ელზა პაპოშვილი
03.10.2024

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების, გამოძალვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, 15 პირს ბრალდება წარუდგინა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, რამდენიმე ღამის კლუბის მენეჯერებსა და მომსახურე პერსონალს შემუშავებული ჰქონდათ თაღლითობის გეგმა, გადანაწილებული ჰქონდათ როლები და მათ დაწესებულებაში შესულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხებს სძალავდნენ.

იმ შემთხვევაში თუ სტუმარი უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე, თანამშრომლები მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლას და მუქარას ახორციელებდნენ და ამ გზით ცდილობდნენ მოთხოვნილი თანხის მიღებას. ხოლო, თუ დაზარალებულები მაინც უარს აცხადებდნენ თაღლითურად დაკისრებული თანხის გადახდაზე მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონებია ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.    

"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამი ღამის კლუბის მფლობელები, მენეჯერები, მიმტანები, დაცვის თანამშრომლები და მოცეკვავეები წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ტურისტებს კლუბებში ეპატიჟებოდნენ, კლუბის მოცეკვავეები ტურისტების მაგიდასთან სხდებოდნენ და მათ ანგარიშზე, ტურისტებთან შეუთანხმებლად ძვირადღირებულ სასმელს უკვეთავდნენ. ანგარიშსწორებისას, ბრალდებულები ტურისტებს მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასურის გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ.

აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სხვადასხვა უცხო ქვეყნის 11 მოქალაქის 21 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. ასევე, მათ თანხის გამოძალვის მიზნით, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქის მიმართ მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელეს." აცხადებს პროკურატურა.

დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის, გამოძალვის და ძალადობის მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სპეცოპერაცია თბილისის 3 ღამის კლუბში ჩატარდა.          

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×