
ანსამბლ „სუხიშვილების" ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის „Open Air"-ზე გამოსვლამ, სადაც ის 25 მაისს სპეციალურად მიწვეული იყო, აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო, რასაც მოგვიანებით, თავად ანსამბლი სპეციალური განცხადებით გაემიჯნა. სცენიდან მან მკაფიო განცხადება გააკეთა ერთ-ერთი სიმღერის შესრულების მისამართით, რომელიც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. დისკუსიამ სოციალურ ქსელებში გადმოინაცვლა, სადაც საზოგადოების ნაწილი მხარდაჭერით შეხვდა მის პოზიციას, ნაწილი კი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აღიქვამს.
ნინო სუხიშვილის ამ განცხადებამ საზოგადოებაში გაურკვევლობა და კითხვა გამოიწვია - ვის მიმართ იყო ის მიმართული და კონკრეტულად რას მიიჩნევდა მიუღებლად?
„ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, დიდება უფალს! ჩვენი დასი ემიჯნება იმ სიტყვას, რომელიც აქ გაჟღერდა, რომელიც მკრეხელური იყო ჩვენი გაგებით. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, ჩვენი დევიზი ყოველთვის იყო - ენა, მამული, სარწმუნოება...", - თქვა ნინო სუხიშვილმა.
გავრცელდა რამდენიმე ვერსია, მათ შორის ისიც, რომ სუხიშვილს შესაძლოა ჰომოფობიასთან დაკავშირებული ტექსტების მიმართ გაეკეთებინა პროტესტი, თუმცა საბოლოოდ თავად კომენტარის ავტორმა განმარტა, კონკრეტულად ვისაც გულისხმობდა.
მოკლე კომენტარში, რომელიც მოგვიანებით მედიასთან გააკეთა, ის ამბობს: „ჩემს ნათქვამში იგულისხმებოდა არჩილ გულედანის ნამღერი სიმღერის ტექსტი, და გთხოვთ მეტი შეკითხვებით ნუ შემაწუხებთ, შეუძლოდ ვარ, გავცივდი გუშინ".
როგორც გაირკვა, საუბარია პროექტ „მწვანე ოთახის" სიმღერაზე სახელწოდებით "MAMA". სიმღერის ტექსტი შეიცავს მკვეთრ ტონალობას, აღნიშნულია ისეთი თემები, როგორებიცაა „ჯვრები", „შავი ჯიპები", და ა.შ.
ნინო სუხიშვილის გამოსვლას ანსამბლ „სუხიშვილების" განცხადებაც მოჰყვა, სადაც აღნიშნულია, რომ „ნინოს ნათქვამმა სიტყვებმა სამართლიანად დაიმსახურა კრიტიკა".
„გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენთვის სამწუხარო ინციდენტს, რომელიც open air-ის მიმდინარეობისას მოხდა. აჩიკო გულედანის სიმღერის ტექსტი არასწორად გაიგო დასის რამდენიმე წევრმა, რამაც დასის მნიშვნელოვან ნაწილში გამოიწვია უკმაყოფილება და კითხვის ქვეშ დადგა დასის ფესტივალში მონაწილეობა. დასის ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა, საჭიროდ ჩათვალა რომ კრიტიკული სიტუაციის განსამუხტად ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა.
„ვწუხვართ, რომ ნინოს ნათქვამმა სიტყვებმა, რომელიც ანსამბლში ვითარების განმუხტვისკენ იყო მიმართული, სამართლიანად დაიმსახურა კრიტიკა. გვსურს დაგიდასტუროთ, რომ სუხიშვილები ყოველთვის იდგა და დგას როგორც რწმენის, ისე გამოხატვის, ხელოვნების თავისუფლების და ზოგადად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სამსახურში და გვჯერა, რომ ეს უფლებები არათუ ხელს არ უშლის, არამედ ავსებს ერთმანეთს. კიდევ ერთხელ, ვწუხვართ, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა ბევრ ჩვენს გულშემატკივარში გაუგებრობა გამოიწვია", - აღნიშნულია განცხადებაში.
2025 წლის Tbilisi Open Air 24 მაისს გაიხსნა და ტრადიციულად ლისის ტბის ტერიტორიაზე ჩატარდა. წლევანდელი ფესტივალი უცხოელი არტისტების გარეშე, სრულიად ახალი ფორმატით წარდგა მსმენელის წინაშე. ორი დღის განმავლობაში სცენა მთლიანად ქართველ მუსიკოსებს დაეთმო და განსაკუთრებული ყურადღება მუსიკალურ კოლაბორაციებზე გაკეთდა.
სპეციალურად მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ პაატა ბურჭულაძე, ნანი ბრეგვაძე, მერაბ სეფაშვილი, გიული ჩოხელი, გიორგი უშიკიშვილი და სუხიშვილების ანსამბლი.