რეზონანსი
(18.10.2020)


საპრეზიდენტო არჩევნების წინ 5 ყველაზე რეიტინგულ („გაპიარებულ“) კანდიდატს გაზეთ „რეზონანსის“ მეშვეობით სულ 5 კითხვა დავუსვი. მაინტერესებდა, ამომრჩეველთა ნდობის მოპოვების შემთხვევაში, რამდენად კანონიერად და გონივრულად აპირებდნენ თუნდაც რამდენიმე საშინაო პრობლემის მოგვარებას. ვინაიდან პასუხი არც ერთმა არ გამცა, საარჩევნო ბიულეტენში ყველა გულმოდგინედ გადავხაზე, რამაც მისი ბათილად ცნობა გამოიწვია... არადა, ევროკავშირის ქვეყნებშიც არსებობს სპეციალური გრაფა და ყველას წინააღმდეგ ხმის მიმცემები არჩევნებში მონაწილეებად ითვლებიან. 

ვინაიდან მორიგი საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდა და 5 – ჯვრიან დროშებთან ერთად 5 – იანებიც მრავლად გამოიფინა (სახლშიც „ნაციონალური მოძრაობისა და „პატრიოტთა ალიანსის“ ბუკლეტები ერთად მომიტანეს...) გადავწყიტე საარჩევნოს სუბიექტებს იმავე 5 კითხვით მივმართო.. იმედი მაქვს, დეპუტატობის მსურველები მაინც მოიცლიან ამომრჩევლის კითხვებზე საპასუხოდ, მითუმეტეს, რომ აღნიშნული საკითხების მიმართ პოლიტიკოსების დამოკიდებულება მათი მხარდამჭერებისთვისაც უნდა იყოს საინტერესო და დანარჩენ მოქალაქეებსაც დაეხმარება არჩევანის გაკეთებაში: 

1. რატომ არის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაბრძანებულ ყველა (20-ზე მეტ) ხატზე, ასევე, თავისუფლების მოედანზე აღმართულ მონუმენტზე, მხედარი მარჯვნივ მიმართული, ხოლო დღევანდელ ე. წ. სახელმწიფო გერბზე მარცხნივ

ფაქტია, რომ პარლამენტის 1999 წლის დადგენილების თანახმად, სახელმწიფო გერბი „კვართიან-დავითიანი” უნდა ყოფილიყო, თუმცა ახალი გერბი „ნაციონალურმა” პარლამენტმა 2004 წელს სპეციალური კომისიის დასკვნის გარეშე მიიღო, ერთი წლის შემდეგ კი მასში კორექტივები შეიტანა... ამასთან, ჰერალდიკური ნიშნის მიმართულების ცვლილება მის შინაარს დიამეტრალურად ცვლის. შესაბამისად, მაგ., სიკეთის აღმნიშვნელი სიმბოლო შემოტრიალების შემდეგ უკვე ბოროტებად აღიქმება, მტერს გამოდევნებული (გამარჯვებული) მხედარი მიმართულების შეცვლით დევნილი (დამარცხებული) ხდება, ხოლო მობრუნებული კანონიერების სიმბოლო უკვე უკანონობას აღნიშნავს... 

2. რა შინაარსით გესმით „ქართული” ხუთჯვრიანი დროშა (პარტიულია, ისტორიული, სახელწიფო თუ რელიგიური) და თვლით თუ არა, რომ ძირითადი სახელმწიფო სიმბოლოს დასადგენად კონკურსი უნდა გამოცხადდეს, პროექტების თაობაზე საჯარო დისკუსია გაიმართოს, ხოლო საბოლოო სახე ორგანული კანონით დადგინდეს 

ფაქტია, რომ ერთადერთი სახელმწიფო ვართ, რომლის მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას „უპირველესი სიმბოლოს” ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ შეუძლია. არსებული სახის ხუთჯვრიანი დროშა კი პირველად „მოქკავშირის” ღონისძიებებზე გამოჩნდა („იერუსალიმის ჯვარი” სრულიად სხვა ფორმისაა...). მიშა შადრევანიანმა ის „ნაცმოძრაობის” სიმბოლოდ აქცია და დავით აღმაშენებლის დროშად „მონათლა”, ხოლო გიორგი ვეტომდებელი მას „სავარაუდოდ, გიორგი ბრწყინვალის დროს დამკვიდრებულად” თვლის. ამასთან, ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ გამოფენილი „სახელმწიფო დროშა” და პრემიერ-მინისტრის მკერდზე მიმაგრებული „საიდენტიფიკაციო ნიშანი” აშკარად არსებითად განსხვავდებიან კანონმდებლობით დადგენილი „სტანდარტული ზომისა და ზუსტი გამოსახულებისგან”... 

3. მიგაჩნიათ თუ არა აუცილებლად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაციონალიზაცია და სპეციალური (ფაქტობრივად, ანტიკორუფციული...) კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოში განხორციელებულ პრივატიზაციასაც?

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით „საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია”, ფაქტია, რომ ქართველი ერის სამარადჟამო სამკვიდრებელისა და სავარგულების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელთა საკუთრებაში აღმოჩნდა. დღემდე, აზერბაიჯანს და სომხეთს მთელ პერიმეტრზე მავთულის ღობითაც კი ვერ გავემიჯნეთ და უშუალოდ ე. წ. სასაზღვრო ზონაშიც აქტიურად მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების გადაფორმება...… 

4. მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს კონსტიტუციიდან ამოსაღებია ნორმა, რომლის თანახმად, მომავალში „საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი”?

