპეც-ს, რომელზე ზედამხედველობა და შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტი არ აკონტროლებდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, კერძოდ, ზემოთდასახელებული სამინისტროს მუშაობას კანონმდებლობასთან თანხვედრაში ყოფნის კუთხით. 

1. კერძო სკოლების უმეტესობამ შექმნა ალტერნატიული შეფასების სისტემა, მაგრამ სსიპ-მგპეც-მა არ შეიმუშავა და ცენტრის დირექტორმა არ დაამტკიცა მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემასთან მასწავლებლის ალტერნატიული შეფასების სისტემის თავსებადობის წესი.

2. აქედან გამომდინარე, ვერ მოხერხდა კერძო და საჯარო სკოლების შეფასების წესების თავსებადობის შემოწმება.

3. ამრიგად, მთავრობის დადგენილებებით(N68-2015, N35-2017, N241-2019) საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს უნდა ემუშავათ სხვადასხვა სქემებით, რეალურად კი საჯარო და კერძო სექტორები მუშაობდნენ ერთი და იმავე სქემით!  

კერძო სკოლების მასწავლებლებმა გამოცდები ჩააბარეს, სქემით გათვალისწინებული დავალებები შეასრულეს, სტატუსები მიენიჭათ. მაგრამ ფინანსური პაკეტები მათზე არ გაიცემა, კერძოდ, ხელფასისა და სტატუსის დანამატების ზრდა მათზე არ ვრცელდება!

ისმის კითხვები, როცა სახელმწიფო კერძო სკოლების სერტიფიცირებულ და სქემაში ჩართულ მასწავლებლებს არ უზრდის ხელფასებს და არ აძლევს სტატუსის დანამატებს, კერძო სკოლებს უნდა ეხებოდეთ თუ არა სქემა და რატომ ავალდებულებს სახელმწიო მის მიერ განსაზღვრულ სქემაში ჩართვას? 

არსებობს ოთხი მიზეზი, რათა კერძო სკოლები არ ჩაერთოთ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ სქემაში.

1. კერძო სკოლის მასწავლებლები არ საჭირობენ ჩართულობას ამ და თუნდაც სხვა სახის სქემაში მაშინ, როდესაც არსებობს სახელმწიფოს მიერ დაკანონებული ავტორიზაციის პროცესი და სამი სტანდარტით მოწმდება სკოლა; აქედან ერთ-ერთი სტანდარტია ადამიანური რესურსების შესაბამისობა კანონმდებლობასთან. ავტორიზაციის შედეგად სკოლა იღებს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს. 

ზემოთ მოყვანილ აზრს ამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ‘’ბ’’ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება კანონმდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის მოპოვების შესახებ, რომელიც გულისხმობს ავტორიზაციის საფუძველზე სკოლის სტატუსის მიღებას. ამ უკანასკნელის მინიჭების ერთ-ერთი სტანდარტია ადამიანური რესურსების, კონკრეტულად, მასწავლებლების შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან, როგორებიცაა:ზოგადი განათლების კანონი, მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სქემა, მინისტრის შესაბამისი ბრძანებები და ა.შ.

2. ავტორიზაციის პროცესის არქონის პირობებშიც კერძო სკოლებში სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს მხოლოდ საგნობრივი სტანდარტების შესრულების მდგომარეობა და მოსწავლეთა შედეგები, რაც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი საფუძველია.

3. კერძო სკოლების ავტონომია ირღვევა მაშინ, როდესაც მასწავლებლის შეფასების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის იმავე სისტემას ვნერგავთ, რომელიც საჯარო სკოლებშია. ასეთი მიდგომა, არა მარტო ავტონომიის გაძლიერებას უშლის ხელს, არამედ არსებითად ცვლის კერძო სკოლის მიზნებსა და ამოცანებს.

