ნატალია ჯვარიძე
27.06.2025

სომხეთში ვითარება კიდევ უფრო რთულდება. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის რეზიდენციაში შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის დასაკავებლად მივიდნენ, სადაც მათ მრევლმა წინააღმდეგობა გაუწია და მთავარეპისკოპოსის დაკავების საშუალება არ მისცა.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უსაფრთხოების ძალებს ეჩმიაძინის მთავარი საკათედრო ტაძრის ტერიტორიის დატოვების ბრძანება უსაფრთხოების მიზნით და სიტუაციის შესაძლო და განზრახ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად მიეცათ.

მათივე თქმით, სამართალდამცავი ორგანო აგრძელებს მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით.

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის ესკალაციისგან და არ შეუშალონ ხელი სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი გადაწყვეტილებების აღსრულებას. მოვუწოდებთ მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანს, ნუ დაემალება სამართალდამცავ ორგანოებს და პირადად გამოცხადდეს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სამუშაო ჯგუფის წინაშე", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი ქმედებებისთვის ხელის შეშლა სამართლებრივ შეფასებას დაექვემდებარება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის შირაკის ეპარქიის წინამძღვრის წინააღმდეგ საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც მასმედიისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯაროდ მოწოდებას ეხება. ამასთან დაკავშირებით, 2025 წლის 27 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბრალდებულ აჯაფახიანის დაკავების შესახებ სასამართლოში წარდგენისთვის, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის - გამოყენების მიზნით. დადგენილების აღსრულება დაევალა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს. სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავონ სიტუაციის ესკალაციისგან და არ შეუშალონ ხელი სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი გადაწყვეტილებების აღსრულებას. მოვუწოდებთ მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანს, ნუ დაემალება სამართალდამცავ ორგანოებს და გამოცხადდეს მას მოლოდინში მყოფი ეროვნული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის წინაშე," - აღნიშნულია სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე, პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით ტერაქტების და სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 16 პირი. მათ შორის არიან ოპოზიციური მოძრაობა „წმინდა ბრძოლის" წევრები და სხვა ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლები - არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, გავლენიანი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი და ა.შ.

ასევე, პრემიერ-მინისტრი სომხეთის პატრიარქის გადადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ „თუ ნებაყოფლობით არ წავა, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო მას ქრისტიანული წესით გაიყვანს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×