ელზა პაპოშვილი
05.10.2024

მარნეულში ბიზნესმენ შამო ორუჯოვის სახლს  5 ოქტომბერს გამთენიისას 16 ტყვია ესროლეს. სახლში იმყოფებოდნენ როგორც თავად ბიზნესმენი, ასევე მისი ოჯახის წევრები და მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სროლის ხმა ყველამ გაიგო  და პოლიციაში დარეკეს. ადგილობრივები ამბობდენ, რომ რაიონში ბიზნესმენების ტერორიზებამ და მათთვის ფულის გამოძალვამ სისტემატური ხასიათი მიიღო და ამას ერთი და იგივე კრიმინალური ჯგუფი აკეთებს.

ორუჯოვის შემთხვევაშიც ანგარიშსწორების მოტივად ადგილობრივები თანხის გამოძალვას ასახელებენ. ირკვევა, რომ შამო ორუჯოვი ლილოს ბაზრობაზე რამდენიმე მაღაზიას ფლობს. ადგილობრივების თქმით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით, გარკვეული პირები მამაკაცს 150 ათას ლარს სთხოვდნენ, უარის მიღების შემდეგ კი მასზე შურისძიება გადაწყვიტეს, სახლი დაუცხრილეს და ღამით დანაშაულის ადგილი ავტომობილით დატოვეს.

ორუჯოვების ოჯახში ამბობენ, რომ დამნაშავეების იდენტიფიცირება შუეძლიათ და ამის შესახებ ინფორმაციას პოლიციასაც მიაწოდეს. პოლიცია თავდამსხმელებს ამ დრომდე ეძებეს. 

მარნეულში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბიზნესმენების დაშინება და ფულის გამოძალვა ხდება. 1-ლ ოქტომბერს ერთ-ერთ ადგილობრივ ბიზნესმენს მაღაზიაში ხელყუმბარაც კი შეუგდეს. ის სამშენებლო მასალებით ვაჭრობს და არსებობს ეჭვი, რომ მასაც იგივე პირები სძალავდნენ თანხას.

„ძალიან კარგად იცის ყველამ, ვინც არიან. ისინი არიან ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებიც მარნეულში ბიზნესმენებს ატერორებენ. მერამდენე შემთხვევაა უკვე, რომ ბიზნესმენებს ან ესვრიან და აშანტაჟებენ, ან კიდევ ხელყუმბარას უგდებენ სახლში. 

„ეს ბიჭი ლილოში მაღაზიებს ფლობს. ამბობენ, რომ ფულს სთხოვდა ეს კრიმინალური  დაჯგუფება. უარის მიღების შემდეგ კი მისი ამ ფორმით შეშინება სცადეს. 

„იგივე მოხდა 1-ლ ოქტომბერსაც, როცა სამშენებლო მასალების მფლობელს მაღაზიაში ხელყუმბარა შეუგდეს. ერთი და იგივე ხალხი მოქმედებს ყველგან. ამიტომ, სანამ ამ რეკეტიორების ალაგმვა არ მოხდება, მარნეულში ეს ტერორი გაგრძელდება. 

„ავტომობილით იყვნენ მოსული, დაცხრილეს სახლი და გაიქცნენ. პოლიცია მოვიდა, ოჯახი დაკითხეს, კამერებიდანაც ჩანაწერები ამოიღეს. იციან ვინც არიან და ვეძებთო“, - ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×