თამთა ჩაჩანიძე
30.06.2025

აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის ბირთვული ობიქტების დაბომბვის შედეგები გაეროს ატომური უწყების ინსპექტორებისთვის კვლავ გამოცანად რჩება - გამდიდრებული ურანის მარაგი, რომლის ნაწილიც თითქმის მზად იყო იარაღის წარმოებისთვის იმ მიწისქვეშა ობიექტებში ინახებოდა, რომლებზეც იერიში მიიტანეს თუ მანამდე მისი გადამალვა მოასწრეს. ეჭვს, რომ ირანი პროგრამაზე ისევ მუშაობს ისიც ამძაფრებს, რომ ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელსა და კამერებს თავის ბირთვულ ობიექტებზე ამიერიდან აღარ დაუშვებს.

ირანის სამ მთავარ ბირთვულ ობიექტზე - ნათანზში, ისპაჰანსა და ფორდოუში თავდასხმების შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ობიექტები მთლიანად განადგურებულია, თუმცა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო, რომელიც ამ დრომდე თეირანის ბირთვულ პროგრამას აკონტროლებს, აცხადებს, რომ ზუსტად არაა ცნობილი, რა ზიანი მიადგა ფორდოუს, რომელიც საკმაოდ მიუწვდომელ ადგილზე, მთის სიღრმეშია ჩაშენებული მიწისქვეშ, სადაც ირანი ურანის დიდ ნაწილს აწარმოებდა. სააგენტოს არ აქვს ზუსტი მონაცემები თუ რა ბედი ეწია იმ დაახლოებით 400 კგ 60%-მდე გამდიდრებულ ურანს, რომელიც ობიექტებზე დარტყმამდე ჰქონდა.

„როიტერზის" ინფორმაციით, ინტერვიუს სახით გამოკითხა ათობით დასავლელი ყოფილი და მოქმედი ოფიციალური პირი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე, ისინი დარწმუნებულები არ არიან დანამდვილებით გაიტანა თუ არა ირანმა გამდიდრებული ურანი. ერთ-ერთი წყარო "როიტერზს" ეუბნება, რომ ამ მასალის ძიება ახლა დასავლეთსა და ირანს შორის კატა-თაგვობანას თამაშად გადაიქცევა.

„როიტერზი" დასძენს, რომ 60%-მდე გამდიდრებული 400 კგ ურანი საკმარისი იქნება 9 ატომური ბომბის შესაქმნელად.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსმა განაცხადა, რომ ირანმა მას 13 ივნისს, ისრაელის პირველი თავდასხმების დღეს, აცნობა, რომ ის ზომებს იღებდა თავისი ბირთვული აღჭურვილობისა და მასალების დასაცავად, დოკუმენტში კი არ იყო დაკონკრეტებული, რა ზომებს იღებდა, რაც ტოვებს იმის ეჭვის საფუძველს, რომ ეს ურანი შესაძლოა გადაიტანეს.

ზოგიერთი დასავლელი ქსპერტი იმასაც აცხადებდა, რომ იერიშამდე ფორდოუს გარეთ თანამგზავრულ სურათებზე აღბეჭდილი ავტომობილების რიგი, მათ შორის სატვირთო, იმაზე მიუთითებს, რომ ფორდოუს ქარხანაში გამდიდრებული ურანი სხვაგან გადაიტანეს, თუმცა გასულ კვირას აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა რაიმე სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებდა, რომ ირანმა ეს მასა სადმე გადაიტანა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, კრის კუნსმა, გასულ კვირას განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის დასკვნითი შეფასების გაკეთება, თუ რა ზიანი მიაყენა ამერიკულმა საჰაერო დარტყმებმა ირანის ბირთვული გამდიდრების პროგრამას.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ირანს არ ესაუბრება და არაფერს სთავაზობს, რადგან შეერთებულმა შტატებმა ქვეყნის ბირთვული ობიექტები მთლიანად გაანადგურა.

„უთხარით ცრუ დემოკრატ სენატორ კრის კუნსს, რომ მე ირანს არაფერს ვთავაზობ, ობამასგან განსხვავებით, რომელმაც მათ მილიარდები გადაუხადა და არც კი ვესაუბრები მათ, რადგან ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ მათი ბირთვული ობიექტები", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

თავის მხრივ, გაეროში ირანის ელჩი, ამირ-საეიდ ირავანი აცხადებს, რომ ირანი ბირთვულ გამდიდრებას არასდროს შეაჩერებს, რადგან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებით, ის მშვიდობიანი მიზნებისთვის დაშვებულია.

„გამდიდრება ჩვენი უფლებაა, განუყოფელი უფლება და გვსურს ამ უფლების განხორციელება", - განაცხადა ირავანმა.

მისი მტკიცებით, თეირანი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული უპირობო დანებება მოლაპარაკება არ არის.

„მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ უპირობო დანებება არ არის მოლაპარაკება. ეს არის პოლიტიკის კარნახი ჩვენთვის", - აღნიშნა ირანელმა დიპლომატმა.

მასთან, მისი თქმით, არ არსებობს მისი მთავრობის მხრიდან რაიმე სახის საფრთხე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის, ან სააგენტოს ინსპექტორების მიმართ, რომლებსაც ზოგიერთი ირანელი ჩინოვნიკი ისრაელისთვის მისი თავდასხმების გამართლებაში დახმარების აღმოჩენაში ადანაშაულებს.

„არანაირი საფრთხე არ არსებობს. ინსპექტორები ირანში იმყოფებიან, ისინი უსაფრთხო პირობებში არიან, მაგრამ მათი საქმიანობა შეჩერებულია. მათ არ აქვთ ჩვენს ობიექტზე წვდომის უფლება. ჩვენი შეფასებით, მათ თავიანთი სამუშაო არ შეასრულეს", - აღნიშნა ირანელმა დიპლომატმა.

თავად ირანი არ გამორიცხავს, რომ ამ ეჭვების გამო კვლავ დაარტყას ამერიკამ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაჯიდ ტახტ-რავანჩი ბიბისისთან აცხადებს, რომ აშშ-მა ირანზე შემდგომი დარტყმები უნდა გამორიცხოს, თუ მას დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლება სურს. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შუამავლების მეშვეობით ირანს განუცხადა, რომ სურს მოლაპარაკებებში დაბრუნება, მაგრამ არ გამოუხატავს თავისი პოზიცია შემდგომი თავდასხმების ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.

„ამჟამად ჩვენ ვეძებთ პასუხს ამ კითხვაზე: ვიხილავთ თუ არა აგრესიის აქტის გამეორებას დიალოგის დროს? აშშ-მა საკმაოდ ნათლად უნდა განმარტოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და რას გვთავაზობენ იმისთვის, რომ ასეთი დიალოგისთვის საჭირო ნდობა შეიქმნას", - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ირანმა, ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში, თავისი ბირთვული პროგრამის გადახედვა განიხილოს სანქციების შემსუბუქებისა და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების სანაცვლოდ, ტახტ-რავანჩიმ უპასუხა: „რატომ უნდა დავეთანხმოთ ასეთ წინადადებას?"

მისი მტკიცებით, ირანის პროგრამა, მათ შორის ურანის 60%-მდე გამდიდრება, „მშვიდობიანი მიზნებისთვისაა".

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის თქმით კი, ირანი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში შეძლებს გამდიდრებული ურანის წარმოების დაწყებას იმ ზიანის მიუხდავად, რაც ქვეყნის ბირთვულ ობიექტებს აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად მიადგა.

„მათ შეუძლიათ, ვიტყოდი, რომ რამდენიმე თვეში, ან უფრო ნაკლებ დროში, ცენტრიფუგის რამდენიმე კასკადის ამოქმედება და გამდიდრებულ ურანის მიღება," - განაცხადა გროსმა სიბიესთან ინტერვიუში.

კითხვაზე, აქვს თუ არა სააგენტოს ინფორმაცია, გადაიტანა თუ არა, ან სად ირანმა დაახლოებით 400 კილოგრამი მაღალგამდიდრებული ურანი, რომელიც მას თავდასხმებამდე ჰქონდა, რაფაელ გროსიმ უპასუხა:

„არ ვიცით, სად შეიძლება იყოს ეს მასალა. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი თავდასხმის დროს განადგურებულიყო, მაგრამ ზოგიერთი - გადაეტანათ"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×