მარიამ ვეკუა
04.07.2025

რუსები კიევს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო განგაში რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა. თავდასხმები რამდენიმე ტალღად განხორციელდა, ხოლო რუსეთის მხრიდან საერთო ჯამში 539 დრონი და 11 რაკეტა იქნა გაშვებული.

„დარტყმების მთავარი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი, კიევი იყო!" - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ „ტელეგრამზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დაშავებულთაგან 14 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ. მისი თქმით, რთული ვითარებაა ქალაქის 10 რაიონიდან ექვსში.

კლიჩკოს ინფორმაციით, დნეპროვსკის რაიონში დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელი შენობების ეზოში და საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე დაეცა.

სვიატოშინსკის რაიონში დრონის ფრაგმენტები საწყობის ტერიტორიაზე ჩავარდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ასევე ნამსხვრევები 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოშიც აღმოჩნდა, რის შედეგადაც რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

არსებული ცნობებით, თავდასხმის დროს დაზიანდა პოლონეთის საელჩოს შენობაც, თუმცა დაშავებულები არ არიან.

„კიევზე მასშტაბური თავდასხმისას ჩვენი საელჩოს საკონსულო განყოფილების შენობა დაზიანდა", - წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი სოციალურ ქსელ იქსზე.

„ახლახან ვესაუბრე ელჩ ლუკაშევიჩს, ყველა უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა. უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის რესურსები".

შეგახსენებთ, რომ პენტაგონმა 2 ივლისს დროებით შეაჩერა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალის მიწოდება. გამოცემა „პოლიტიკოს" ცნობით, მიზეზი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მარაგების საგრძნობი შემცირებაა.

უშედეგო ზარი პუტინთან

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარს პროგრესი არ მოჰყოლია. ტრამპის თქმით, კრემლმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ განაგრძობს „კონფლიქტის ძირეული მიზეზების" გადაჭრის მცდელობებს.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინთან დღევანდელი საუბრის შემდეგ, რადგან არ ვფიქრობ, რომ მას ომის დასრულება სურს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

„უბრალოდ ვამბობ - არ მგონია, რომ ის გაჩერებას აპირებს, და ეს ძალიან ცუდია".

ამავდროულად, ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის სტრატეგიული იარაღის მიწოდების შეჩერებამ კიევში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ასუსტებს უკრაინის თავდაცვისუნარიანობას, განსაკუთრებით - მასობრივი საჰაერო დარტყმების პირობებში.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთის გაძლიერებული თავდასხმები ცხადყოფს, რომ კრემლს მშვიდობის მიღწევის რეალური სურვილი არ გააჩნია.

„ყოველი ასეთი დარტყმას უნდა ახლდეს შესაბამისი სანქციები," - განაცხადა ზელენსკიმ „იქს"-ზე. უკრაინის პრეზიდენტმა თავდასხმები „განზრახ მასიურად და ცინიკურად" შეაფასა და დასძინა:

„კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ რუსეთს ომისა და ტერორის დასრულების სურვილი არ აქვს".

ამავე დროს, უკრაინის სახელმწიფო რკინიგზამ, „უკრზალიზნიცამ" ტელეგრამზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევზე განხორციელებულმა თავდასხმამ ქალაქის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის გამოც რამდენიმე სამგზავრო მატარებლის მოძრაობა გადაამისამართა და შეფერხებებიც გამოიწვია.

რუსეთი ქიმიურ იარაღს იყენებს?

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა და სამხედრო დაზვერვის უფროსმა პიტერ რისინკმა „როიტერზთან" განაცხადეს, რომ ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურებმა მოიპოვეს მტკიცებულებები რუსეთის მიერ უკრაინაში აკრძალული ქიმიური იარაღის სისტემატურად გამოყენების შესახებ.

„შეგვიძლია ოფიციალურად დავადასტუროთ, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად ზრდის ქიმიური იარაღის გამოყენებას. ეს შემაშფოთებელია, რადგან ტენდენცია გრძელდება - ქიმიური იარაღი რუსული სამხედრო სტრატეგიის ნაწილად ყალიბდება," - განაცხადა ბრეკელმანსმა და აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრება.

ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა პიტერ რისინკმაც აღნიშნა, რომ დასკვნები დამოუკიდებელი დაზვერვითი წყაროების ანალიზს ეყრდნობა:

„ჩვენ თვითონ შევისწავლეთ ეს საკითხი, საკუთარი გამოძიებების საფუძველზე", - განაცხადა რისინკმა.

მისი თქმით, მინიმუმ სამი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალება პირდაპირ კავშირშია ქიმიური იარაღის გამოყენებასთან. გარდა ამისა, უკრაინის ჯანდაცვის უწყებებს საბრძოლო მოქმედებების ზონიდან 2500-ზე მეტი ადამიანი მიმართა, რომლებსაც ქიმიური ზემოქმედების ნიშნები აღენიშნებათ

ბრეკელმანსის განცხადებით, რუსეთის ქიმიური იარაღის გამოყენების ზრდა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას.

„აუცილებელია ზეწოლის გაძლიერება - მეტი სანქციები და რუსეთისთვის ისეთი საერთაშორისო პლატფორმებიდან მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა, როგორიცაა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო", - დასძინა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×