საქართველოს უზენაესი კანონი, ფაქტობრივად, ყოფილი იუგოსლავიის მსგავს ფედერაციულ სახელმწიფოდ მოწყობას ითვალისწინებს. ანუ, დღევანდელ „აჭარას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს“, შეიძლება, „სამეგრელოსა და ბორჩალოს რესპუბლიკებიც “ დაემატოს... 

5. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება”, ხომ არ მიგაჩნიათ, რომ „სამართლიანობის აღდგენა” მოითხოვს გასამართლებულ იქნენ საქართველოში „აჯანყება-რევოლუციების” და შიდაშეიარაღებული კონფლიქტების ორგანიზატორები, ამასთან, ჩამოერთვათ მათ და მათთან დაკავშირებულ პირებს ის დაუსაბუთებელი უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც კორუფციის (თანამდებობის პირად ინტერესებში გამოყენების) გზით დააგროვეს? 

სამართლებრივი სახელმიფო სამართლიან არჩევნებსა და კანონის უზენაესობას ეფუძნება, ხოლო „რევოლუცია კანონით შეუზღუდავი ძალუფლებაა“ (ლენინის განმარტებააა). შესაბამისად, გონივრული იქნება, მათი ქონებით ვინც საქართველოში რევოლუცია–გადატრიალებით „იხეირა“ (კანონდარღვევით დააგროვა კაპიტალი), სახელმწიფომ, თუნდაც იმ მოქალაქეებს აუნაზღუროს ზარალი, რომლებმაც შრომით დანაზოგები „შემნახველ სალაროებს“ მიაბარეს. 

იმედი მაქვს, ზემოაღნიშნული კითხვებით სხვა ამომრჩევლები თუ არა (რომლებიც კანდიდატებთან გამართულ შეხვედრებში მონაწილეობენ), ჟურნალისტები მაინც დაინტერესდებიან და საარჩევნო სუბიექტებს დაუსვამენ, ვინაიდან, სწორედ მოქალაქეებმა მეტი აქტიურობით უნდა დავიცვათ ჩვენი საერთო სახელმწიფოც და ადამიანის უფლებებიც, ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ ხელისუფლების ორგანოების სტრუქტურისა თუ სახელმწიფო სიმბოლიკის თაობაზე. ხმის მიცემამდე კი, მკაფიოდ უნდა გავიაზროთ, თუ რა ფუნქციები აკისრია პარლამენტს და, პირველ რიგში, პიროვნული თვისებებით გამორჩეულ პროფესიონალებს დავუჭიროთ მხარი და არა დემაგოგ „ტელეპოლიტიკოსებს”. მითუმეტეს, რომ როგორც „ნაცებსა“ და „მეოცნებეებში“, ასევე მათთან ასოცირებულ პარტიებში ბევრი „პორტირებული მოქკავშირელია“...

ფაქტია, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად გავერთიანდეთ და ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის ვიზრუნოთ, გაპოლიტიკოსებული თანამედროვე „ყვარყვარეების“ (ოსტაპ ბენდერების თუ სქვილერების) ინტერესებში, ამჯერად უკვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაში ვხედავთ პრობლემების მოგვარების („ქვეყნის გადარჩენის“) გზას, თუმცა, აღარავის ახსოვს, თუ რა გზით მოხვდა მოქმედ პარლამენტში, მაგ., შემოსავლების დეკლარაციის თანახმად, ყველაზე „მსხვილი კაპიტალისტი“ შოთა შალელაშვილი... 

თუ მოქალაქეების „ურყევი ნება”, მართლაც სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებაა, ერთი, მაგრამ არჩევნების ბედის რეალურად გადამწყვეტი, ხმის მქონე თითოეულმა მოქალაქემ საკანონმდებლო ხელისუფლებაში წარმომადგენლობის მსურველს, პირველ რიგში, ღირსეული ქცევა, ტრადიციებისადმი ერთგულება და კანონისადმი პატივისცემით მოპყრობა უნდა მოსთხოვოს, ხოლო, თუ ბუტაფორულ-ფასადური დემოკრატიისა და პლუტოკრატიული „ბანანის რესპუბლიკის” სტატუსს დავჯერდებით, უმჯობესი იქნება, არჩევით თანამდებობებზე გამწესება ეკონომიკის სამინისტროს მივანდოთ და პარლამენტის წევრები ღია აუქციონებით შევარჩიოთ. შედეგად, ბიუჯეტიც საკმაო თანხით შეივსებოდა, არც „ბუკლეტ-ბილბორდ-ბანერებში” გადავყრიდით ფულს უაზროდ და რევოლუცია-გადატრიალებებსაც ავიცილებდით თავიდან... 

დაბოლოს, ვინაიდან „რეიტინგულმა“ ტელეარხებმა, მომავალი პარლამენტის შემადგენლობა, ფაქტობრივად, უკვე გამაცნეს, სამოქალაქო ვალდებულების მოსახდელად საარჩევნო უბანში აუცილებლად გამოვცხადდები და, ალბათ, ისევ ყველას წინააღმდეგ მივცემ ხმას. მაგრამ თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტი ჩემს კითხვებზე დასაბუთებულ (გონივრულ) პასუხებს გამცემს, ხმასაც მივცემ და შემოხაზული ბიულეტენის ფოტოსაც საქვეყნოდ გამოვფენ... 

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე