ბაჩანა ტყემალაძე
30.01.2023

გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა.

ჯონსონი მას აფრთხილებდა, თუ რამდენად დამანგრეველი იქნებოდა ომის დაწყება რუსეთისთვის. მან პუტინთან საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა იმ სანქციებს, რომლებსაც დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში წაუყენებდა. ოკუპანტი ქვეყნის დიქტატორმა კი ყოფილ პრემიერს ასეთი პასუხი გასცა:

„პუტინი ერთ მომენტში დამემუქრა და მითხრა: „ბორის, არ მინდა ზიანი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება"", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

აღნიშნული ინფორმაცია ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია „ბიბისის" იმ დოკუმენტურ ფილმშია გადმოცემული - „პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ", რომელიც დღეს მოგვიანებით გავა ეთერში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, რამაც ევროპაში უდიდესი კრიზისი გამოიწვია. 6.4 მილიონზე მეტმა უკრაინელმა ქვეყანა დატოვა და ქვეყნის მოსახლეობის მესამედი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. შეჭრამ ასევე გამოიწვია ისეთი გლობალური პრობლემები, როგორიცაა საკვების დეფიციტი.

ბორის ჯონსონის განცხადებასთან დაკავშირებით ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ რუსეთი დიდ ბრიტანეთს არა მხოლოდ დაემუქრა, არამედ თავისი ძალების დემონსტრაცია მოახდინა. ახლა კი ანალოგიურს რუსეთი აშშ-სთან აკეთებს. ექსპერტმა ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ ბორის ჯონსონი უკრაინასაც აფრთხილებდა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

„ბორის ჯონსონს ვლადიმერ პუტინი დაემუქრა ბრიტანეთზე თავდასხმით და მან ამის დემონსტრაციაც კი მოახდინა როდესაც რუსული წყალქვეშა ნავი არქტიკის ოკეანეში შევიდა და ბირთვული ქობინები სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა.

„სრულიად შესაძლებელი იყო, რომ სცენარი ასე განვითარებულიყო, რაც თავისთავად მესამე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი გახდებოდა. ყოფილმა პრემიერმა ასევე იცოდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ.

„ბორის ჯონსონს ვერ შევედრები, მაგრამ ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე უკრაინული გადაცემის პირდაპირ ეთერში ვიყავი ჩართული, სადაც ისინი გავაფრთხილე, რომ რუსეთი 2-3 დღეში შეიჭრებოდა.

„უკრაინის მთავრობას ძალიან ბევრი სამხედრო ექსპერტი აფრთხილებდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამერიკის პოზიცია ამ შემთხვევაში მერყევი იყო. ხან აფრთხილებდნენ უკრაინას, ხან ეუბნებოდნენ რომ დიდად არაფერი მოხდებოდა, საბოლოოდ ბორის ჯონსონის აზრი არ გაითვალისწინეს.

„რა თქმა უნდა, უკრაინას რისკები რაღაც დონეზე გათვალისიწნებული ჰქონდა, მაგრამ ისინი ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი მაქსიმუმ თავის ჯარებს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიყვანდა, როგორც ეს გააკეთა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. უკრაინას რომც დაეჯერებინა ყოფილი პრემიერისთვის, კონფლიქტის არიდების შანსი მაინც ნაკლები იყო", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან"

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×