
ოსლო ნორვეგიის დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე მსხვილი ქალაქია. მისი უწინდელი სახელია კრისტიანია 1624-1877 წლებში იწერებოდა როგორც Christiania, 1877-1924 წლებში - Kristiania. გაშენებულია ხმელეთში კარგად შეჭრილ ოსლო-ფიორდის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ბორცვიან ადგილას.
ჰავა ზომიერია, ოკეანური. ზამთარ-ზაფხულ ძირითადად ერთნაირი ტემპერატურა დგას. საშუალო წლიური ტემპერატურაა 5,3, ივლისის საშუალო ტემპერატურა 16,6-ია, იანვარში კი 5,8. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, წვიმის საშუალო წლიური რაოდენობაა 671 მმ.
1000 წლის წინ დაარსებულმა ოსლომ დედაქალაქის სტატუსი მხოლოდ 1905 წელს ნორვეგიის სამეფოს აღდგენის შემდეგ მიიღო . მისი ტერიტორიის სამი მეოთხედი - ნამდვილი „ქალაქის შემოგარენია": ტყეები, ტბები, კუნძულები - გეოგრაფიული ცენტრიც კი უზარმაზარი ტყის მასივში მდებარეობს.
ოსლო ერთადერთი დედაქალაქია მსოფლიოში, სადაც ზამთარში შეგიძლიათ თხილამურებით ისრიალოთ, ზაფხულში კი ზღვაში იბანაოთ და პლაჟზე დაისვენოთ. ამასთან, ოსლოში ათეულობით გალერეა, დაახლოებით 50 მუზეუმი და უჩვეულოდ მდიდარი კულტურული ცხოვრებაა.

ყოველი სტუმარი აქ საკუთარ ოსლოს იპოვის . ვიღაც - სამეფოს დედაქალაქს, რომელსაც ყველასათვის საყვარელი მეფე და დედოფალი მართავს, ვიღაც კი - თანამედროვე ხელოვნების ქალაქს, სადაც ყველაზე გამბედავი არქიტექტურული პროექტები ხორციელდება, როგორიცაა ოპერის თეატრის ფუტურისტული შენობა, რომელიც ოსლო-ფიორდის სანაპიროზე დამჯდარ უცხოპლანეტელთა ხომალდს ჰგავს.
Oslo Pass ტურისტული ბარათი ნამდვილი საჩუქარია, რომელიც თქვენი მოგზაურობის ბიუჯეტის ოპტიმიზაციის საშუალებას მოგცემთ . მისი მფლობელი უფასოდ სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და უფასოდ ეწვევა ქალაქის 30 საუკეთესო მუზეუმსა და სამხატვრო გალერეას, მათ შორის იბსენის მუზეუმს, ოსლოს ეროვნულ გალერეას, ვიკინგების გემების მუზეუმს, ნორვეგიის საზღვაო მუზეუმს, ნორვეგიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მუნკის მუზეუმს.
გარდა ამისა, ამ ბარათით შეგიძლიათ უფასოდ მიიღოთ მონაწილეობა ქალაქის საფეხმავლო ექსკურსიებში და ეწვიოთ Toyenbadet და Frognerbadet აუზთა კომპლექსებს.
ნორვეგიის სამზარეულო მარტივი და ლაზათიანია. მისი მთავარი ჰიტია „ლუტეფისკი" - ძალიან სპეციფიკური გემოსი და შესახედაობის მქონე ტუტე ხსნარში ჩაწყობილი გამხმარი ვირთევზა. მაგრამ ზოგიერთი მიიჩნევს, რომ კერძი საკმაოდ გემრიელია . მომდევნო პოპულარული კერძია ქაშაყი და ორაგული - შემწვარი, მარინადში ჩაწყობილი ან შებოლილი.
ადგილობრივი სპეციალიტეტია „ოსლოს ქაშაყი" - მოხარშული ქაშაყის რულეტები თეთრი ნაღების სოუსში . ნებისმიერ კარგ დაწესებულებაში არის კერძები ირმის, ცხენირმის, კაკაბის ხორციდან . ტრადიციულ დელიკატესებს მიეკუთვნება ვეშაპის ხორცის სტეიკი . საუკეთესო თევზის რესტორნები საფირმო კერძებით აკერ ბრიუგეს სანაპიროზე უნდა ეძებოთ. საშუალო ფასის კატეგორიის ბევრი კვების ობიექტი, კაფე და საკონდიტრო მაღაზია რკინიგზის სადგურის ჩრდილოეთით და საკათედრო ტაძრიდან სამეფო სასახლისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.
The best restaurant

The Salmon (Strandpromenaden 11, 0252 Oslo +47 415 48 080)
ამ უნიკალურ რესტორანში, რომელიც ოსლოს ულამაზეს სანაპირო უბანში აკერ ბრიგეშია განლაგებული, თევზის უგემრიელეს კერძებს დააგემოვნებთ და როგორც სახელწოდებაც მიანიშნებს ძირითადი აქცენტი სახელგანთქმული ნორვეგიული ორაგულისგან მომზადებულ კერძებზეა გაკეთებული. ეს არის გასტრონომიული თავგადასავალი უმაღლესი კლასის სერვისით და საუკეთესო ხედებით, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ.
The best beer Pub

RØØR (Rosenkrantz gate 4, 0159 Oslo hei@roor.no)
ლუდის მოყვარულებისთის ნამდვილ სამოთხეს ამ პაბში აღმოაჩენთ, რომელიც საუკეთესოა მთელს ოსლოში. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ 72 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი მსოფლიოს მრავალი კუთხიდან, მათ შორის საქართველოდანაც! აქ შეხვდებით როგორც მსხვილი ლუდსახარშების პროდუქციას, ასევე, პატარა ლოკალურ წარმოებას, რომლის გასინჯვის შესაძლებლობა მხოლოდ აქ გექნებათ. პაბში შეგიძლიათ ასევე სხვადასხვა სახეობის სამაგიდო თამაშებითაც გაერთოთ.