ნაზი ბერიძე
24.03.2023

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი, სადაც ის ვლადიმერ პუტინს შეხვდა და ხელი მოაწერა რამდენიმე დოკუმენტს, აგზავნის „შემაშფოთებელ სიგნალს", რომ ჩინეთი მზად არის რუსეთის მხარდასაჭერად.

ექსპერტები „რეზონანსთან" ამბობენ. რომ გარკვეული დოზით ჩინეთი რუსეთს მართლაც ეხმარება, ოღონდ არა დიდი მასშტაბით, თუმცა ეს მცირე დახმარებაც კი ამერიკისთვის შემაშფოთებელია.

„სი ძინპინის ვიზიტი პუტინთან და იქ მისი მრავალდღიანი ყოფნა, ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელი გზავნილია, (რუსეთისთვის) მხარდაჭერის გზავნილი", - ლოიდ აღნიშნა ოსტინმა.

მისი თქმით, თუ ჩინეთი რუსეთს მატერიალურ დაეხმარება, ეს პოტენციურად იმოქმედებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაგრძელებაზე და გააფართოებს მის გავლენას არა მხოლოდ რეგიონის მასშტაბით, არამედ მთელ მსოფლიოში.

როგორც ექსპერტი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები ასიმეტრიულია, ჩინეთი აქ თამაშობს უფროსის როლს, რუსეთი კი მისი უმცროსი მოკავშირეა.

„აქედან გამომდინარე, ჩინეთს აქვს საკუთარი ინტერესები, რომელიც ყოველთვის თანხვედრაში არ არის რუსეთის ეროვნულ ინტერესებთან. ჩინეთი არის დაკავშირებული ეკონომიკურად დასავლეთთან, მას არ აწყობს, რუსეთის გამო მისი კომპანიები და ეკონომიკა მოექცეს დასავლური სანქციების ქვეშ. აქედან გამომდინარე, ცდილობს, რომ არც მწვადი შეწვას და არც შამფური. მაგრამ, მას ამავე დროს არ უნდა, რომ რუსეთი როგორც მოკავშირე დატოვოს იზოლაციაში. მისი განცხადების უკან იკითხება, რომ რუსეთს შეიძლება დაეხმაროს ტექნოლოგიების მიწოდების თვალსაზრისით, ელექტრონიკით, რაც შეზღუდული აქვს რუსეთს დასავლეთის მხრიდან. თუმცა სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, პირდაპირ ამაზე ალბათ არ წავა. თუმცა ის არ არის ნეიტრალური, მისი სამშვიდობო გეგმაც, რომელიც გამოაქვეყნა, ის უფრო რუსეთისკენ იხრება, ვიდრე უკრაინისკენ," - ამბობს კაკაჩია და ამატებს, რომ რუსეთისა და ჩინეთის პოლიტიკური შეხედულელები ერთმანეთთან სრულ თანხვედრაში არ არის:

„ჩანს, სინ ძინპინმა ვერ დაარწმუნა პუტინი, სამშვიდობო გეგმა რომ მიეღო. ჩინეთს აწყობს, რომ უკრაინაში კონფლიქტი მოგვარდეს ნებისმიერ ფასად, მაგრამ რუსეთს სხვა ხედვა აქვს ამასთან დაკავშირებით. რუსეთი ბევრი რაღაცით არის დამოკიდებული ჩინეთზე. თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ საერთაშორისო იზოლაციაშია, იძულებულია უფრო მჭიდრო კავშირები დაამყაროს პეკინთან. თუმცა რუსეთს არ აწყობს სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი პუნქტის შესრულება - ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან (სამაგიეროდ კიევმა ნატოში გაწევრიანებაზე უარი უნდა თქვას). ეს რუსეთისთვის მიუღებელია იმიტომ, რომ მისი მიზანი ამ შემთხვევაში იმპერიალისტურია - ან დაიმორჩილოს უკრაინა ან გამოსტაცოს მას ტერიტორია. აქედან გამომდინარე, მათი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა," -განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ დასავლეთს არ უნდა, ჩინეთი დაეხმაროს რუსეთს. მისი მიზანი რუსეთის დამარცხებაა, ჩინეთს კი რუსეთის დასუსტება და დამარცხება ხელს არ აძლევს. ისიც ამბობს, რომ შეიძლება ჩინეთი პუტინს ეხმარება, მაგრამ არა დიდი მასშტაბით.

შეგახსენებთ, რომ სინ ძინპინი 20 მარტს მოსკოვში ჩავიდა. ის პირველი ლიდერია, რომელიც ვლადიმირ პუტინს მას შემდეგ შეხვდა, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ის ომის დანაშაულში, კონკრეტულად კი უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში დაადანაშაულა. მოსკოვი ამ ბრალდებებს დასავლეთის „მტრული ნაბიჯების" ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ჰააგის მოსამართლეების წინააღმდეგ თავად ხსნის საქმეს. პეკინი მოსკოვს მხარს უბამს და აცხადებს, რომ პუტინის დაკავების ორდერი „ორმაგ სტანდარტებს" ეფუძნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×