რეზონანსი
22.04.2021

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიბლიოთეკის უხუცესი თანამშრომელი, ლეგენდარული ლეილა ზამბახიძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. კეკელიძე გარდაცვლილ კოლეგას იხსენებს და მასთან ურთიერთობის მცირე ეპიზოდს ინტერნეტ სივრცეში აქვეყნებს.

„გარდაიცვალა ეროვნული ბიბლიოთეკის უხუცესი თანამშრომელი, ლეგენდარული ლეილა ზამბახიძე. 93 წლის. მე იშვიათად მინახავს მასზე თანამედროვე და ენერგიული ადამიანი. 27 წლის ვიყავი, ბიბლიოთეკაში როცა მოვედი. პირველივე დღეს მნახა და კატეგორიულად მითხრა; ლეილა დამიძახე, შენზე ახალგაზრდად ვგრძნობ თავსო. ცხადია, რომ არასდროს გამიბედავს ეს ფორმა.

სამი წლის წინ, „საუკუნის ბიბლიოთეკარის" სტატუსი რომ მივანიჭეთ, უკვე სახლში იყო და დისტანციურად მუშაობდა. ფეისბუკის ახალ ალგორითმზე და რაფაელ-ნადალზე მელაპარაკა. ბოლოს მითხრა; მეგონა გათავისუფლების ბრძანება მომიტანეო - ხუმრობით, ცხადია, თორემ მშვენივრად იცოდა - ლეილასნაირებს, სუპერ-ქალებს, სამსახურიდან მხოლოდ ღმერთი ათავისუფლებს, ისიც მაშინ, როცა თავისთან მიჰყავს.

ახლა ავუსრულებ იმ თხოვნას და ასე ვეტყვი: დროებით ლეილა! ჩვენ აქ სანამ ვართ, ვეცდებით შენსავით ახალგაზრდები ვიყოთ", - წერს კეკელიძე.

წყარო: digest.pia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×