ნატალია ჯვარიძე
14.09.2024

საქართველოში 2020 წლიდან მოყოლებული, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას აღემატება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა სერიოზული კოლაფსის წინაშე დგას, რასაც ამძაფრებს ქვეყნიდან რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალების გადინება. მათივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა რეგიონში ყველაზე ხანდაზმულია, რაც ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ეროვნული უსაფრთხოებისათვის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა.

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.

ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა მხოლოდ თბილისსა (478) და აჭარაში (621). ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის პირველ ექვს თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 924 და განქორწინების 6 859 შემთხვევა.

რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, 2020 წლიდან მოყოლებული მონაცემები ასეთია:

2020 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 46 520 იყო, ხოლო გარდაცვლილთა რიცხოვნობა 50 537. სხვაობა - 4 017;

2021 წელს დაიბადა 45 946, გარდაცვალა59 906. სხვაობა - 13 960;

2022 წელს დაიბადა 42 319, გარდაცვალა 49 118; სხვაობა - 6 799;

2023 წელს დაიბადა 40 214, გარდაცვალა 42 756; სხვაობა - 2 542.

დემოგრაფ სოსო არჩვაძის აზრით, შობადობის მკვეთრი შემცირების ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობის ქვეყნიდან გადინებაა. როგორც მან აღნიშნა, საჭიროა ისეთი პოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდა წყვილებს ბავშვის ყოლის სტიმულს მისცემს.

„სიკვდილიანობის გაზრდა და შობადობის შემცირება პირდაპირ არ უკავშირდება ეკონომიკური მდგომარეობას, რადგან ბოლო დროს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება, შეიძლება სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის არაერთგვაროვნად, მაგრამ მთლიანობაში კეთილდღეობა იზრდება. შობადობის მკვეთრი შემცირების მთავარი მიზეზი მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურის, განსაკუთრებით კი ფერტილური ასაკის მქონე ქალების შემცირებაა. ანუ იმ პირების დიდი წილი, რომლებმაც ბავშვი უნდა გააჩინონ. მათი დაახლოებით 30% ემიგრაციაშია. ანუ ქვეყნის გარეთ გასულია ის კონტიგენტი, რომელსაც პოტენციაში შეუძლია შვას და ქვეყანას გამრავლების რესურსი მისცეს. ამ ყველაფერს უარყოფით შედეგები მოაქვს, რასაც შესაბამისი აღქმა და გარკვეული დასკვნების გაკეთება სჭირდება.

„ჩვენს სახმელეთო მეზობლებთან შედარებით, ჩვენი მოსახლეობა უფრო მეტად ხანდაზმულია, ვიდრე მათი. მხედველობაში მაქვს თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთის ფედერაციის ჩრდილო კავკასიის რეგიონები, რომლებიც უშუალოდ გვესაზღვრებიან. ამიტომ ჩვენი ეროვნული უსაფრთრხოებისთვის საჭიროა უფრო მეტი ქმედითი ზომები.

„საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ისეთი პოლიტიკა, რომ ახალბედა ოჯახებს ბავშვის ყოლის სტიმული მისცენ. მათ უნდა დაანახონ, რომ ბავშვის აღზრდაში, მისი ჯანმრთელობისა და განათლების უზრუნველყოფაში მარტონი არ იქნებიან. ანუ გამოწვევევის წინაშე როცა აღმოჩნდებიან, სახელმწიფო გვერდში ამოუდგება, ქვეყანას აქვს შესაბამისი გამოცდილება და კარგი იქნება, თუ გადმოვიღებთ სხვა ქვეყნების მაგალითებს, რომლებმაც მოკლე ისტორიულ ვადებში შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწიეს ამ მიმართულებით", - განაცხადა სოსო არჩვაძემ „რეზონანსთან".

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციალური ინსტიტუტის დირექტორის ავთო სულაბერიძის აზრით კი, ადრე თუ ქვეყანაში დეპოპულაცია იყო, ახლა დემოგრაფიის სერიოზული კოლაფსია.

„დემოგრაფიის გაქანებული კოლაფსია. შობადობას სიკვდილიანობა კარგა ხანია აჭარბებს. დაოჯახება და ბავშვის ყოლა არავის უნდა და სწორედ ეს იწვევს ამ ყველაფერს. 2021 წელს განსაკუთრებით დიდი სხვაობა გარდაცვლილებსა და დაბადებულებს შორის იმიტომ იყო, რომ მაგ დროს კოვიდის გამო მოკვდაობა გაიზარდა და შობადობაც დაბალი იყო. ამას ემიგრაციაც დაემატა. აქამდე თუ დეპოპულაცია იყო, ახლა კოლაფსი გვაქვს. კოლაფსი ნიშნავს დეპოპულაციას დამატებული მიგრანტთა წასული რაოდენობა, უფრო გაუარესებული სიტუაციაა.

„რა იწვევს ამას? ვინც საზღვარგარეთ მიდის, კარგი ცხოვრება სურს, დაოჯახება არავის უნდა, გადავადებული ქორწინებები ბევრია და ა.შ. ეს საკმაოდ რთული საკითხია და ასე მარტივად ამის მოგვარება არ გამოვა", - განაცხადა ავთო სულაბერიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×