მარიამ ვეკუა
30.06.2025

სომხეთის სამოციქულო ეკლესია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად განიხილებოდა, ახლა პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრშია - მოსკოვი ერევანს ეკლესიის წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტას სთხოვს, ერევანი კი რუსეთს შიდა საქმეებში ჩაურევლობას ურჩევს; ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლი ეკლესიის თემას საკუთარი რეგიონული გავლენის გასაძლიერებლად იყენებს.

არეგ კოჩინიანი, სომეხი პოლიტოლოგი, აღნიშნავს, რომ ეკლესიაზე თავადასხმა შიდა პოლიტიკური საკითხია, სომხეთის სამოციქულო ეკლესია მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი აღარ არის, იგი გახდა რუსეთისთვის გავლენის სტრატეგიული წერტილი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ერევანი დასავლეთისკენ იხრება.

„ეკლესიაზე ზეწოლა შიდა პოლიტიკური საკითხია, მაგრამ რუსეთის ღია კომენტარი მიუთითებს, რომ მოსკოვი ამ ინსტიტუტს განიხილავს, როგორც გავლენის ბერკეტს რეგიონში."

ანალიტიკოსი ჰაკობ ბადალიანი კი ამბობს, რომ რუსეთი სომხეთში გავლენის სფეროების გაძლიერებას ცდილობს:

„რუსეთი ცდილობს ეკლესიის თემის მეშვეობით დააბრუნოს კონტროლი სომხურ პოლიტიკაზე. ლავროვის განცხადება პირდაპირ ამბობს: თუ ეკლესიის ავტორიტეტი შეირყა, რუსეთის გავლენაც შესუსტდება."

ალექსანდრ ისკანდარიანი - კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი კი საუბრობს იმაზე, რომ კრემლი ეკლესიის გარშემო მიმდინარე მოვლენებს განიხილავს, როგორც სომხეთში საკუთარი პოლიტიკური როლის შესანარჩუნებელ საშუალებას. მისი თქმით, მოსკოვი ეკლესიის ავტორიტეტის დაცვას საკუთარი უსაფრთხოების ზონად აღიქვამს.

„რუსეთი სომხეთში გავლენის შესუსტებას აცნობიერებს და ამიტომ ცდილობს ნებისმიერი ინსტიტუციური ბერკეტის - მათ შორის ეკლესიის - დაცვას და პოლიტიზებას, პროცესები სომხეთში მკაფიო რუსული ინტერესების კონფრონტაციაა. მოსკოვი მკაცრ პოზიციას იკავებს და სომხეთს სიგნალს აძლევს, რომ ნებისმიერი ზეწოლა ეკლესიაზე გადაჭარბებული მკაცრი რეაქციით დასრულდება.

რას ამბობს კრემლი, რას ერევანი

30 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე გამოსვლისას, ლავროვმა ხაზგამით თქვა, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია სომხეთის შიდა საქმეა, კანონიკურ სომხურ ეკლესიაზე თავდასხმები შემაშფოთებელიაო. ამაზე ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„ჩვენ გვსურს კონფლიქტის სწრაფად მოგვარება და კანონიკური სომხური ეკლესია არ დაექვემდებაროს თავდასხმებს", - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ რუსეთი სომხეთში სიტუაციის სწრაფი სტაბილიზაციითაა დაინტერესებული.

„ეს ჩვენი მეზობლების საშინაო საქმეა, მაგრამ, რა თქმა უნდა, კანონიკური ათასწლიანი სომხური სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ თავდასხმა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ეკლესია ყოველთვის იყო სომხური საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და ჩვენ არ გვსურს, რომ ეს ეკლესია გაუმართლებელი თავდასხმების ობიექტი გახდეს ყოველგვარი სერიოზული საფუძვლის გარეშე", - აღნიშნა ლავროვმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა კი საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მოუწოდა, არ ჩაერიოს სომხეთის შიდა საქმეებში. მირზოიანმა ეს განცხადება ორშაბათს ერევანში ევროკავშირის კომისიის ვიცე-პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„პრესკონფერენციამდე მოვახერხე ჩემი ძვირფასი კოლეგის, ლავროვის კომენტარების გაცნობა. ბატონი ლავროვის ინფორმაცია არასრული და არასწორია. თუ არ ვცდები, მან გამოიყენა გამოთქმა „ხელისუფლება ებრძვის ეკლესიას". ლავროვის ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება; სომხეთში ეკლესიის წინააღმდეგ არანაირი ბრძოლა არ მიმდინარეობს."- განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მირზოიანმა დასძინა, რომ სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, საქმე ეხება უკანონო გადატრიალების მომზადებაში ან განხორციელებაში მონაწილეობას.

„ეს არის სამართლებრივი პროცესი და სომხეთის რესპუბლიკის შიდა საქმე. უკეთესი იქნებოდა, ლავროვი არ ჩაერიოს სომხეთის რესპუბლიკის შიდა საქმეებში", - ურჩია მირზოიანმა და მსგავსი მოწოდებით მიმართა რუს პარლამენტარებს და მედიასაც. მირზოიანის აზრით, ისინი დიდი პატივისცემით უნდა მოეკიდონ სომხეთის სუვერენიტეტს და აღარასდროს ჩაერიონ ქვეყნის საქმეებში.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში მიმდინარე კრიზისი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ეკლესიას შორის არსებულ უთანხმოებას უკავშირდება, რომელიც სომხურ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი კულტურული და პოლიტიკური გავლენის მქონე ძლიერ ინსტიტუტს წარმოადგენს. კონფლიქტი სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის ტერიტორიული დათმობების შემდეგ გამწვავდა, კერძოდ, 2024 წლის მაისში ოთხი სასაზღვრო სოფლის დაბრუნების შემდეგ, რამაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომლებსაც სომხური სამოციქულო ეკლესია და მისი უმაღლესი სასულიერო პირები, მათ შორის ოპოზიციური მოძრაობის „წმინდა ბრძოლის" ხელმძღვანელი, მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობდნენ. ეს საპროტესტო აქციები ფაშინიანის გადადგომის უფრო ფართო მოთხოვნებში გადაიზარდა, სადაც მისი მთავრობა ეროვნული ინტერესების ღალატში დაადანაშაულეს.

სომხეთის მთავრობის რეაქცია მკაცრი იყო. ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა რეიდები და დაპატიმრებების სერიები ჩაატარა, რომელთა სამიზნეც ცნობილი სასულიერო პირები და ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ, განსაკუთრებით მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულების ბრალდებით. გარდა ამისა, მთავრობამ 90-ზე მეტი ჩხრეკაც ჩაატარა, რის შედეგადაც დააკავეს სულ მცირე 14 პირი, მათ შორის ოპოზიციის აქტივისტები.

ფაშინიანმა სომხეთის სამოციქულო ეკლესია კორუფციასა და მორალურ დარღვევებში საჯაროდ დაადანაშაულა, კერძოდ, ეკლესიის ლიდერი, კათოლიკოსი გარეგინ II, ბრალი დუქორწინებლობის აღთქმის დარღვევაში დასდო და მისი გადადგომა მოითხოვა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×