რეზონანსი
(05.12.2022)

მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს, სიტყვაზე ვამბობ, უადგილოდ უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე, უბრალოდ, ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოულ სიტყვაზე - , ამის შეასხებ უკრაინაში დაღუპილი ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია „ფეისბუქზე" წერს.

მისი განმარტებით, მისი შვილი ომში არავის წაუყვანია.

„მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს, სიტყვაზე ვამბობ, უადგილოდ უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე, უბრალოდ, ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოულ სიტყვაზე...

არ მინდოდა მეთქვა, ან რა სათქმელია, უბრალოდ იცოდეთ, ჩემი შვილი, როცა ომი დაიწყო თბილ მიუნხენში იყო, დილის 9:00 საათზე დამირეკა და მითხრა, რომ მიდიოდა. უბრალოდ, ვთხოვე დამლოდებოდა ვარშავაში, არ დამელოდა და იმ კიევში შევიდა, რომელსაც მთელი მსოფლიო დაცემას, მის დამცველებს კი, სიკვდილს უქადდა... იგი არავის წაუყვანია, ან რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი ...

მას მისი კაცური მოვალეობები აწუხებდა და მისი გზა ჰქონდა, რაზეც ვფიქრობ პირუთვნელად იარა...", - წერს არჩილ ხოფერია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის" წარმომადგენლებს მიჰყავთ".

„ასევე მინდა ვთქვა, ვუყურებთ რა, ბოლო დღეების განმავლობაში ატეხილ აჟიოტაჟს და ყველაზე მგრძნობიარე საკითხს, ადამიანი გარდაიცვალა ომში და ამაზე ვიღაც, ფარისეველი, მე ასე უნდა ვუწოდო, ყალბი, გამყიდველი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული დივიდენდების მიღებას, ამაზე ამორალური თუ რამე არსებობს.

მინდა ყველას შევახსენო, ეს ადამიანები, ეს ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია, შეიძლება ასე ითქვას, დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, ახლაც სამწუხაროდ, ეს ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ „ომის პარტიის" წარმომადგენლებს უკრაინაში. მათი არაერთი პროვოკაცია იქნა თავიდან არიდებული ჩვენი მთავრობის მიერ",- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

უკრაინაში რუსეთის ომს 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე