თამთა ჩაჩანიძე
29.06.2025

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ახალი დიდი სკანდალი ღვივდება. საქმე ეხება ქალაქ ეკატერინბურგში რუსეთის სამართალდამცავების მიერ მოწყობილ რეიდს, რასაც 50-მდე აზერბაიჯანელის დაკავება და ორი მათგანის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება მოყვა. რუსული მედია სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გარდაცვალების მიზეზი დაპატიმრების დროს მიღებული სტრესი გახდა. დაღუპულთა ახლობლები კი აზერბაიჯანულ მედიასთან ამბობენ, რომ ისინი რუს ძალოვნებს ცემისა და წამების დროს შემოაკვდათ.

ეკატერინბურგში სისხლიანი რეიდი 27 ივნისს ჩატარდა. რუსული მხარის ცნობით, საქმე ეხება 24 წლის წინ - 2001 წელს მომხდარ იუნის ფაშაევის მკვლელობას, რომელშიც მათი ინფორმაციით, ადგილობრივი აზერბაიჯანული დიასპორა იყო ჩართული. რუსული მედიის ცნობით, ამ საქმის მთავარი ეჭვმიტანილები - ძმები ზიადინ და ჰუსეინ საფაროვები რეიდს ემსხვერპლნენ, 50 მდე პირი კი დაკავებულია.

თავად ეკატერინბურგში მცხოვრები საფაროვების ოჯახის წარმომადგენლები რუსი ძალოვნების მხრიდან მათი წამებისა და საკუთრების დარბევის ფაქტებზე საუბრობენ.

ბაქოს ნოტა და მოსკოვის პასუხი

მომხდარის გამო აზერბაიჯანში რუსეთის ელჩი პიოტრ ვოლოკოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მკაცრი საპროტესტო ნოტა გადასცეს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული მხარისგან მოელის „საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას, რომ ამ მიუღებელი ძალადობრივი აქტის დამნაშავე პირები რაც შეიძლება მალე წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე".

„გამოვთქვამთ მკაცრ პროტესტს 2025 წლის 27 ივნისს რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩვენი თანამემამულეების საცხოვრებელ ბინებში ჩატარებულ რეიდენთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ორი აზერბაიჯანელი სასტიკად მოკლეს, ცხრა ადამიანი დააკავეს, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ელჩმა ვოლოკოვმა „აზერბაიჯანულ მხარეს შესაბამისი განმარტებები გადასცა და დაარწმუნა, რომ სიტუაცია სამართალდამცავი ორგანოების კონტროლქვეშაა". ზახაროვამ დაადასტურა, რომ „ეკატერინბურგში დააკავეს და გაჩხრიკეს ეჭვმიტანილები და მათი საცხოვრებელი სახლები, რომლებიც წარმოშობით აზერბაიჯანელები და ამავე დროს რუსეთის მოქალაქეები არიან".

საქმის დეტალები

ეკატერინბურგში მცხოვრები იუნის ფაშაევი, რომელსაც ქალაქში მცირე ბიზნესი ჰქონდა, 2001 წელს საკუთარ სახლში გარდაცლილი იპოვეს. მას სამზარეულოს დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ეს საქმე 24 წლის განმავლობაში გაუხსნელი იყო.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონული დეპარტამენტისა და სვერდლოვსკის ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი განყოფილების პრესსამსახურებმა რუსულ „რბკ"-ს განუცხადეს, რომ ეკატერინბურგში „გასული წლების დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების დროს" რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს. პრესსამსახურმა არც გარდაცვლილთა ვინაობა დაასახელა და არც დაკავებულთა რაოდენობა.

სხვა გამოცემების ცნობით, მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილები ძმები ფაშაევები არიან, რომლებიც ბოლო 30 წელი ეკატერინგბურგში ცხოვრობდნენ.

ზოგიეთი გამოცემა კი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ „შესაძლოა პოლიციის მისვლა მათთვის ძალიან დიდი სტრესი იყო, ვინაიდანან ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე აღარ გაიხსნებოდა, რადგან მას შემდეგ 24 წელი გავიდა".

რას ყვებიან თავად საფაროვები

ეკატერინბურგში დაღუპული ზიადინ და ჰუსეინ საფაროვების ძმამ, ჟურნალისტმა სეიფედინ ჰუსეინლიმ აზერბაიჯანის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ძმები დაახლოებით 60 წელს მიტანებულები იყვნენ და რომ „ისინი ყოველგვარი სასამართლო პროცესისა და გამოძიების გარეშე, მათი უდანაშაულობის მიუხედავად, რუსმა სამართალდამცველებმა წამებით მოკლეს".

„ე.წ. რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შუაღამით სახლებში შეიჭრნენ, სცემეს და ცხოველებივით წაიყვანეს ხალხი. არა მხოლოდ ჩემი ძმები, არამედ ჩვენი სხვა ბევრი თანამემამულეც წაიყვანეს. სამწუხაროდ, საღამოს მივიღეთ ცნობები გარდაცვლილთა შესახებ. ზოგიერთ აზერბაიჯანელს, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს და ელექტროშოკით აწამეს, სამედიცინო დახმარება მხოლოდ აზერბაიჯანის მთავრობის ჩარევის შემდეგ გაუწიეს", - თქვა მან.

აზერბაიჯანული სახელწიფო სააგენტო „აპა"-ს ცნობით, მასთან ინტერვიუში წამების კიდევ ერთმა მსხვერპლმა ელგიზ საფაროვმა განაცხადა, რომ რუსმა სამართალდამცავებმა რეიდი ეკატერინბურგში საფაროვების ოჯახის საკუთრებაში არსებულ კაფეშიც ჩაატარეს. მისი თქმით, 27 ივნისს რუსმა სამართალდამცავებმა სასტიკად იძალადეს როგორც საფაროვების ოჯახის, ასევე სხვა აზერბაიჯანელების მიმართ, რომლებიც ქალაქში 30 წელზე მეტია ცხოვრობენ.

„როდესაც ჩვენს სახლში შეიჭრნენ, მე იქ არ ვიყავი. მამაჩემი დაახლოებით დილის ხუთ საათზე წაიყვანეს. შუადღის ორ საათზე კაფეში მივედი, რათა გამერკვია ყველაფერი რიგზე იყო თუ არა თანამშრომლებთან. ამ დროს ნიღბიანებს კაფეში ყველა პირქვე დააწვენილი ჰყავდათ. დაცვის თანამშრომელს თვალში ჩაარტყეს და ახლა სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ერთ-ერთ თანამშრომელს ყბა აქვს მოტეხილი. შემდეგ დაიწყეს თანამშრომლების დამცირება. გვცემეს და მოკვლით დაგვემუქრნენ", - განაცხადა ელგიზ საფაროვმა.

მისივე თქმით, რუსმა ძალოვნებმა კაფეში არსებული უსაფრთხოების კამერები გაანადგურეს და მეხსიერების ბარათების გადაცემა მოითხოვეს. თანაც, თავდამსხმელებს არანაირი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ.

„კაფე მამაჩემის, აკიფ საფაროვის საკუთრებაშია. ის ძმებ საფაროვებიდან ყველაზე უფროსია. ახლა ისიც დაკავებულია და პოლიციის განყოფილებაშია. ჩემი ინფორმაციით, ჩემი სხვა ბიძები უფრო სასტიკად სცემეს და მამაჩემის თვალწინ აწამეს.

„როდესაც მიხვდნენ, რომ კაფეს მეპატრონის შვილი ვიყავი, დაცინვა დამიწყეს. მწვადის შეწვა მაიძულეს. როდესაც მათთვის საჭმელს ვამზადებდი, ხელკეტით მცემდნენ და ჭურჭელი დაამტვრიეს. თითქმის ორსაათნახევარი იატაკზე ვიწექით, სანამ თავად ჭამდნენ და სვამდნენ, შემდეგ კი ისევ გვცემეს და წავიდნენ", - განაცხადა ელგიზ საფაროვმა.

ელგიზ საფაროვი ადასტურებს, რომ მისი ორი ბიძა მოკლეს, დანარჩენებმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს, მათ შორის რამდენიმეს ნეკნები აქვთ ჩამტვრეული.

„მე არც კი ვიცი ვინ გარდაიცვალა 24 წლის წინ, მაგრამ ახლა გამომძიებლები მოითხოვენ, რომ ჩვენმა ნათესავებმა აიღონ პასუხისმგებლობა", - ამბობს საფაროვი.

შემთხვევის კიდევ ერთი მომსწრე ვიუგარ საფაროვი ყვება, თუ როგორ შეიჭრნენ ძალოვნები გამთენიისას მის ოჯახში.

„სახლში გვეძინა. დილის ხუთ საათზე კარზე კაკუნის ხმა გაისმა. დავინახე ნიღბიანებმა როგორ შემოამტვრიეს კარი რკინის კეტით. დედაჩემს ხელი გაარტყეს და გვერდზე გადააგდეს. შემდეგ მე, ჩემს ძმას და მამაჩემს მოგვვარდნენ, სასტიკად დაგვიწყეს ცემა ხელკეტებითა და ხელჯოხებით, ელექტროშოკიც გამოიყენეს. ავეჯი დაგვიმტვრიეს და ეს ძალადობა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. შემდეგ ხელბორკილები დაგვადეს და ფრუნზეს ქუჩის 74-ე ნომერში მდებარე პოლიციის განყოფილებაში გადაგვიყვანეს", - განაცხადა, ვიუგარ საფაროვმა.

მისივე თქმით, ის და მისი ძმა მუჰამედი ერთ ოთახში იმყოფებოდნენ, მამა მაზაჰირ საფაროვი კი ცალკე ოთახში. ესმოდათ მამა როგორ ყვიროდა ტკივილისგან. ევედრებოდა, არ შეხებოდნენ, ამბობდა, რომ გული აწუხებდა და სტენტი ჰქონდა ჩადგმული, მაგრამ ისინი განაგრძობდნენ წამებას, დაცინვას, შეურაცხყოფას, ელექტროშოკს უერთებდნენ ყურებზე, თითებსა და მკერდზე.

მისი თქმით, ეს წამება და დაკავებები დღის ბოლომდე გაგრძელდა, რაღაც მომენტში კი გაიგო, რომ გარდაცვლილებიც იყვნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×