ბაჩანა ტყემალაძე
27.01.2023

ირანის დედაქალაქ თეირანში დღეს დილით, თბილისის დროით 08:30 წუთზე აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაჭრილია დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი.

ირანული მედიის ცნობით, ცეცხლი საელჩოს მიმართულებით კალაშნიკოვის ავტომატიდან 50 წლის კაცმა გახსნა, რომელიც საელჩოს ადმინისტრაციულ შენობას ავტომობილით მიუახლოვდა.

„თავდამსხმელი დაცვის პოსტზე შეიჭრა და კალაშნიკოვის ავტომატიდან გასროლით მოკლა დაცვის სამსახურის უფროსი", - აცხადებენ საელჩოს უწყებაში.

თეინარის პოლიციამ დამნაშავე უკვე დააკავა და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

დაკავებული პირი საელჩოში ორ მცირეწლოვან ბავშვთაან ერთად შევიდა და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მან დანაშაული „პირადი მოტივებით" ჩაიდინა.

ირანი, სადაც მილიონობით აზერბაიჯანი ცხოვრობს, დიდიხანია ბაქოს მის ტერიტორიაზე სეპარატისტული განწყობის გაღვივებაში ადანაშაულებს.

ირანი ასევე ეჭვბოს, რომ აზერბაიჯანი ისრაელთან სამხედრო თვალსაზრისით თნამშრომლობს და ამბობს, რომ თელ-ავივს შეუძლია აზერბაიჯანის ტერიტორია ირანის წინააღმდეგ გამოიყენოს.

მომხდართან დაკავშირებით, ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ მისი აზრით, დამნაშავეს პირადი მოტივი ამოძრავებდა, რის გამოც აზერბაიჯანის მიმართ პროტესტი უკიდურესი ფორმით გამოხატა.

„ჯერჯერობით აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ბევრი დეტალი ცნობილი არ არის, გამოძიება მიმდინარეობს. ირანსა და აზერბაიჯანს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს პირადი მოტივი ამოძრავებდა. შეიძლება მას აზერბაიჯანის მიმართ ჰქონდა გარკვეული პრობლემები, თუნდაც ოჯახიდან გამომდინარე, რის გამოც მიიყვანა თავისი ორი მცირეწლოვანი შვილი საელჩოში და პროტესტი ამ ფორმით გამოხატა. დაველოდოთ გამოძიებას, ჩემი აზრით, საქმე ინდივიდუალურ ტერორისტულ აქტთან გვაქვს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×