4. კერძო სკოლების მასწავლებლების სქემაში ჩართვა პირდაპირი ჩარევაა მათს ეკონომიკურ-საფინანსო საქმიანობაში. სახელმწიფო ზღუდავს მათს ეკონომიკურ საქმიანობას, აკისრებს დიდ ფინანსურ ხარჯებს ყოველგვარი დახმარების გარეშე. საკმაოდ დიდი ფინანსების მობილიზებაა საჭირო კერძო სკოლის ბიუჯეტში ხელფასებისა და სტატუსის დანამატის ზრდისათვის. სამინისტროს ასეთმა მიდგომამ გააკოტრა და მომავალში გააკოტრებს კერძო სკოლების უმეტესობას. გარდა ამისა, დაიწყო კერძო სკოლებიდან საჯარო სკოლებში კარგი კადრების დენადობა. მე-6 მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტებს, რომელთა თანახმად „ეკონომიკური თავისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“ (საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი). 

„სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე“ (საქ. კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი).

ამრიგად, კანონმდებლობის ანალიზიდან გამომდინარე, გამოიკვეთა ოთხი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს კერძო სკოლების ნებაყოფლობითი ჩართვის აუცილებლობას სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ სქემაში, ესენია:

• ავტორიზაციის პროცესი, კერძოდ, ადამიანური რესურსების თავსებადობა სახელმწიფო მოთხოვნებთან;

• საგნობრივი სტანდარტების კონტროლი;

• სკოლის ავტონომიის დაცვა;

• სკოლის ეკონომიკური თავისუფლების დაცვა.

ზემოთ მოყვანილი დასაბუთებიდან გამომდინარე ნათელია, რომ კერძო სკოლები არ უნდა ჩაერთონ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ სქემაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ზოგიერთი ფაქტორის კონტროლი გაორდება, მაგალითად, ავტორიზაციის პროცესში მოწმდება ადამიანური რესურსების თავსებადობა სახელმწიფო მოთხოვნებთან და იგივე ხდება სქემაში ჩართვისას , ხოლო დანარჩენი სამი საკითხის, სტანდარტის კონტროლის, სკოლის ავტონომიისა და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპების დარღვევა მოხდება.

დავსვათ მთავარი კითხვა: რატომ არ მიიღო სსიპ-მგპც-მა კანონმდებლობით განსაზღვრული კერძო და საჯარო სკოლების მასწავლებელთა თავსებადობის წესი? 

ამ შემთხვევაშიც მთავარი მიზეზი დაინტერესებული კლანის საქმისადმი არაკეთილსინდისიერი მიდგომაა. წლების განმავლობაში გამოიკვეთა კორუფციის, ფავორიტიზმის, ნეპოტიზმის, ქრონიზმის შემთხვევები. კლანი მოქმედებს შემდეგი პრინციპით: რაც შეიძლება მეტ დაწესებულებებსა და მასწავლებლებზე გავლენა, მეტი ტრენინგები, მეტი ხელფასები, მეტი პრემიები, მეტი სამივლინებო თანხები, მეტი გრანტები, მეტი კერძოდ მოსამზადებელი მასწავლებლები, მეტი სქემიდან გამომდინარე დოკუმენტების შექმნა ექსპერტების მიერ ფულის სანაცვლოდ, მეტი შიდა და გარე დაკვირვება, მათთვის ექსპერტებისა და ფასილიტატორების შერჩევა, მათი ტრენინგები, ისევ გაზრდილი ხელფასები, ისევ სამივლინებო თანხები, მეტი პროცესები, რომლებიც მათ ფულად სარგებელს მოუტანს!

ეს არის იმ დიდი კორუფციული სქემის ერთ-ერთი სეგმენტი, რომელიც ახლავს მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარების, მასწავლებლობის უფლების მოპოვების, მასწავლებლის კარიერული წინსვლის პროცესებს.

ზემოაღნიშნულიდან საბოლოოდ დავასკვნით, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ივნისის N390-ე დადგენილების I თავის, 1-ლი მუხლის, მე-3 პუნქტი, V თავის 27-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს, მე-6 მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტებს.

ამრიგად, დააკანონეს კორუფციული სისტემის ძალადობა მასწავლებელთა სქემით კერძო სკოლებზე!

გაგრძელება იქნება.

მანანა ნიკოლაიშვილი

საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე