რეზონანსი
07.04.2021

 სამგზის ოქროსმედალოსანი "დიმნა" ის ახალგაზრდა მეღვინეობაა, რომელიც საერთაშორისო არენაზე პირველ ნაბიჯებს დგამს და მომავალში დიდი გეგმებიც აქვს - პირველი ევროპული წარმატება კი გასულ წელს პოლონეთში ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალზე მოიპოვა, სადაც 28 ქვეყნის 220 ღვინის ნიმუში მონაწილეობდა კონკურსში. ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები აიღეს. ოქროს მედლის მფლობელთა შორის იმერული მარანი „დიმნაა", რომლის მფლობელიც ყოფილი მორაგბე, პროფესიით ინჟინერ-მშენებელი, ნიჭიერი მეღვინე ლაშა ჩიქვინიძეა.

დამწყებ მეღვინეს მარანი „დიმნა" იმერეთში ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში მამა-პაპისეულ სახლში აქვს. ღვინოებს რამდენიმე ყურძნის ჯიშისგან აყენებს, რომელთა მოვლა ბიოორგანული ძვირადღირებული პრეპარატებით ხდება, ესენია: „ცოლიკოური", „კრახუნა", ციცქა-ცოლიკოური", „ძელშავი", „ალექსანდროული" და „ოცხანური საფერე".

ლაშა ჩიქვინიძე: თბილისში დაბადებულ და გაზრდილი ვარ, სპეციალობით მშენებელ-ინჟინერი და ყოფილი მორაგბე. ჩვენს ოჯახს გარკვეულ ფართზე გაშენებული ვენახი სულ გვქონდა, შეიძლება ითქვას ამ საქმეში ოჯახი ვართ ჩართული. ეს ბიზნესი ჩემს შვილზეა, თუმცა ძირითადად მე ვაწარმოებ, რადგან სპორტსმენია და ვერ იცლის.

მარანი მამა-პაპისეულ სახლში მაქვს, გვაქვს რამდენიმე ყურძნის ჯიში - „ცოლიკოური", „კრახუნა", ციცქა-ცოლიკოური", „ძელშავი", „ალექსანდროული" და „ოცხანური საფერე".

გამოფენებში მონაწილეობა სპონტანურად მივიღე და ეს ჰობი (ღვინის წარმოება) მინდა გავაფართოვო და შეძლებისდაგვარად წარმატებულ ბიზნესად ვაქციო. როდესაც ჩვენს ვენახში კარგი მოსავალი არაა, იქვე მეზობლები ვენახებს ჩემი ზედამხედველობის ქვეშ ბიოორგანული პრეპარატებით უვლიან და თუ დამაკლდება,იქიდან მომაქვს ხოლმე,

ვენახი ერთ ჰექტარზე მაქვს გაშენებული, ახლა მუშახელის პრობლემაა და თუ ვიშოვე, მინდა, რომ მეორე ჰექტარიც მივამატო, რაც ჩემთვის კარგი შედეგი იქნება. ასევე მინდა ვაზის საძირე წარმოება გავაკეთო, მყავს ფუტკარიც და ნორმალური მოსავალის დროს თაფლის რეალიზაციასაც ვახდენთ.

ამ ეტაპზე წელიწადში დაახლოებით 2 ათასი ბოთლის ოდენობის ღვინოს ვაწარმოებთ, ჯერ ჩემი ვენახი ისეთი მსხმოიარე არაა და ალბათ ორ წელში 10 ათას ბოთლზე ავალთ. რეალიზებას რაც შეეხბა, სადღეისოდ ჩვენი მარნიდან ღვინო რეალიზაციაში ძირითადად ჩამოსასხმელი სახით გადის. საკმაოდ ძვირადღირებული ღვინოა და ძირითადად ღვინის კაფეებს მიაქვთ.

ბიორგანული წარმოებით ჩვენ დიდ მოსავალს არ ვღებულობთ - ჩვეულებრივ ქიმიურ პრეპარატებთან შედარებით, ვენახს სამჯერ და ოთხჯერ მეტი მოვლა სჭირდება. თუ ჩვეულებრივი პრეპარატებით ვენახს მაქსიმუმ 8-ჯერ წამლავენ, მე სადღაც მინიმუმ 15 წამლობა გამომდის. ვენახს ბიოორგანული პრეპარატებით ვუვლით, 2020 წლის მოსავალი რომ დავთვალეთ, ერთი ლიტრი ღვინო ათი ლარი დამიჯდა, ღვინის ფასი კი ათიდან 15 ლარამდეა. დაფინანსებას რაც შეეხება, ოჯახს დანაზოგი გვქონდა და ამით ნელ-ნელა ტემპით მივყვებით" - თქვა ჩიქვინიძემ.

