ელზა პაპოშვილი
13.10.2024

2022 წელს დაწყებული მასშტაბური გამოძიების შედეგად, გასულ კვირას გერმანიის პოლიციამ კარგად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავა. ეს დაჯგუფება ძარცვითა და ქურდობით იყო დაკავებული. ნაქურდალის ნაწილს ისინი ფოსტით აგზავნიდნენ საქართველოში, ნაწილი კი დაჯგუფების ლიდერს, ეროვნებით ქართველს, თავად ჩამოჰქონდა სატვირთო მანქანით გერმანიიდან.

ყოველივე ამის შესახებ გერმანული მედია წერს. მათი ცნობით, გასულ კვირას ერთდროულად რამდენიმე ქალაქში პოლიციის სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დააკავეს.

ქალაქებში - როიტლინგენში, შტუტგარტში, ჰამბურგსა და ბერლინში პოლიციამ შენობები და სათავსოები გაჩხრიკა, საიდანაც ამოღებულია მოპარული ნივთები. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეებს მოპარული საქონელი საქართველოში გადმოჰქონდათ. ქურდობაში კი რუსულ-ევრაზიული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მონაწილეობდა, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები იყვნენ გაწევრიანებული. თუმცა გერმანიის გამოძიებით დგინდება, რომ კრიმინალურ დაჯგუფებას სათავეში 54 წლის ქართველი ხელმძღვანელობდა.

ის „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალური ქვეკონტრაქტორია და პასუხისმგებელი იყო  ამანათების გერმანიიდან საქართველოში გადაზიდვაზე. კრიმინალური პოლიციის ინფორმაციით, მას საქართველოში სატვირთო მანქანით გადაჰქონდა მოპარული საქონელი. მათ შორის იყო მოპარული ველოსიპედები, მობილური ტელეფონები, ელექტრონული ნივთები, ტანსაცმელი, ალკოჰოლი და კოსმეტიკა.

„ბავარიაში ამ დაჯგუფების ირგვლივ გამოძიება ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში, დეგგენდორფის კრიმინალურ პოლიციაში დაიწყო. პოლიციამ რამდენიმე ქართველი და ქართული წარმოშობის პირის წინააღმდეგ, რომლებიც ჯგუფურ ქურდობაში იყვნენ ეჭვმიტანილი. დაიწყო გამოძიება. გაჩნდა მინიშნება, რომ ქურდობა რუსულ-ევრაზიული ორგანიზებული დანაშაულის წევრების მიერ იყო კოორდინირებული, რის შემდეგაც გამოძიება, 2022 წლის ზაფხულში, მიუნხენის პასუხისმგებელ პროკურატურას გადაეცა.

„მას შემდეგ გამოძიებას ბავარიის სახელმწიფო კრიმინალური პოლიციის ოფისი აწარმოებს.  გამოძიება კი ბოლოს ამ კარგად ორგანიზებულ კრიმინალურ ბანდაზე გავიდა, რომლის მეთაურიც 54 წლის ქართველია. ის ჯგუფთან ერთად მოპარულ ნივთებს საქართველოში ფოსტის მეშვეობით აგზავნიდა. ასევე ძარცვავდნენ სახლებს, მაღაზიებს და სხავდასხვა დაწესებულებებს. ისინი ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელ სახლს და ქალაქებს. მიუხედავად ამისა, 2-წლიანი გამოძიების შედეგად, მათი დაკავება მოხდა“, - უყვება საქმის გამომძიებელი გერმანულ მედიას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×