
მოსკოვს ბაქოსთან ისე დაეძაბა ურთიერთობა, რომ რუსი პროპაგანდისტებისგან ომის მუქარა ისმის. ისინი მიიჩნევენ, რომ 1-ელ ივლისს აზერბაიჯანის პოლიციამ რუსი სტუდენტები და ტურისტები განსაკუთრებულად დამამცირებელი ფორმით, დემონსტრაციულად დააკავა, დასისხლიანებამდე სცემა და მედიით ეს ყველაფერი სპეციალურად აჩვენა. თუმცაღა, ოფიციალური მოსკოვი ბაქოსთან უჩვეულოდ ლოიალურ პოზიციას იკავებს. კრემლის ოფიციალურ განცხადებებში მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ ვიღაცეებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის არევით ხელის მოთბობა სურთ, თუმცა მოსკოვი ამის დაშვებას არ აპირებს.
აზებაიჯანი ქვეყანაში რუსულ გავლენებს ყველანაირად ზღუდავს. ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა რუსულენოვანი სკოლები დახუროს. რატომ წავიდა ამაზე ბაქო, რაზე მიუთითებს ეს და სადამდე შეიძება მივიდეს ურთიერთობების გამწვავება?
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აზერბაიჯანი რეგიონში ძალიან გაძლიერდა, რადგან მას მოკავშირედ თურქეთი ჰყავს. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავარი ამოცანა კი ისაა, რომ რუსეთის ხელისუფლებას „შეაგნებინოს, რომ აზერბაიჯანი თანაბარუფლებიანი სახელმწიფოა და არა ვასალი".
ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ურთიერთობების გამწვავება ალბათ რაღაც კრიტიკულ მომენტამდე მივა, თუმცა ისე არა, რომ დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირები გაწყდეს. მისივე თქმით, შეიძლება საქმე იქამდეც მივიდეს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველმა გადადგას დეესკალაციისკენ ნაბიჯი და ალიევს თავად დაურეკოს და არა პირიქით.
რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში ადგილობრივი პოლიციის სპეცრაზმმა აზერბაიჯანული წარმოშობის ათობით ადამიანი დააკავა. დაკავებისას ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
30 ივნისს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რუსული პროპაგანდისტული სააგენტო „სპუტნიკის" აზერბაიჯანული განყოფილების შვიდი თანამშრომელი დააკავა, მათ შორის რედაქტორი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელუსოვი.
ბოლო ცნობები ბაქო-მოსკოვს შორის დაძაბულ ვითარებაზე
აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა ბაქოში რუსეთის რვა მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ირანიდან ნარკოტიკების გადმოტანა-გასაღებაში, კობერდანაშაულსა და ტრეფიკინგში. იმავე დღეს სასამართლომ მათ ოთხთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
რუსული მედიის ცნობით, დაკავებილთა შორის არიან, რუსი აიტი სპეციალისტები - დიმიტრი ბეზუგლი და ანტონ დრაჩევი. ამავე წყაროებისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულებს შორის არიან რუსი ტურისტი ალექსანდრ ვაისერო, რომელსაც ბაქოში შვებულების გატარება სურდა და სერგეი სოფრონოვი, რომელიც 2022 წელს, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანში მუდმივად საცხოვრებლად გადავიდა.
„სასამართლოს სხდომაზე მათ ფიზიკური ზემოქმედების კვალი არენიშნებოდათ. ზოგიერთს სახეზე დიდი სისხლცაქცევები ჰქონდა. სულ მცირე ორ რუსს ტანსაცმელი სისხლით ჰქონდა დაფარული. კიდევ ერთ დაკავებულს კი შუბლიდან სისხლი სდიოდა. ბრალდებულები რამდენიმე წუთით დარბაზის გისოსებში გადაიყვანეს, სავარაუდოდ ეს ადგილობრივი პრესისთვის გაკეთდა", - წერს რუსული გამოცემა „ლენტა.რუ".
აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ვითარება უკიდურესად გამწვავებულია, კრემლის პროპაგანდისტი და წამყვანი ვლადიმერ სალავიოვი აზერბაიჯანს ომით და მძიმე საქციებით ემუქრება.დაახლოებით ასეთი მწვავე რეაქცია აქვთ რუს ბლოგერებსაც.
„აზერბაიჯანს, მისი ისტორიის და ტრადიციების პატივისცემის მიუხედავად, მინდა შეგახსენოთ, რომ თუ რუსეთი ერთი წამით მაინც აწევს წარბს, ჩვენ ხომ აზერბაიჯანის მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები ვართ? მინდა შეგახსენოთ, რა ოდენობით თანხა შედის აზერბაიჯანში რუსეთიდან და არა რუსეთში აზერბაიჯანიდან.
„შესაბამისად, ყველაფრიდან გამომდინარე, სიტუაცია შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. ეს უნდათ? იმის გათვალისწინებით, რომ 300 კილომეტრიანი საზღვარი გვაქვს და იმის მოსმენით, რის უფლებასაც აძლევენ საკუთარ თავს და ცენტრალურ ტელევიზიაში რასაც ლაპარაკობენ, ომი გსურთ? დარწმუნებული ვარ, არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი აზერბაიჯანში ასეთ სისულელეზე თანახმა არ იქნება", - აცხადებს სალავიოვი.
თუმცაღა, ამის მიუხედავად. რუსეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით საკმაოდ რბილი პოზიცია უჭირავს.
„საკმაოდ ბევრია ისეთი, ვისაც ამით ხელის მოთბობა სურს. უბრალოდ არ დაიწვან, რადგან ჩვენთვის, მე ვფიქრობ, რომ ორი ერისთვის მეგობრული ურთიერთობები მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანია და მათ, ვისაც მათი დანგრევა სურს, კარგად უნდა დაფიქრდნენ, თუ რას აკეთებენ", - განაცხადა რადიო „სპუტნიკის" ეთერში რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსულენოვანი სკოლები დაიხურება, ხოლო რუსულ ენას სასკოლო პროგრამიდან საერთოდ ამოიღებენ. აზერბაიჯანული გამოცემა Oxu.Az წერს, რომ ამის შესახებ შეტყობინებებს მოსწავლეების მშობლები იღებენ „ვოტსაპზე". მათივე ცნობით, ინიციატივის მიზანია, რომ აზერბაიჯანში აზერბაიჯანული ენის როლი კიდევ უფრო გაძლიერდეს.
რუსული მედიის ცნობით, 1-ლ ივლისს ეკატერინბურგში ურალის აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი. დაკავებისას ძალოვნებმა შიხლინკსის მანქანის ფანჯარა ჩაამტვრიეს, იგი ძალით გადმოათრიეს და ხელბორკილები დაადეს. დაკავების ფორმალური საფუძვლები ამ მომენტისთვის უცნობია. თუმცა, იგი დაკითხვის შემდეგ იმავე დღეს გაათავისუფლეს.
რატომ წავიდა აზერბაიჯანი გამწვავებაზე
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბაქოს ანკარა უმაგრებს ზურგს და პუტინმა იცის რასთანაც აქვს საქმე. ამიტომაც აქვს კრემლს ლოიალური პოზიცია.
„აზერბაიჯანი ძლიერია. ის რეგიონში ძალიან გაძლიერდა. მას მოკავშირედ ჰყავს თურქეთი, რომელიც ჩვენ უფრო ეფექტურად შეგვიძლია მოკავშირედ გვყავდეს, რადგან შავ ზღვაზეც ვართ, ნატო-შიც მივდივართ და ეს ყველაფერი თურქეთის ინტერესებშია, მაგრამ ამ შანსს არ ვიყენებთ. ამ დროს, აზერბაიჯანს არავითარი „დიფ სთეითების" და „გლობალური ომის პარტიის" არ ეშინია, რადგან ეს ბუნებაში არ არსებობს. „ოცნებას" იმდენად ამორალური პოლიტიკა აქვს, რომ ხალხს არარსებული საფრთხეებით აშინებს.
„აზერბაიჯანი მშვენიერი მაგალითია იმისა, რომ რუსეთს არ პატიებს არანიარ გადაცდომას, მინიმალურსაც კი. რაკი საშინელი ფორმით მოკლულ იქნა აზერბაიჯანის მოქალაქეები, ამის ახსნას კი რუსეთი არ აპირებს და მიაჩნია, რომ არაფერი საშინელება არ მომხდარა, ამიტომ აზერბაიჯანი რუსეთისგან ძალიან მკაფიოდ დისტანცირდა.
„ალიევის მთავარი ამოცანაა პუტინს შეაგნებინოს - ჩვენთან ასე თამაში არ შეიძლება; რომ აზერბაიჯანი სახელმწიფო და ანგარიშგასაწევი ძალაა და რომ ასე პატრონყმული ურთიერთობები არ გამოვა და რომ „ჩვენ ვართ პარტნიორები, თანასწორები".
„მემგონი აზერბაიჯანი ბოლომდე დიპლომატიურ და ა.შ. ურთიერთბებს არ გაწყვეტს და შეეცდება, რომ ურთიერთობები შეინარჩუნოს. მაგრამ ეს იქნება თანასწორი და არა იერარქიული და ვასალური, რაც რუსეთს, მაგალითად, საქართველოსთან აქვს. აზერბაიჯანისგან ძალიან მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ქცევაა და ქებას ნამდვილად იმსახურებს.
„რუსული სკოლა საერთოდ ბაზრის ნაწილია. თუ მშობლებს სურთ, რომ მათი შვილები რუსულ სკოლაში სწავლოდნენ და სახელმწიფო ამის საშუალებას არ მისცემს, კერძო სკოლებს თვითონ შექმნიან. ამიტომ არ მგონია რუსული სკოლების გაუქმებაზე წავიდეს საქმე, რადგან შეიძლება ამან საზოგადოებაში გამოიწვიოს უკმაყოფილება. ბოლო პერიოდის მოვლენებიდან ვნახეთ, რომ აზერბაიჯანელთა საკმაოდ დიდი ნაწილი რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს, ამიტომ მათ რუსული ენა სჭირდებათ რომ ისწავლონ.
„გარდა ამისა, აზერბაიჯანს რუსეთთან ურთიერთობები აწყობს და რაღაც კრიტიკულ მომენტში ალბათ პუტინს მოუწევს ალიევს დაურეკოს და არა პირიქით. ბოდიშს არ მოუხდის, მაგრამ შეიძლება ვითარება რაღაცნაირად შეარბილოს.
„ბაქოსთვის მიუღებელია ის ურთიერთობები, რაც აქამდე იყო და ამიერიდან პარტნიორული ურთიერთიბები იქნება. აშკარად ჩანს, რომ ბაქო თანასწორ ურთიერთობებს მიაღწევს.
„მაგრამ, ამავე დროს, ერთი მომენტიც გამოჩნდა - რომ აზერბაიჯანელებს რუსეთში ეკონომიკური ბაზრის დიდი ნაწილი უკავიათ. არ მგონია, რომ პუტინის ბრძანება ყოფილიყო, რომ სადღაც რეგიონში ადგილობრივ აზერბაიჯანელებს გასწორებოდნენ, მაგრამ ადგილებზე აშკარად ეკონომიკური კრიზისი ჩანს. ამიტომ ადგილობრივმა მაფიამ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და კრიმინალმა მოინდომა აზერბაიჯანელებისთვის ბიზნესი წაერთმიათ და ასე სასტიკი ფორმით იმიტომ გაუსწორდნენ. იმედი ჰქონდათ, რომ აზერბაიჯანი ამას გადაყლაოპავდა. ერთი - რუსეთს ეკონიმიკური კრიზისი გამოჩნდა და ადგილზე სხვებს უსწორდებიან და მეორე - აზერბაიჯანმა არ აპატია. კარგად გამოცნდა ორი ფაქტორი - რუსული კრიზისი და აზერბაიჯანელების პრინციპულობა.
„აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის კავშირები ძალიან გაძლიერდა და რომ არა ანკარა ,ბაქო ასე არ მოიქცეოდა. ამით აშკარად ჩანს, თუ რამდენად ეშინია რუსეთს თურქეთის. პუტინმა კარგად იცის რასთან აქვს საქმე, რამდენი თურქულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს რუსეთში და ამიტომ ერდოღანს ვერსადროს გაუბედავს ქედმაღლურად დაელაპარაკოს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".