
ევროპა ანომალიური სიცხისა და ტყის ხანძრების ეპიცენტრშია. სხვადასხვა რეგიონში საფრთხის უმაღლესი - წითელი დონეა გამოცხადებული. მძვინვარებს ტყის ხანძრებიც. არის მსხვერპლიც. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ. უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, იხურება სკოლები და იკრძალება ღია ცის ქვეშ მუშაობა.
„დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი განიცდის ექსტრემალურ სიცხესა და სიცხის ტალღებს, რომლებიც ჩვეულებრივ ივლისის შუა რიცხვებში და აგვისტოში შეინიშნება", - განაცხადა სამანტა ბურგესმა, ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურის კლიმატის სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა.
სად რა ვითარებაა
საფრანგეთი - ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, ლანდის დეპარტამენტში, ტემპერატურამ უკვე გადააჭარბა 40 გრადუს, რასაც კვირას დაახლოებით 400 ჰექტარის ფართობზე ტყის ხანძრის გაჩენა მოყვა. ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძარი კონტროლს ექვემდებარება, თუმცა მისი სრული ლოკალიზაცია ჯერ ვერ ხერხდება.
საფრთხის გამო დროებით დაიხურა 200 სკოლა.
„ბი-ბი-სის" ცნობით, საფრანგეთში 16 დეპარტამენტში, მათ შორის პარიზში, საფრთხის წითელი (უმაღლესი) დონეა გამოცხადებული. პარიზში კი, ანომალური სიცხეების გამო, მნახველებისთვის დაიკეტა ეიფელის კოშკის ზედა ნაწილი,
ესპანეთი - ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ივნისი რეკორდულად ცხელი იყო. მიმდინარე კვირაში ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურამ 46 გრადუსს მიაღწია, რაც ისტორიულად ივნისის თვეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. სევილიაში, სადაც ამ დღეებში გაეროს კლიმატური კონფერენცია იმართება, ტემპერატურის 45 გრადუსამდე ზრდას ელოდებიან.
იტალია - ჯანდაცვის სამინისტრომ 16 ქალაქში საფრთხის წითელი დონე გამოაცხადა. IlMeteo.it-ის პროგნოზით, ფლორენციაში ტემპერატურა კვირის ბოლომდე 41, ბოლონიაში 38, ხოლო პერუჯაში 37 გრადუსს მიაღწევს.
ლომბარდიაში დღის ყველაზე ცხელ საათებში ღია ცის ქვეშ სამუშაოებზე აკრძალვა იგეგმება.იტალიაში, მაღალი ტემპერატურის გამო, ორი ადამიანი დაიღუპა.
ნიდერლანდები - ნიდერლანდების სამეფო მეტეოროლოგიური ინსტიტუტის ინფორმაციით, მაღალი ტენიანობის ფონზე, ტემპერატურა კვირის ბოლომდე 35-40°C-მდე შეიძლება გაიზარდოს. ამსტერდამში უსახლკაროთა თავშესაფრების საათები კი დროებით გახანგრძლივდა.
გერმანია - ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში ტემპერატურამ 34 -ს მიაღწია. ხელისუფლებამ მოსახლეობას წყლის ეკონომიურად მოხმარებისკენ მოუწოდებს. მდინარე რაინში წყლის დონის დაცემამ ნავიგაცია გაართულა და ტვირთების გადაზიდვის ხარჯები გაზარდა. სიცხის გამო, გერმანიასა და საფრანგეთში ელექტროენერგიის ფასიც გაიზარდა, რაც გაგრილების სისტემების მოხმარების მატებას უკავშირდება.
იზმირი ცეცხლის ალში
თურქეთში ხანძარი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, იზმირის პროვინციაში გავრცელდა. ძლიერი ქარის გამო ვითარება კიდევ უფრო გართულდა. სატყეო მეურნეობის მინისტრის, იბრაჰიმ იუმაკლის განცხადებით, მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე დღეა გრძელდება და ოთხი სოფლისა და ორი რაიონის მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენები, სახანძრო თვითმფრინავები, სხვა სატრანსპორტო საშუალებები და ათასზე მეტი ადამიანი ცდილობს.
გარდა ამისა, დასავლეთ თურქეთში ხანძრების გამო 50 000 ადამიანი ევაკუირებულია.
ექსპერტები ამბობენ, რომ ბოლო წლებში თურქეთის სანაპირო რეგიონი განსაკუთრებით მძიმედ ზარალდება ტყის ხანძრებისა და ზაფხულის გვალვების გამო, რაც, მათი შეფასებით, კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი შედეგია.
მაღალი ტემპერატურის გავლენა
ექსტრემალური სიცხე განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ხანდაზმულებს, ჩვილებს, ღია ცის ქვეშ მომუშავეებსა და ეკონომიკურად დაუცველ პირებს. სადაზღვევო კომპანია Swiss Re-ს ცნობით, მსოფლიოში ყოველწლიურად 480 000-მდე ადამიანი იღუპება სიცხისგან, რაც აღემატება წყალდიდობების, მიწისძვრებისა და ქარიშხლების შედეგად დაღუპულთა რაოდენობას.
ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურის მონაცემებით, მაისში გლობალური ზედაპირის ტემპერატურა საშუალოდ 1.4 გრადუსით მაღალი იყო ინდუსტრიამდელ პერიოდთან შედარებით, როდესაც წიაღისეული საწვავის ფართომასშტაბიანი წვა დაიწყო, მეცნიერები ხაზგამსით ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილების მთავარი მიზეზი წიაღისეული საწვავის წვისგან გამოწვეული სათბურის გაზების გამოყოფაა.