ელზა პაპოშვილი
10.10.2024

ქობულეთის სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, 40 წლამდე მამაკაცმა თავისი მეზობელი  სახლის აივანზე მოკლა. ამ უმძიმეს ფაქტს კი თვითმხილველები ჰყავს, რომლებიც ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა პენსიონერი მეზობელი დაუნდობლად, განზრახ გამოასალმა სიცოცხლეს.  

ოჯახის წევრებს დანაშაულის კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი უჭირთ, თუმცა ამბობენ, რომ წარსულში მკვლელობაში ბრალდებულთან მიწის ნაკვეთის გამო დაპირისპირება ჰქონდათ. არ გამორიცხავენ, რომ მოტივიც სწორედ ეს დაპირისპირება გახდა.

„ბოლო რამდენიმე წელი განსაკუთრებულად  აგრესიული იყო. მეზობლებს შორის კონფლიქტი წლების წინ სადავო მიწის ნაკვეთზე ჰქონდათ. ვფიქრობთ, რომ ეს წყენა ჰქონდა გულში ჩადებული და განზრახვა სისრულეში მოიყვანა. არანაირი  ჩხუბი და კამათი ამ საშინელ დანაშაულს წინ არ უძღოდა. ჩუმად მოეპარა, პირდაპირ თავში ესროლა, რომ წაიქცა, მივიდა და გულშიც ესროლა. კი არ გაიქცა, ახლად გადატენა და ყველას მოსაკლავად მიდიოდა. ჩემი თვალებით ვუყურე. ცივსისხლიანად, თვალიც არ დაუხამხამებია,  კაცი ისე გამოსალმა სიცოცხლეს," - ამბობს დანაშაულის თვითმხილველი მოკლულის ახლობელი.    

ადაგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ მამაკავს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და პერიოდულად მისი მდგომარეობა რთულდებოდა. ამიტომ ვარაუდობენ, რომ მკვლელობის დროს, შესაძლოა ვერ ათვიცნობიერებდა რას აკეთებდა.              

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.ფ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის რვა ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობელი - 1960 წელს დაბადებული თ.ქ. სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ გ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.    

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×