თეონა ვეშაგური
06.09.2022

აშშ-ის დაზვერვის სამსახურების ინფორმაციით, მოსკოვი საარტილერიო შეიარაღებას ჩრდილოეთ კორეისგან ყიდულობს. მათ შორისაა რაკეტები და ბომბები. ამის შესახებ გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი" მთავრობაში თავის წყაროებსა და დეკლასიფიცირებულ ანგარიშზე დაყრდნობით წერს. სამხედრო ესპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა რუსეთმა ჩრდილოეთ კორეელი მებრძოლები ჩართოს უკრაინის ომში.

„ოფიციალურად არ არის დადასტურებული ინფორაცია, თუმცა, თუ ეს რეალურად ხდება, ალბათ საარტილერიო სისტემასა და ზალპური ცეცხლის სისტემებს, ყუმბარებს შეისყიდის რუსეთი. საკმაოდ დიდი არსენალი გააჩნია ჩრდილოეთ კორეას. არ გამოვრიცხავ მათგან შეისყიდონ საბჭოთა ტიპის სარაკეტო სისტემებიც რომელთაც გამოიყენებენ უკრაინაში.

„მაგრამ მე მაინც მგონია, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, ახლა არ აქვს იარაღის შესყიდვის საჭიროება რუსეთს. კიდეგ გასაგებია დრონების შესყიდვა ირანისგან, რადგან მათ მართლა აქვთ დიდი პროლემა ამ მხრივ, ირანს კი გააჩნია საკმაოდ გამოცდილი საბრძოლო დრონები. ეს საკითხი კიდევ გასაგებია, მაგრამ უკრაინაში ბრძოლის გამო პრობლემების მიუხედავად, შეიარაღების კუთხით ნამდვილად არ უჭირს რუსეთს.

„თუმცა, არ არის გამორიცხული რუსეთმა გამოიყენოს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეები. მათ ცოცხალი ძალის კუთხით უფრო აქვთ პროლემა, ვიდრე შეიარაღების. შეიძლება ისინი ე.წ. მოხალისეების სახით ჩაერთონ უკრაინასთან ბრძოლაში. როგორც ვიცი, ასეთი საკითხი განიხილებოდა კიდეც.

„მე ეს უფრო მესახება რეალურად. თანაც მსგავსი პრაქტიკა ახსოვს ისტორიასაც. წითელი არმიის ერთ-ერთმა გავლენიანმა სარდალმა თავის დროზე დაიქირავა ოცდაათი ათასი ჩინელი მოხალისე და ჩართო წითელი არმიის რიგებში. ეს იყო ლენინის მთავროის დროს და მათ გასამრჯელოს უხდიდნენ ოქროთი. ასე რომ, პუტინისა და ლენინის მთავრობა დიდად არ განსხვავდეა ერთმანეთისგან", - განაცხადა მაისაიამ.

„ნიუ-იორკ თაიმსის" ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები გამოცემასთან საუბარში ადასტურებენ, რომ ეს ინფორმაცია მართებულია და რომ ჩრდილოეთ კორეისგან რუსეთი კვლავ აპირებს იარაღისა და ამუნიციის შეძენას.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჩრდილოეთ კორეისგან მილიონობით რაკეტისა და საარტილერიო ასაფეთქებელი საშუალების შეძენის პროცესშია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი უკრიანაში ბრძოლის ველზე გამოიყენოს", - ამის შესახებ გამოცემას ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა წერილობით უპასუხა.

მისივე შეფასებით, ეს შესყიდვები ადასტურებს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში მომარაგებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. ამის მიზეზი კი ნაწილობრივ ექსპორტზე დაწესებული კონტროლი და სანქციებია.

„ჩვენ ველით, რომ რუსეთი მომავალშიც ეცდება ჩრდილოეთ კორეისგან სამხედრო აღჭურვილობის შეძენას", - ამბობს გამოცემის კონფიდენციალური წყარო.

ცნობისთვის, გასულ თვეში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის მიერ აღიარებული უკრაინული რეგიონები, ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სცნო და მოსკოვთან მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების პირობა დადო. ფხენიანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ვლადიმირ პუტინიც ადასტურებს, რომ ორი ქვეყანა „მრავალმხრივი და კონსტრუქციული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას" აპირებს.

ამასთან, გასულ კვირას მოსკოვმა იარაღი მიიღო ირანისგანაც, სავარაუდოდ ირანული წარმოების დრონების პირველი პარტია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×