თამთა ჩაჩანიძე
22.04.2021

ამერიკის პრეზიდენტის მიერ 24 აპრილს, ტრადიციულ ყოველწლიურ მიმართვაში სომხების გენოციდის აღიარებაზე გავრცელებულ ცნობებს მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაცია ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა „უოლ სტრიტ ჟურნალმა" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

წყაროს ცნობით, გამორიცხული არაა, რომ ჯო ბაიდენმა თავი შეიკავოს აღიარებისგან და სიტყვა „გენოციდი" არ გამოიყენოს, თუმცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ აშშ-ის პრეზიდენტი გამოსვლაში გენოციდს ახსენებს, ეს თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახება.

რაზედაც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამით თურქეთსა და ამერიკას შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება. ასეთ შემთხვევაში შეიძლოა თურქეთმა ამერიკიდან ელჩი გამოიწვიოს და ურთიერთობები უფრო მეტად დაიძაბოს.

„ასეთ შემთხვევაში ერდოღანი ამერიკაში თურქეთის ელჩს გამოიწვევს, ისედაც მას ამერიკაზე კბილები აქვს ალესილი, რადგან რუსი მაღალჩინოსნების მსგავსად, თურქეთის ოთხი საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირზე ამერიკამ სანქციები გამოაცხადა. ამან სერიოზული მრისხანება გამოიწვია, ერდოღანი და მისი მთავრობა აჟიტირებულია, თან ეს სამხედრო სამრეწველო კომპლექსის სამინისტროს ეხება, რითაც ამერიკამ ერდოღანს მთელი სამხედრო ტექნიკური სახის პროექტები ჩაუშალა.

„ფაქტიურად ამერიკასა და თურქეთს შორის კავკასიის რეგიონზე დაპირისპირებაა, თურქეთმა ამ რეგიონის უსაფრთხოების ფორმატზე აშშ შეგნებულად არ მიიწვია, 3+3 ფორმატის წამოყენება პირდაპირ ანტიამერიკული ნაბიჯი იყო.

„მეორე ის, რომ თურქეთმა „ბოსფორი 2" არხის მშენებლობა დაამტკიცა, ეს ამერიკელებს დიდ არაფერს არ მოუტანს და მოულოდნელი იქნება იმიტომ, რომ თუ ამერიკული გემები დავუშვათ მონტრეს 1936 წლის კონვენციის მიხედვით, შავ ზღვაში მაინც შემოდიან, აქ უკვე თურქეთის პირდაპირ ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული, მოუნდება შემოუშვებს, მოუნდება არა და შეიძლება სრულიად გადაუკეტოს, როგორც 2008 წლის აგვისტოში იყო, როცა ამერიკულ ორ ნაღმოსანს არ მისცა საშუალება, შავ ზღვაში შემოსულიყო და ბოსფორის ყურეში აყურყუტა, სანამ რუსეთმა ბოლომდე არ მიგვჯირყვნა.

„ამერიკელებს აქვთ ასეთი მიდგომა, რომ დავუშვათ თურქეთმა ყელში ამოგვიყვანა და მოდი ერთხელ ჩვენც ჭკუა ვასწავლოთ, დაურტყამენ პენალტს და შედეგები ნაკლებად აინტერესებთ, გლობალური საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგთან დაკავშირებით ასეთი ხისტები არიან.

„ბაიდენმა თუ მართლა გენოციდი აღიარა, ეს უკვე სერიოზულია, რაც შეეხება იმას თუ ამ შემთხვევაში საქართველო რა მდგომარეობაში აღმოჩნდება, ჩვენ ისედაც ამერიკა თურქეთს შორის ვართ გაჩხერილები და ეს ერდოღანს კიდევ უფრო მისცემს იმის საშუალებას, რომ თავისი ქმედებები კიდევ უფრო გაააქტიუროს და მისი გამწარებული არაპროგნოზირებადი ნაბიჯები ამის მერე რა ქნება არავინ არ იცის," - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×