
„იუსაიდის ერა დასრულებულია" - სააგენტო, მისი მცირერიცხოვანი თანამშრომლები, პროგრამები და ფუნქციები ახლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გადადის. იუსაიდის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ეს ჰუმანიტარული დახმარების ისტორიული მისიის დასრულებას ნიშნავს, მაშინ როცა სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ დახმარების პროგრამების გაგრძელებას თავად უზრუნველყოფს.
ექვსი ათწლეულის საქმიანობის შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) გააუქმა. მარტის მდგომარეობით, სააგენტოს სრული პროგრამის 80%-ზე მეტი გაუქმებული იყო, ხოლო სამშაბათს დანარჩენი ნაწილი ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტმა შეითვისა.
„იუსაიდის" დახურვა, რომელიც აშშ-ის მთავრობისთვის მსოფლიოში მასშტაბურ პროგრამებს ახორცილებდა, ყოფილმა პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და ჯორჯ ბუშმა გააკრიტიკეს.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის დაფინანსების შეჩერების გამო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, შესაძლოა, მთელ მსოფლიოში დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი დაიღუპოს, წერენ დასავლური გამოცემები.
სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში" გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მათ შორის შეიძლება აღმოჩნდეს 4.5 მილიონზე მეტი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი, რომლებიც ყველაზე დაუცველ ჯგუფებს წარმოადგენენ.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში „იუსაიდის" პროგრამებმა 91 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი აიცილა, რომელთაგანაც დაახლოებით მესამედი ბავშვი იყო. მათ შორის იყო აივ/შიდსის მქონე პირი, რომელთა სიკვდილიანობაც 65%-ით (25.5 მილიონი ადამიანი) შემცირდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ კვლევაში „არასწორი ვარაუდები და სტატისტიკა" იყო გამოყენებული.
კონგრესის კვლევითი სამსახურის მონაცემებით, იუსაიდში, რომელიც 1961 წელს დაარსდა, ადრე დაახლოებით 10 000 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა ორი მესამედი საზღვარგარეთ მუშაობდა.
შემცირებები ტრამპის მეორე ვადის დასაწყისში დაიწყო, როდესაც მილიარდერს და ყოფილ პრეზიდენტის მრჩეველს ილონ მასკს ფედერალური სამუშაო ძალის ოპტიმიზება დაევალა. ეს ნაბიჯი ფართოდ დაგმეს მსოფლიოს ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა.
„იუსაიდის ერა დასრულდა"
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ადრე განაცხადა, რომ დარჩენილი 1000 პროგრამა მისი დეპარტამენტის დაქვემდებარებაში იქნებოდა.
1 ივლისს გამოქვეყნებულ წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ ამიერიდან უცხოური დახმარების პროგრამები ამერიკის ეროვნული ინტერესების შესაბამისად დაფინანსდება და სახელმწიფო დეპარტამენტის საშუალებით განხორციელდება.
„კარგად ცხოვრობდენ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების აღმასრულებელი პირები, რომლებიც ხშირად ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული ხუთვარსკვლავიანი ცხოვრების წესით ტკბებოდნენ, ხოლო ისინი, ვისაც ისინი უნდა დახმარებოდნენ, კიდევ უფრო უკან წავიდნენ. მთავრობის მიერ სანქცირებული არაეფექტურობის ეპოქა ოფიციალურად დასრულდა. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ბოლოს და ბოლოს გვექნება უცხოური დაფინანსების მისია ამერიკაში, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს", - ნათქვამია მარკო რუბიოს წერილში,
რუბიოს წერილს მალევე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, გთვაზობთ ამონარიდს მისი პოსტიდან:
„საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკა არ დაუშურებია გამრუდებული უცხოური დახმარების გამოსავლენად. ახლა უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იკისრა ლიდერობა ამ გამრუდებული მიდგომის შეცვლის საქმეში. მართლაც გამაოგნებელია უცხოური დახმარების სფეროში გამოვლენილი კორუფციისა და მავნე საქმიანობის მასშტაბები.
„ბოლო დღეების მხილების შემდეგ უკვე ყველა დონორი სახელმწიფოა ეჭვმიტანილი უცხოური დახმარების არასწორად გამოყენებაში. უცხოური ფონდების გამჭვირვალობას ალტერნატივა აღარ გააჩნია. შესაბამისმა მთავრობებმა საეჭვო და პოტენციური დარღვევის ყველა შემთხვევა უნდა შეისწავლონ და მათი შედეგები გაასაჯაროონ."
მის განცხადებაში საყურადღებო დეტალი იყო, ისიც, რომ მისივე თქმით უახლოეს მომავალში შეიქმნება საკანონმდებლო ბაზა, რომელსაც გარე ჩარევების მიმართ შესაბამისი რეაგირება ექნება.
„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია - უზრუნველვყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს არასათანადო გარე ჩარევების მიმართ. უახლოეს მომავალში პარლამენტი შექმნის შესაბამის საკანონდებლო ბაზას ამ ამოცანის შესასრულებლად", - წერს შალვა პაპუაშვილი.
„იუსაიდის დახურვა ტრაგედიაა"
ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის წევრმა, ექსპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადაა, რომ იუსაიდის დახურვა ტრაგედიაა. „იუსაიდის განადგურება ფარსია და ტრაგედიაა, რადგან ეს მსოფლიოში ყელაზე მნიშვნელოვანი სამუშაოს ასრულებდა."
ტრამპის მიერ შემცირებების გამოცხადების შემდეგ ამერიკას, სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს- მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ.
ბუშმა, ტრამპის რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ყურადღება გაამახვილა შიდსისა და აივ ინფექციის პროგრამის შემცირებების გავლენაზე, რომელიც დაიწყო მისმა ადმინისტრაციამ და რომელსაც შემდგომში 25 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა მიეწერება.