ელზა პაპოშვილი
06.11.2024

ავლაბარში მომხდარი სასტიკი მკვლელობა - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ძმებს ედვინ ბაგაშვილს და კარლო გალოიანს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ერთ-ერთი ვერსიით, ფელიქს კაპანოვის ცემისა და გადაჭრილი თოფით მკვლელობის მოტივი, სამარშრუტო ტაქსის მძღოლების რეკეტი და ტერორი გახდა. 

ამავე ინფორმაციის თანახმად, მკვლელობას წინ ე.წ. შავ სამყაროსთან საქმის გარჩევა  უძღოდა. თუმცა დაკავებულმა ძმებმა ჩვენებაში განაცხადეს, მათი მეზობლის ფელიქს კაპანოვის საფუძველზე, რომელმაც მათ წინააღმდეგ ჩვენება  2020 წელს მისცა ერთ-ერთი ძმა დააკავეს. 

მათი მტკიცებით სწორედ ეს გახდა მეზობლებს შორის ანგარიშსწორების მიზეზი.  თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ 47 წლის ფელიქს კაპანოვი ძმებმა იმიტომ მოკლეს, რომ ის სამარშუტო ტაქსის მძღოლებს არეკეტებდა. გარდაცვლიც და მკვლელობაში ბრალდებულები კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები არიან. 

ორივე ძმა წარსულშიც არაერთხელ არის ნასამართლევი. ისინი ნარკოტიკების შენახვა გასაღების და სხვა საქმეების გამო იყვნენ მსჯავრდებულები. 

გამოძიების ინფორმაციით კი, ქურდულ სამყაროსთან კავშირში იმყოფებოდა მოკლული  ფელიქს კაპანოვი. 47 წლის კაცს ჩასაფრება ავლაბარში ძმებმა, ედვინ ბაგაშვილმა და კარლო გალოიანმა მოუწყვეს. კაპანოვს ჯერ ფიზიკურად ჯგუფურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი იარაღიდან ესროლეს. 

მოკლული, წარსულში ნასამართლევი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ყელისა და თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა  მიყენებული. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს.   

დაკავებული ძმების დედა ვერ იჯერებს, რომ მისმა შვილებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს 47 წლის მეზობელი, თუმცა, ამტკიცებს, რომ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული ფელიქს კაპანოვი მთელს უბანს ატერორებდა, აშინებდა და ფულს სძალავდა. 

„არ ვიცი რა კავშირი ჰქონდათ ჩემს შვილებს მოკლულთან, ის ციხეში იყო, როცა მე მოსკოვში ვიყავი. წადით, იკითხეთ, ვინ იყო ფელიქსს კაპანოვი, როგორ ავიწროებდა უბანს. მარშუტკებს ფულს სძალავდა, 90 ლარის გამოძალვისთვის იჯდა. უამრავი მტერი ჰყავდა, ჩემი შვილები რა შუაში არიან? დედა ვარ, თუ ჩემი ბიჭები დამნაშავეები არიან, კი ბატონო, დაისაჯონ“,-ამბობს დაკავებული ძმების დედა.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ კი სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 11 თებერვალს, თბილისში, ბრალდებულებმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ჯგუფურად, სხვადასხვა საგნების გამოყენებით სცემეს დაზარალებულს. 

აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულებმა, რომლებიც ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, დაზარალებული სომხეთის ქუჩაზე დაინახეს, რა დროსაც ერთ-ერთმა ავტომანქანის სიჩქარე შეამცირა, ხოლო მეორემ დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

პროკურატურის ინფორმაციით, მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×