თეონა ვეშაგური
27.07.2021

 

ავღანეთის შემდეგ ამერიკას ჯარები ერაყიდანაც გამოჰყავს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - ალ-ქაიდასთან ბრძოლის დასრულება, ამერიკის მიერ შიდა ენერგომატარებლების ათვისება, რაც მას ნაკლებად დამოკიდებულს ხდის იმპორტირებულ ნავთობზე და ის კოლოსალური ხარჯები, რაც სამხედრო ოპერაციების წარმოებას სჭირდება, აცხადებს „რეზონანასთან" ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.

ამერიკის შეერტებული შტატების სამხედრო ძალები ერაყს წლის ბოლომდე დატოვებენ, ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ერაყის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მაისაიამ აღნიშნა, ამერიკის ახლანდელი ხელისუფლებისთვის ბევრად მნიშვნელოვან ფაქტორს შიდა რესურსების ათვისება წარმოადგენს.

„ამერიკა გადავიდა შიდა წარმოების მიმართულებაზე, ათვისებულია ნავთობისა და გაზის შიდა საბადოები. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ბაიდენისთვის არ არის პრიორიტეტი ქვეყნის გარეთ ენერგორესურსების მოძიება.

„აქ არის კიდევ ერთი საკითხიც, რომლის მიხედვითაც ამერიკას ძალიან დიდი ფინანსური რესურსის გამოყოფა სჭირდებოდა სამხედრო კონტიგენტის შესანახად ერაყსა და ავღანეთში.

„როგორც ჩანს, ბაიდენი თვლის, რომ ერაყის მთავრობისთვის გადაცემულია საკმარისი ფინანსური რესურსები, რათა ქვეყანამ დამოუკიდებლად აწარმოოს პოლიტიკური ვითარების მართვა," - განაცხადა მაისაიამ.

ანალიტიკოსმა ერაყის ტერიტორიაზე შესაძლო საომარი ვითარების გაღვივებაზეც გაამახვილა ყურადღება. ამერიკული დანაყოფების გასვლის შემდეგ დიდი ალბათობით საფრთხის წინაშე დგება იქ ბაზირებული სხვა ქვეყნების ჯარებიც.

„ერაყი არის ძალიან მულტიეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების ქვეყანა, შესაძლოა გააქტიურდნენ შიიტური დაჯგუფებები და იქ კიდევ უფრო გაძლიერდეს ირანის რესპუბლიკის გავლენა. მითუმეტეს, რომ ერაყი მთავარი გზაა სირიაში წარმოებული ჰიბრიდული ტიპის საომარი მოქმედებებისათვის.

„საომარი ვითარებების გამწვავების რისკი საკმაოდ მაღალია, რადგან გააქტიურდებიან ალ-ქაიდა, ისლამური სახალიფო და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც ჯარების გაყვანით ეგრევე ისარგებლებენ," - განაცხადა ანალიტიკოსმა.

ერაყში ამერიკელი სამხედროები კვლავ განაგრძობენ წვრთნებს და ავღანელი ჯარისკაცებისთვის მომზადებას, თუმცა, როგორც მაისაია მიიჩნევს, ეს არ მოიტანს არანაირ შედეგს.

„არავითარი გავლენა არ ექნება ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ჩატარებულ წვრთნებს, ერაყის ჯარების სულისკვეთება საკმაოდ დაბალია და ამ ქვეყანაში კორუფცია საკმაოდ განვითარებული, ამიტომ სიტუაცია არის ძალიან არასტაბილური," - ამბობს მაისაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×