ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს
რეზონანსი
(14.10.2020)


2020 წლის 26 ივნისის მთავრობის N390-ე დადგენილებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით, კონკრეტულად მერვე თავის 37-ე მუხლით განისაზღვრა წესი, თუ რომელი საგანი/საგნები უნდა ასწავლოს მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელმა. მაგალითად, მათემატიკის მასწავლებელი უფლებამოსილია იმავე ან/და სხვა საფეხურზე ასწავლოს ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი ფიზიკა! რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს შემდეგს:

ა) მათემატიკის მასწავლებელს უფლება აქვს იმავე ან სხვა საფეხურზე ასწავლოს შემდეგი საგნები: 

• ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები

• ფიზიკა - საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის საგანი( თავი VII, მუხლი 37, პუნქტი 1, "ა" ქვეპუნქტი)

ბ) ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელს უფლება აქვს იმავე ან სხვა საფეხურზე ასწავლოს:

• მათემატიკა, ან

• ფიზიკა - საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის საგანი (თავი VII, მუხლი 37, პუნქტი 1, "ბ" ქვეპუნქტი)

გ) ფიზიკის მასწავლებელს უფლება აქვს იმავე ან სხვა საფეხურზე ასწავლოს

• მათემატიკა

• ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგანი/საგნები (თავი VII, მუხლი 37, პუნქტი 1, "გ" ქვეპუნქტი)

ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გავრცელდა მავნე პრაქტიკა, რომელშიც შეგვიძლია გამოვყოთ სამი მიმართულება:

1) მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ერთ-ერთი საფეხურის საგნის გამოცდა, უფლება აქვს ასწავლოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სამივე საფეხურზე და ამავე დროს მასწავლებლის სერტიფიცირება ვრცელდება საგნობრივ ჯგუფებში შემავალ საგნებზეც. შეიძლება თუ არა ეს? პასუხი ცალსახაა, არ შეიძლება, რადგან არაკანონიერია.

- მაგალითად, დავუშვათ მათემატიკის მასწავლებელს ჩაბარებული აქვს დაწყებითი საფეხურის 1-4 კლასის მათემატიკის საგნობრივი პროგრამა, იგი სერტიფიცირებულ მასწავლებლად ითვლება საბაზო და საშუალო საფეხურებზეც და მას უფლება აქვს ასწავლოს 7-9, 10-12 კლასებში. სქემის ცვლილებებით მათემატიკის მასწავლებელს უფლება აქვს ასწავლოს ფიზიკა და ტექნოლოგიები, ამავე დროს იგი აღნიშნულ საგნებში ჩაითვლება სერტიფიცირებულად ყველა საფეხურზე.

- იგივე შეიძლება ვთქვათ ფიზიკის სერტიფიცირებულ მასწავლებელზე, რომელსაც უფლება აქვს ასწავლოს მათემატიკა და ტექნოლოგიები და რომელიც, ამავე დროს, ჩაითვლება მოცემულ საგნებში სერტიფიცირებულად.

- ტექნოლოგიების სერტიფიცირებულ მასწავლებელს უფლება აქვს ასწავლოს მათემატიკა და ფიზიკა, დასახელებულ საგნებში იგი ჩაითვლება სერტიფიცირებულად.

2) როდესაც ერთი რომელიმე კონკრეტული საგნის მასწავლებელი ასწავლის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნებიდან ერთ ან ყველა საგანს. მაგალითად, ქიმიის მასწავლებელი ასწავლის საბუნებისმეტყველო ჯგუფში შემავალ ერთ საგანს ბიოლოგიას ან მეორე საგანსაც-ფიზიკა.

3) როდესაც საგნის მასწავლებელი ასწავლის არა მარტო თავის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგანს/საგნებს, არამედ სხვა საგნობრივი ჯგუფის საგანს/საგნებს. ჩვენ მოვიყვანთ მავნე პრაქტიკის გავრცელებულ მაგალითებს:

- ქიმიის მასწავლებელი ასწავლის არა მარტო ბიოლოგიას ან ფიზიკას, არამედ ასწავლის მათემატიკას, რომელიც სხვა საგნობრივი ჯგუფის საგანია.

- ბიოლოგიის მასწავლებელი ასწავლის ქიმიას ან ფიზიკას, ხშირ შემთხვევაში გეოგრაფიას, რომელიც სხვა საგნობრივი ჯგუფის საგანია.

- დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ თითქმის ყველა საგანს ასწავლის უცხო ენის გარდა, ხშირ შემთხვევაში აღნიშნულ საგანსაც ასწავლის, ეს გამოწვეულია მცირე კონტიგენტიან სკოლებში სასწავლო საათების სიმცირით. მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულია, რომ უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სრულ განაკვეთამდე უნდა შეევსოთ საათები, რათა მიიღონ მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი სახელფასო დანამატები.

 ზემოთმოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე, დავსვათ კითხვები: რამდენად კანონიერია სქემის VII თავის 37-ე მუხლის თანახმად, ერთი საგნის მასწავლებელმა ასწავლოს იმავე ან სხვა საგნობრივი ჯგუფის საგანი ან საგნები? ან საგნის ერთი საფეხურის სერტიფიცირებულმა მასწავლებელმა ასწავლოს სხვა საფეხურების მოსწავლეებს იგივე ან სხვა საგნები? აღნიშნულ კითხვას პასუხი რომ გავცეთ, უნდა განვიხილოთ მასწავლებლის განათლების სახეები, მასწავლებლის მომზადების პროგრამები და ამ პროგრამების აკრედიტაციის საკითხები. 

