ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს
რეზონანსი
(21.10.2020)


ახლა განვიხილოთ, თუ რამდენად არის დაცული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზანი, ხარისხიანი განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება. ეროვნულ სასწავლო გეგმაში არასწორადაა დალაგებული ზოგადი განათლების ყველა საფეხურისათვის სასწავლო მიზნები და მისაღწევი შედეგები (უნარ-ჩვევები, ცოდნა და ღირებულებები, სწავლების შინაარსი, საგნების საათობრივი განაწილება. ზოგადი განათლების კანონი, მუხლი მე-2, პუნქტი 3).

ეროვნული სასწავლო გეგმა დიდი მნიშვნელობის დოკუმენტია. ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მისაღწევად სახელმწიფო შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას.

ზოგადი განათლების კანონით განისაზღვრება ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნები.

რა არის საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკის ძირითადი მიზნები? 

საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: ა) მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა; ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა.

ორივე უმნიშვნელოვანეს საკითხს ეწინააღმდეგება იმ არაკვალიფიციური მასწავლებლების შეშვება გაკვეთილებზე, რომლებიც არიან ერთი საგნის მასწავლებლები და ასწავლიან მთელ საგნობრივ ჯგუფს ან არიან მხოლოდ ერთ-ერთი საფეხურის სერტიფიცირებული მასწავლებლები და ასწავლიან სამივე საფეხურზე და, ამავე დროს, ასწავლიან საგნობრივი ჯგუფის საგნებს, როგორც სერტიფიცირებულები. ეს არის უხარისხო სწავლება, რომელიც საზიანოა. ზოგადი განათლების კანონის თანახმად, მასწავლებელი ვალდებულია, მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება (ზოგადი განათლების კანონის მუხლი 21, პუნქტი 1/1, ქვეპუნქტი „ა“).

ხარისხიანი განათლება სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზანია, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ეროვნული შეფასებებით, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავებითა და აკრედიტაციის სისტემების ჩამოყალიბებით, რაც გულისხმობს სწავლების ხარისხის დადგენისა და შეფასების მეშვეობით ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვასა და მართვას.

ხარისხიანი განათლება უნდა იყოს ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აგრეთვე, უნდა იქნას დაცული ზოგადი განათლების ლოიაობის პრინციპი (ზოგადი განათლების კანონის მუხლი 3, პუნქტი 1, ქვეპუნქტები „ა“ და „ბ“, მუხლი 2, ქვეპუნქტები „ა“ და „დ“).

ეს არის კონკურენტუნარიანი, ხარისხიანი განათლების მიღების უფლების დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს).

ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება (საქ. კონსტიტუცია, 27 მუხლი, 1 პუნქტი). აქ საუბარია კონკურენტუნიანი, ხარისხიანი განათლების მიღების უფლებაზე საჯარო თუ კერძო სკოლაში. ხარისხიან განათლებას მოსწავლეს ვერ მისცემს არაკვალიფიციური, არასპეციალისტი, ბოლოს და ბოლოს, სხვა საგნის მასწავლებელი.

ახალი სქემის მერვე თავის 37-ე მუხლი არღვევს კანონმდებლობას აკადემიური ხარისხების შესახებ (საქ. კონსტიტუცია, 7 მუხლის, პუნქტი 1, ქვეპუნქტი „ბ“).

ერთი საგნის ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე მასწავლებელი ასწავლის იმავე საგნობრივ ჯგუფში ან სხვა საგნობრივ ჯგუფში შემავალ სხვა საგნებს, რომლის ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი არ გააჩნია. ამაზე მეტი დარღვევა რა უნდა ჩაიდინოს სახელმწიფომ? სხვა საგნის, უცოდინარ მასწავლებელს უშვებს გაკვეთილზე!

სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას განათლების ხარისხი. ამას „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონი ავალებს, თავი პირველი, მუხლი 2, პუნქტები 1,2,3. 

განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა ხდება შიდა და გარე მექანიზმების საშუალებით.

განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმებია: ავტორიზაცია და აკრედიტაცია.

ავტორიზაციის დროს მოიპოვება საგანმანათლებლო სტატუსი, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დადასტურებული დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: საგანმანათლებლო პროგრამებს, მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს.

ადამიანური რესურსები - მასწავლებლები, რომლებიც არიან ერთი საგნის კვალიფიკაციით და ასწავლიან იმავე საგნობრივი ჯგუფის საგანს ან საგნებს, ამავე დროს ასწავლიან სხვა საგნობრივი ჯგუფის საგანს ან საგნებს, აგრეთვე, როდესაც ერთი საფეხურის სერტიფიცირებული მასწავლებელი ასწავლის სამივე საფეხურზე ან იმავე და სხვა საგნობრივი ჯგუფის საგნებს. ეს ავტორიზაციის სტანდარტის დარღვევაა, რაც სკოლის დახურვის საფუძველს იძლევა.

