რეზონანსი
11.09.2022

12 სექტემბერს მთამსვლელსა და ფოტოხელოვანს, გურამ თიკანაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. ეს თარიღი ტრადიციულად სვანეთში, ლატალში, მისი სახელობის კომპლექსში აღინიშნება. 

გურამ თიკანაძე მხატვრული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ფოტოგრაფიით სკოლის ასაკიდან დაინტერესდა, მოგვიანებით უკვე საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებშიც მონაწილეობდა და არაერთი პრემიისა და პრიზის მფლობელიც გახდა. 1959 წელს, გურამ თიკანაძის მიერ ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალზე, ვენაში, მიღებული ვერცხლის მედალი პირველი საერთაშორისო ჯილდო გახდა ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში. 

მისი პიროვნული და შემოქმედებითი თვითდამკვიდრება ე.წ. „დათბობის“ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ახალგაზრდა ფოტოგრაფები შეგნებულად უარს ამბობდნენ ინსცენირებული ფოტოგრაფიის კანონებზე, მშრალ ფიქსაციაზე და თამამად ამკვიდრებდნენ რეპორტაჟულ ფოტოს. 

მან დიდი გავლენა მოახდინა ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაზე, შექმნა ერთგვარი კულტურულ-გენეტიკური ტრადიცია ქართულ ფოტოგრაფიაში და საზოგადოებას ხელოვნების ამ დარგისადმი ინტერესი გაუღვივა. თიკანაძემ კადრში სტატიკა დაარღვია და მას დინამიურობა, მოძრაობა შესძინა. მისი ნამუშევრები მუდმივად ქვეყნდებოდა ქართულ და უცხოურ პერიოდიკაში, იყო პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, გდრ-ის გამოცემების სპეციალური ფოტოკორესპონდენტი. მალე მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ხშირად მონაწილეობდა კონკურსებსა და გამოფენებში. მისმა ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა იტალიაში, აშშ-ში, იაპონიაში, უნგრეთსა და ბელგიაში. ჰონკონგში გურამ თიკანაძე ფოტოგრაფთა ასოციაციის საპატიო წევრად აირჩიეს. 

თიკანაძის შემოქმედება დღესაც თანამედროვე და აქტუალურია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავისი ძალზე ხანმოკლე მოღვაწეობის პერიოდი თანამედროვე ქართული ფოტოგრაფიის ათვლის ახალ წერტილად იქცა. 

2004 წელს, ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტოს“ მიერ, მას ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრიზი მიენიჭა.

უნივერსიტეტში სწავლის დროს ალპინიზმმა გაიტაცა. მთა და მწვერვალები იყო მისი სტიქია. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე 40-მდე მწვერვალი დალაშქრა, მათ შორის მეხუთე კატეგორიის მწვერვალები. 1958 წელს ოთხკაციან ჯგუფთან ერთად, ცენტრალური კავკასიონის მთავარ ქედზე, იმ დროისთვის ურთულესი ტრავესი განახორციელა, ერთ ექსპედიციაში 16 მწვერვალიდან 14-ის დალაშქვრა შეძლო და საბჭოთა კავშირის ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

1963 წლის აგვისტოს სპორტულ ჯგუფთან ერთად, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა, დალაშქრა თეთნულდი. 21 აგვისტოს ჯგუფი ავიდა შხარაზე, ხოლო 27 აგვისტოს, მთიდან დაშვებისას ტრაგიკულად დაიღუპა.

მისი სახელი ეწოდა ერთ-ერთ მწვერვალს აღმოსავლეთ მთიანეთში. 

1980 წელს მესტიის რაიონის სოფელ ლატალში ადგილობრივმა მოსახლეობამ ბორის კახიანისა და მისი თანამოაზრეების ინიციატივით, საკუთარი სახსრებითა და მონდომებით, გურამ თიკანაძის სახელობის სპორტული კომპლექსი ააგო, რომელსაც დღემდე სოფელი პატრონობს. 2020 წელს მესტიის მუნიციპალიტეტმა განაახლა სპორტული ცენტრი და მუზეუმი, სადაც ბინას დაიდებს მუდმივმოქმედი ფოტოგამოფენა. მისი ორგანიზება მოხერხდა გურამ თიკანაძის ოჯახის ძალისხმევით, ხოლო „თიბისის“ კეთილი ნებით მუზეუმს გადაეცა ფოტო კოლექცია, რომელიც 87 ნამუშევარს ითვლის. 

გამოფენა გაიხსნება 12 სექტემბერს ლატალის გურამ თიკანაძის მუზეუმში 15:00 საათზე. ტრადიციული „გურამობის“ ფარგლებში ჩატარდება საიუბილეო ღონისძიება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×