ყოფილი მორაგბეს ჰობი ნელ-ნელა ბიზნესად ექცა, მეტიც საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ კონკურსებში მისმა ღვინოებმა სამი ოქროს მედალიც აიღო, მომავალში კი „დიმნა" მონაწილეობის მიღებას ბერლინისა და ლონდონის ფესტივალებში აპირებს, რაც ღვინის წარმოებაში კომპანიებს გარკვეულ პრივილეგიას ანიჭებს.

„2015 წელს ბათუმში მეუფე დიმიტრის პატრონაჟით ჩატარებულ ფესტივალ „აღდგომიდან ამაღლებამდე"პირველი ოქროს მედალი ავიღეთ, აქ ღვინო 2014 წლის მოსავლით იყო დაყენებული, 2016 წლისდეკემბერში ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა, აქაც ოქროს მედალი ავიღეთ, მესამე ოქროს მედალი კი 2020 წელს პოლონეთში ვარდისფერი ღვინის ფესტივალში მივიღეთ, ნიმუშის გაგზავნაში და ორგანიზებაში ღვინის ეროვნული სააგენტო დაგვეხმარა.

„ამ ფესტივალზე ოქროს მედლები საქართველოდან ორმა მეღვინემ მივიღეთ - ერთი ჩვენ და ერთი ზურაბ თოფურიძემ, რომელიც ძალიან პროდუქტიული და ნაღდი მეღვინეა. ჩვენი ღვინო 2017 წლის იყო. როგორც ოქროს მედლის მფლობელი პოლონეთიდან ეტიკეტი გადმომიგზავნეს, სადაც ჩემი ღვინის დახასიათებაა და ოქროს მედალი აქვს მიკრული, იგივე ფესტივალში წელსაც ვიღებთ მონაწილეობას, სადაც უკვე, თუ გავიმარჯვებთ, ან მეორე-მესამე ადგილს ავიღებთ, პრიზის სახით ევროპული ეტიკეტების გარკვეულ რაოდენობას მივიღებთ.

"მომავალში, როცა ჩემი ვენახი 7-8-10 წლის იქნება, უკვე მინდა, რომ მონაწილეობა ბერლინისა და ლონდონის ფესტივალშიც მივიღო, ეს ორი ფესტივალი ღვინის წარმოებაში ძალიან ფასობს.

"აღსანიშნავია, რომ ბაღდათში ღვინის ფესტივალი დავაფუძნეთ, ჩატარება ორჯერ მოხერხდა და პანდემიის გამო მესამედ ჩატარდება თუ არა, ჯერ არ ვიცით - აქ თავისი ნაწარმით მთელი დასავლეთ საქართველო იყო ჩამოსული, ნებისმიერი ნაწარმი შეიძლებოდა, ღვინო, ყველი, თაფლი თუ სხვა, ამით კარგი შედეგი მივიღეთ, მეწარმეებმა ერთმანეთი გავიცანით, კონტაქტები გვაქვს, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ, ეს ქალაქის მერიის ინიციატივით მოხდა, რის გამოც მუნიციპალიტეტის მერს არჩილ გოგსაძეს და მერიის თანამშრომელს თიკო აბულაძეს მადლობა გადავუხადო, ასევე, სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგეს, დავით მშვილდაძეს" - თქვა მან.

მეღვინე თავის ახლო გეგმებზეც გვესაუბრა - მომავალში სურს, რომ საოჯახო ტიპის სასტუმრო ჰქონდეს, სადაც ტურისტს საკუთარ ნაწარმთან ერთად ძირძველ იმერულ სამზარეულოზე მასტერკლასს შესთავაზებს.

„მომავალში მსურს,რომ საოჯახო ტიპის სასტუმრო გავაკეთო, ბაღდათის რაიონი საკმაოდ სასიამოვნო რაიონია, ასევე ჩვენგან გზა აბასთუმანში გადადის, ქუთაისი 20 კილომეტრშია და შეიძლება დასავლეთში ტურისტმა 2-3 დღიანი პროგრამა გააკეთოს, ისე, რომ საკმაოდ ბევრი ლოკაცია მოიცვას.

"საოჯახო „გესტ-ჰაუსში" სტუმარს ჩვენს ღვინოს გავაცნობთ, გავაკეთებთ პატარა პრეზენტაციების, ჩავატარებთ მასტერკლასებს, ეს იქნება იმერული ხაჭაპურის გამოცხობა, თუ ჩურჩხელის ამოვლება, თუკი ტურისტს რამეს შევთავაზებთ, ეს იქნება იმერული.

"თუ მოვა სტუმარი და ჩვენს საოჯახო ტიპის სასტუმროში დარჩება, ის მიიღებს ყველა იმ სიკეთეს, რისი სურვილიც ექნება. მერე თუ საერთაშორისო დონეზე გავედით, ტურისტის მომსახურება გვექნება ტრაპიდან ტრაპამდე."- განაცხადა „დიმნას" მეპატრონემ ლაშა ჩიქვინიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×