
24 ოქტომბერს ფინანსურმა პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სახლში სპეცოპერაციების სერია ჩაატარა. როგორც ცნობილი ხდება, პოლიცია შევიდა ამერიკულ ორგანიზაცია Concentrix Georgia-ში, „შაბათის შოუს" მსახიობის, ონისე ცხადაძისა და მისი ძმის სახლში, ჩხრეკები ჩატარდა Atlantic Council-ის თანამშრომლების სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებშიც.
მკვლევარების სახლებში არჩევნებამდე ორი დღით ადრე დწყებულ ჩხრეკვას მესამე სექტორში „რუსული სტილის“ შურისძიებას უწოდებენ. თუმცა როგორც მმართველი გუნდის მხრიდან ხდება ცნობილი, საქმე ქოლცენტრებს და ფულსი გათეთრებას ეხება. რა შუაში არიან მკვლევარები ამ საქმესთან, ჯერჯერობით უცნობია. როგორც პრემიერმა კობახიძემ აღნიშნა, შესაძლოა მოვლენები „ძალიან საინტერესოდ“ განვითარდეს.
მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ასეთი რამ მხოლოდ ავტორიტარულ ქვეყნებში ხდება.
„ეს არის ცხადი მაგალითი, რომ საქართველო კი არ აპირებს გარუსებას, რუსეთი არის უკვე ჩვენთან, იმიტომ, რომ მსგავსი სცენები მხოლოდ ავტორიტარულ, არადემოკრატიულ ქვეყნებში ხდება და არა ევროკავშირის კანიდიდატი სტატუსის მქონე ქვეყანაში.
„ეს არის დაშინებისა და იმ კონსპირაციების განვითარების მცდელობა, რომლებსაც სუს-ი და სხვადასხვა უწყებები ახორციელებენ. თუ გადავავლებთ თვალს კგბ-ს სახელმძღვანელოებს, აი, ასე ხდებოდა იქ საქმის ფაბრიკაცია, ჟურნალისტების დაკავშირება რაღაც გაურკვეველ ქმედებებთან,“ - აცხადებს თამარ კინწურაშვილი.
ორგანიზაცია „საფარის" ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას თქმით, „ოცნება“ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებზე ანგარიშსწორებით საზოგადოებაში წინასაარჩევნოდ დაძაბულობის შეტანას ცდილობს.
„მე არაფერს განსაკუთრებულს არ ველი ტყუილების გარდა „ქართული ოცნებისგან“. უნდათ, რომ რაღაც დაძაბულობა შემოიტანონ წინასაარჩევნოდ. დარწმუნებული ვარ, არანაირი პრობლემა ამ ორ მკვლევართან დაკავშირებით არ არის, უბრალოდ ეს ადამიანები არაერთხელ ყოფილან ონლაინ თავდასხმის მსხვერპლნი, იმიტომ, რომ მათ აქვთ ძალიან კარგი კავშირები „მეტასთან“, ისინი ძალიან სწრაფად პოულობენ რუსულ დეზინფორმაციას და მის წაშლაში ეხმარებიან ფეისბუკს და მეტას. ამიტომ, ძალიან დიდი შეტევა არის-ხოლმე მათზე, რასაც უკვე მიჩვეულები ვართ", - ამბობს ბაია პატარაია.
ქუთაისში, სავარაუდოდ, ასევე ქოლცენტრებთან დაკავშირებით ტყეშელაშვილების ოჯახში ჩხრეკა დასრულდა. ზუგდიდის ქუჩაზე სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ჩხრეკის ფარგლებში სახლიდან პირადი კომპიუტერები და პლანშეტი ამოიღეს.
მათი თქმით, კომპიუტერებში მათი კომპანიის საქმიანობის შესახებ არის ინფორმაცია. ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ქოლცენტრებთან კავშირს და აცხადებენ, რომ ისინი საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობენ, მომხდარს კი მათ ოპოზიციურ განწყობას უკავშირებენ. ვალერი ტყეშელაშვილი უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე და მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზეა თანახმა. ის რამდენიმე წელი ამერიკაში ცხოვრობდა და საქართველოში ახალი დაბრუნებულია.
როგორც „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რევოლუციური სცენარის ხორცშესხმის მიზნით, კრიპტოვალუტაში გადაყვანილი, ევროპელი პენსიონერების ძარცვით მოპოვებული თანხების გათეთრებას კეზერაშვილის ადგილობრივი ოფისები ახორციელებენ. მათ ერთ ნაწილში, მაგალითად ატლანტიკურ საბჭოში უკვე შესულია ფინანსური პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„ყოველი რევოლუციური სცენარის უკან, ყოველი სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმარებისას, რა თქმა დგას დიდი ფული და მათი ქვეყანაში შემოდინების სხვადასხვა გზები. ყველას გვახსოვს ათი წლის წინ ქეშით გაძეძგილი ჩემოდნებით ხელში ბაქოს აეროპორტში დაკავებული „გირჩი“ და ირმა ნადირაშვილი. გავა ათი წელი და უკვე აზერბაიჯანში „მაიდანის“ მოსაწყობად საქართველოდან გადიოდა ენჯეოს ხაზით ჩარიცხული ქეში, რამაც აიძულა ჩვენი პარტნიორები დროებით დაეკეტათ წითელი ხიდიდ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.
„გავიდა დრო, მავნებლების "ფერადი" გადატრიალების "აიწონა-დაიწონა" დღეს ისევ საქართველოს მხარეზეა. დაიხვეწა მათი დაფინანსების ფორმები და მეთოდები. რევოლუციური სცენარის ხორცშესხმის მიზნით, კრიპტოვალუტაში გადაყვანილი, ევროპელი პენსიონერების ძარცვით მოპოვებული თანხების "გათეთრებას" დღეს კეზერაშვილის ადგილობრივი ოფისები ახორციელებენ. მათ ერთ ნაწილში (მაგალითად ორგანიზაცია "ატლანტიკური საბჭო") უკვე შესულია ფინანსური პოლიცია და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო ღონისძიებები.
„სახელმწიფოს არ სძინავს, მის სპეციალურ დანაყოფებს უხვად გააჩნია როგორც წინმსწრები, ასევე ფაქტოლოგიური ინფორმაცია. ფუფუნებისა და დაუსჯელობის ეპოქა დასრულებულია, როგორც აგენტოკრატებისთვის, ასევე მათი ადგილობრივი მარიონეტებისთვის. ქვეყანა და საზოგადოება მზადაა სასტიკი მარცხით გაისტუმრონ ისინი ისტორიის სანაგვეზე, როგორც საარჩევნო უბნებზე, ასევე ქუჩაში,“ - წერს ქართველიშვილი.