 ახლა განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილი მასწავლებლის განათლების შედეგად მინიჭებულ აკადემიურ ხარისხებს რომელი საგანმანათლებლო და მასწავლებელეთა მომზადების პროგრამებით ახორციელებენ უნივერსიტეტები?

ეს პროგრამები:

1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა (უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის, მე-2 მუხლის, პუნქტი მ1);

2) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა (საქ. კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი მე-2, მ2, 2 1) განათლების მაგისტრი, (უგკ, მუხლი 2, პუნქტი ო2);

3) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა (უგკ, მუხლი 2, პუნქტი ტ1);

4) სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო-საგანმანათლებლო პროგრამა;

5) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - ეს არის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამისგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს. ეს არის 60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.

6) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს შესაბამისი საგნების/საგნობრივი ჯგუფის მოდულს, მასწავლებლის მომზადების მოდულს, თავისუფალი კომპონენტის მოდულს, სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს და რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგებს. ეს არის 300 კრედიტიანი პროგრამა, მასწავლებელი იღებს მაგისტრის ხარისხს.

აღნიშნულ პროგრამაში ვარჩევთ ორ პროგრამას:

ა) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავარო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (300 კრედიტიანი), რომელიც ჯერჯერობით ქვეყნის არცერთ უნივერსიტეტში არ ხორციელდება.

ბ) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა (300 კრედიტიანი)

ახლა კი განვიხილოთ მასწავლებლის განათლებისათვის საჭირო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხი და ვადები:

1) მასწავლებლის მომზადების ბაკალავრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ვადა კანონმდებლობით განსაზღვრულია 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე (უგკმ, 89 12);

2) აღნიშნული პროგრამის აკრედიტაცია სამინისტრომ განახორციელა 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებამდე (უგკ, მუხლი 89, პუნქტი 61);

3) დასახელებულ პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აბიტურიენტებს იღებდნენ 2017 წლის ჩათვლით (უგკ, მუხლი 89 12, პუნქტი1)

4) არსებული საგანმანათლებლო პროგრამა არის მილევად რეჟიმში (უგკ; მუხლი 89 12);

5) მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც აკრედიტებული იყო 2012-2013 და 2014-2015 წლებში აკრედიტებულად ჩათვალეს 2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისამდე.

6) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოშვება იქნება 2022-2023 სასწავლო წელს. (უგკ, მუხლი 89 12, განათლების ხარისხის განვითარების კანონის მუხლი 32 2, პუნქტი 2 1)

კონკრეტულად ეს პროგრამებია:

1) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და

2) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ბაკალავრიატის საგანამათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილია (განათლების ხარისხის განვითარების კანონი, 32 2 მუხლი, 2 1 პუნქტი)

ჩატარებული ანალიზიდან გამომდინარე, საგნობრივი ჯგუფის სპეციალისტები ჯერ უნივერსიტეტებს არ მოუმზადებიათ, ასეთი სპეციალისტები იქნებიან 2022-2023 სასწავლო წლიდან მხოლოდ დაწყებითი საფეხურისათვის, ხოლო VII-XII კლასის მასწავლებლები არ მზადდებიან! მანამდე რატომ შემოგვაქვს საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის ცნება, თითქოს სპეციალისტები გვყავდეს?! ეს არის არა მარტო კანონმდებლობის დარღვევა, არამედ ისევ მივდივართ არაკვალიფიციურ სპეციალისტამდე, რომელიც ვითომ ასწავლის საგანს, ეს კი არის უხარისხო სწავლება და მოსწავლეზე მიყენებული ზიანი.

ამ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებით ირღვევა მოსწავლის უფლება მიიღოს კონკურენტუნარიანი, მაღალი ხარისხის განათლება და საერთოდ, განათლება!

განვიხილოთ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული რვა საგნობრივი ჯგუფი: სახელმწიფო ენა; მათემატიკა; უცხოური ენა; საზოგადოებრივი მეცნიერებები; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ტექნოლოგიები; ესთეტიკური აღზრდა; სპორტი. (ზოგადი განათლების კანონი, 5 მუხლი, ქვეპუნქტი 3)

ქვეყნის სასკოლო სივრცეში არა თუ საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებად ასაქმებენ ერთი რომელიმე კონკრეტული საგნის სპეციალისტს, არამედ სხვა საგნობრივი ჯგუფის საგანს ან საგნებსაც აძლევენ მოსწავლეებისათვის სასწავლებლად. რით ხსნის ამ პროცესს სახელმწიფო? რატომ იქცევა ასე უკანონოდ?

მოგეხსენებათ, ქვეყანაში სკოლების 50%-ზე მეტი მცირეკონტიგენტიანია. მთელ რიგ საგნებში კვირეული საათები მცირე რაოდენობითაა, ამიტომ სტატუსიანი მასწავლებლებისათვის განაკვეთამდე საათების შესავსებად იყენებენ არა ერთ საგანს, არამედ საგნობრივი ჯგუფის საგნებს. მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგნები კვირაში 2 საათია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, როცა უნდა იყოს ბევრად მეტი, კლასების მიხედვით.

(გაგრძელება იქნება)

მანანა ნიკოლაიშვილი

საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე