
პენტაგონმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალის მიწოდება დროებით შეაჩერა. როგორც გამოცემა „პოლიტიკო" წერს, ამის მიზეზი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მარაგების საგრძნობი შემცირებაა.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება პენტაგონის პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ელბრიჯ კოლბიმ მას შემდეგ მიიღო, რაც უწყებაში საბრძოლო მასალების არსებულ რაოდენობას გადახედეს. ანონიმური წყაროების თქმით, დახმარების შეჩერების შესახებ ახალი გადაწყვეტილება ეხება ისეთ იარაღს, როგორიც არის საარტილერიო ჭურვები, საჰაერო თავდაცვის რაკეტები და ზუსტი დაიზნების სისტემები, რომელთა მარაგიც მნიშვნელოვნად კლებულობს.
ამავე წყაროების ინფორმაციით, უკრაინისთვის დახმარების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში მიიღეს, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ ახლა ამოქმედდა.
თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
„თავდაცვის დეპარტამენტმა დეტალურად შეაფასა ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები და საერთაშორისო ვალდებულებები. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სიძლიერე ეჭვქვეშ არ დგას - უბრალოდ ჰკითხეთ ირანს", - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილე ანა კელიმ.
„პოლიტიკოს" ინფორმაციით, ახალი გადაწყვეტილება ეხება „პეტრიოტის" სისტემის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, ზუსტი დამიზნების საარტილერიო ჭურვებს, „ჰელფაიერის" სერიის რაკეტებს და სხვა შეიარაღებას, რომელსაც უკრაინა აქტიურად იყენებს „ეფ-16" ავიაგამანადგურებლებისა და დრონების საშუალებით.
უკრაინული მედიის ცნობით, ამერიკული იარაღის მიწოდების შეფერხება უკვე იგრძნობა.
აღსანიშნავია, რომ გასულ შაბათ-კვირას უკრაინაზე ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში განხორციელდა. კიევის ინფორმაციით, რუსეთის მიერ გაშვებული იყო 477 დრონი და სატყუარა, ასევე 60-მდე რაკეტა.
რუსეთის თავდასხმებს წინ უსწრებდა ნატო-ს სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა:
„უკრაინელებს სურთ ჰქონდეთ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები. ჩვენ მალე განვიხილავთ, შესაძლებელია თუ არა ასეთი შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის," - აღნიშნა ტრამპმა და დაამატა, რომ ამ ტიპის იარაღის მოპოვება „ძალიან რთულია".
პენტაგონის გადაწყვეტილებამ უკრაინის მხარდამჭერი კონგრესმენების ნაწილის შეშფოთებაც გამოიწვია.
„აშშ-ში წარმოებული საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის „პეტრიოტის" პლატფორმა, უკრაინის თავდაცვის მთავარი საყრდენია. ეს იარაღი ეფექტიანად მუშაობს," - განაცხადა კონგრესის უკრაინის საკითხთა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, დემოკრატმა მარსი კაპტურმა (ოჰაიო).
მისი შეფასებით, ელბრიჯ კოლბის გადაწყვეტილებები „გააუარესებს უკრაინის თავდაცვისუნარიანობას და გარდაუვალს გახდის როგორც უკრაინელი სამხედროების, ისე მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს".
ცნობისთვის, საუბარია იმ საბრძოლო მასალაზე, რომელიც საჰაერო თავდაცვისა და ზუსტი დამრტყმელი იარაღის ნაზავს წარმოადგენს და რომელსაც უკრაინა ბოლო ორ წელზე მეტია აშშ-სგან იღებს.
აღნიშნული დახმარება ორ ეტაპად ხორციელდებოდა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. პირველ ეტაპზე თანხები ბაიდენის პრეზიდენტობის დასრულებამდე უნდა დახარჯულიყო, თუმცა მიწოდება მხოლოდ მას შემდეგ იგეგმებოდა, რაც კონკრეტული სისტემები მზად იქნებოდა.
ამავე დროს, აშშ-ის არსებულ იარაღის მარაგების შემცირება გაგრძელდა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც. „პოლიტიკოს" ინფორმაციით, ტრამპი 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსების ბოლო ნაწილს იყენებს აშშ-ის თავდაცვითი მარაგების შესავსებად და პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ისრაელის დასახმარებლად.
ამ ეტაპზე ტრამპის ადმინისტრაციას წინადადება უკრაინისთვის დამატებითი დახმარების მოთხოვნაზე არ გაუტანია. თუმცა, ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ბაიდენის დროინდელი დაფინანსებიდან დარჩენილი რესურსი უკრაინას რამდენიმე თვე ჯერ კიდევ ეყოფა.
ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც საქმის კურსშია, „პოლიტიკოს" ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ პენტაგონმა საბრძოლო მასალის მიწოდების შეზღუდვა თებერვლიდან დაიწყო. უწყებამ იარაღი კრიტიკულობის მიხედვით გადაანაწილა. წყაროს ცნობით, პენტაგონში შეშფოთებული არიან, რომ ბოლო პერიოდში იემენში ოპერაციებმა აშშ-ის საჰაერო თავდაცვის მარაგების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ამოწურა.
რა შეიცვლება უკრაინისთვის და რა რუსეთისთვის
გენერალი ვახტანგ კაპანანაძე აცხადებს, რომ უკრაინაზე ეს შეზღუდვა უკვე მოქმედებს და ამის მაგალითია ბოლო დღეებში რუსების შედარებით წარმატებული დარტყები უკრაინის ქალაქებზე. თუმცა საჭრო მარაგები უკრაინამ შესაძლოა ევროპელი მოკავშირეებისგან შეივსოს. უშალოდ ფრონტზე კი ეს ნაკლებად აისახება, რადგან საუბარია ძირითადად ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებზე.
„რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად აისახება უკრიანის საჰაერო თავდაცვაზე, ვინაიდან, ამერიკა მთლიანად არ წყვიტავს მიწოდებას, იარაღის მხოლოდ გარკვეულ კატეგორიებზეა საუბარი. ეს გადაწყვეტილება რთული იქნება უკრაინის თავდაცვისუნარიანობისთვის, თუმცა არსებობს ევროპა. შეიძლება არ არის ისეთი კლასის და შესაძლებლობების, როგორც ამერიკა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, შეძლებს, რომ საჰაერო თავდაცვამ თავის ფუნქცია შეასრულოს. ეს ერთი და მეორე - უკრაინამ მზადაა აშშ-სგან შეისყიდოს შეიარაღება. ამერიკამ მიწოდება შეწყვიტა, თუმცა არა გაყიდვა და არ ვფიქრობ, რომ ამერიკამ შეიძლება უარი თქვას ამ გაყიდვებზე.
„ასე რომ, გარდატეხებს არ ველოდები. ფრონტის ხაზზე საერთოდ არ იქნება გარდატეხა, რადგან ეს საჰაერო თვდაცვის საშუალებები მაინც დიდ ქალქებისა და სტარტეგიული ობიეტქების დასაცავად გამოიყენებოდა", - განაცხადა კაპანაძემ.
კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთის გააქტიურებას უკრაინისათვის დახმარების შეწყვეტის ფონზე, ვახტანგ კაპანაძე გვპასუხობს:
„უდავოდ უნდა ველოდოთ. რუსეთი სწორედ აქ ხედავს თავის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. ხედავს მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითა და დარტყმებით ამ მიზნის განხორციელების შესაძლებლობას, რათა გაზარდოს ზეწოლა ხელისუფლებაზე და აიძლოს წავიდეს კომპრომისზე რუსეთთან. თორემ ფრონტის ხაზზე რუსები ვერანაირად ვერ ახერხებენ წინსვლას, ისევ უდიდესი დანაკარგები აქვთ. სუმში საერთოდ შეჩერებულია რუსების შეტევა. აღმოსავლეთ მიმართულებაზე დაჯგუფება აქვთ შექმნილი, მაგრამ იქაც ვერ აღწევენ წარმატებას. ასე რომ, ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება მშვიდობიანი მოსახლეობის გატეხვაზე.
„დიდ დარტყმებსა და მათ ინტენსივობას ალბათ გაზდის რუსეთი, რადგან აშშ-ის დახმარების შეწყვეტა დაეტყობა უკრაინას. პრინციპში, ეს უკვე ეტყობოდა - ბოლო პერიოდში რუსებმა შედარებით წარმატებულად აწარმოეს საჰაერო თავდასხმები. ფრონტის ხაზსა და უკრაინელთა ბრძოლისუნარიანობაზე კი დიდ გავლენას ვერ მოახდენენ, უბრალოდ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და ნგრევა გაიზრდება."