ერთი კონკრეტული საგნის ბაკალავრი ან მაგისტრის აკადემიური ხარისხის მასწავლებელი უნდა ასწავლიდეს თავისი სპეციალობის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას, ხოლო ის სქემის VIII თავის 37 მუხლში ჩადებული მოთხოვნებით ასწავლის სხვა საგნის ან საგნების საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, რომლის კვალიფიკაციაც დიპლომით მას არ გააჩნია. 

ეს არის ავტორიზაციის ერთ-ერთი სტანდარტის, კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამის დარღვევა, რაც იძლევა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დახურვის საშუალებას.

ავტორიზაციის ზემოთ დასახელებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და ადამიანური რესურსების ორი სტანდარტის დარღვევით, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის ნაცვლად, სახელმწიფო უხარისხო სწავლებას ახორციელებს, მოსწავლეებს ტოვებს ცოდნის გარეშე. სასწავლო პროცესი, სინამდვილეში, ჩამოშლილია, მასწავლებელი ფორმალურად არის კლასში!

ზოგადი განათლების კანონით განსაზღვრულია მასწავლებლის თანამდებობის სახეები და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, რომლის თანახმად, შემოტანილია საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის ცნება. ეს არის მასწავლებელი, რომელიც ერთ საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

ასევე შემოტანილია მასწავლებელთა თანამდებობის სხვა სახეები, ესენია:

- სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც სახელოვნებო ან სასპორტო საგანს/საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის შესაბამის საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

- სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი - სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი;

- საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი - არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო

- დაწესებულების/სექტორის მასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა ენაზე ასწავლის ერთ ან რამდენიმე საგანს საბაზო და საშუალო საფეხურებზე. 

ახლა განვიხილოთ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მიღების პროცედურები და მისი არსი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ბრძანებით დაამტკიცა და განსაზღვრა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი თითოეული სახის მასწავლებლისათვის, ხოლო სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. 

 მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მასწავლებელი. 

ზოგადი განათლების ეს ნორმა ირღვევა იმიტომ, რომ საგანმანათლებლო სისტემაში არ გვყავს კვალიფიკაციით საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლები, რომლებიც დაკანონებულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით, ზოგადი განათლების კანონითა და 2020 წლის 26 ივნისის მთავრობის N390 დადგენილების დანართით დამტკიცებული სქემის VIII თავის 37-ე მუხლით. 

ზოგადი განათლების კანონის 21 2 მუხლით განსაზღვრული მასწავლებლის თანამდებობის სახეებს აქვთ არსებობის საშუალება, მაგრამ ეს ნორმა უნდა ამოქმედდეს 2022-2023 სასწავლო წლიდან მხოლოდ დაწყებითი საფეხურისათვის, ხოლო საბაზო და საშუალო კლასებისათვის იმ ვადებში, როცა მომზადდებიან მასწავლებლები.

ზოგადი განათლების კანონში არსებული 21/2 მუხლი მასწავლებელთა თანამდებობის სახეები და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის არსებობა განაპირობებს 2020 წლის 26 ივნისის მთავრობის N390 დადგენილებაში მერვე თავის 37-ე მუხლის არსებობას, რაც ეწინააღმდეგება ,,განათლების ხარისხის განვითარების’’ კანონის თავი პირველი, მეორე მუხლი, 1, 2, 3 პუნქტებსა და საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტს, 7 მუხლის 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს. 

ამრიგად, საქართველოს კანონის „ზოგადი განათლების შესახებ“ 21/2 მუხლი, 2020 წლის 26 ივნისის მთავრობის N390 დადგენილების დანართის VIII თავის 37-ე მუხლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2008 წლის 21 ნოემბრის N1014 ბრძანება და 2020 წლის 30 ივნისის N671 ბრძანება „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ და მასში შეტანილი ცვლილებები, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ და საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტს, მეშვიდე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს. 

საბოლოოდ დავასკვნით, რომ მასწავლებელთა სქემით უგულებელყოფილია ზგკ-ით განსაზღვრული საგნობრივი ჯგუფის მასწავლების მომზადების ვადების დარღვევის პროცესი, რომელიც იწვევს სკოლებში უხარისხო სწავლებას. 

(გაგრძელება იქნება)

მანანა ნიკოლაიშვილი, 

საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე