ელზა პაპოშვილი
13.09.2024

მარნეულში ბიზნესმენის აფეთქება სცადეს. ავტონაწილებით მოვაჭრე  ფამილ ხალილოვის სახლში ადგილობრევებმა ხელნაკეთი ხელყუმბარა შეაგდეს და ბიზნესმენის ლიკვიდაცია სურდათ. მათი თქმით, ფაქტი ღამის სათებში მოხდა და კაცი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. პოლიციამ მძიმე ბრალდებით ახლა სამი პირი დააკავა.  გამოძიებას  მათ წინაღმდეგ მთავარი მტკიცებულება კი ადგილიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები აქვს.

ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ  ამ შემთხვევამდე ავტონაწილებით მოვაჭრე კაცს ტელეფონზე ურეკავდნენ და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით დიდი ფულის გამოძალვას ცდილობდნენ.  წინააღმდეგგ შემთხვევაში კი ოჯახის გადანგურებით ემუქრებოდნენ.

დაზარალებული ბიზნესმენი მედიასთან არ საუბრობს, ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ის სამი დღეა არავის უნახავს. მათივე თქმით, ბიზნესმენზე ზეწოლა და მუქარა დღემდე მიმდინარეობს - ვინმე "ფოლადას" სახელით უთვლიან, რომ ოჯახის წევრებს მოუკლავენ, თუ თანხას არ გადაიხდის.  

„კაცი სრულ ტერორში ჰყავთ და არავინ იცის სად არის. ფაქტი ორი დღის წინ მოხდა. გვიან ღამე იყო, როცა ეზოში ხელყუმბარა შეუგდეს.  ხმაურზე თავადაც გამოვიდა და ხელყუმბარის ეზოდან გადაგდება მოასწრო, კინაღამ ხელში აუფეთქდა. მთელი ოჯახით კლავდნენ. პოლიცია მოვიდა, იმუშავეს ადგილზე და კამერების ჩანაწერები რომ ნახეს, მერე დააკავეს. აქაურები არიან. ეს არ ილაპარაკებს, ეშინია, რადგან ახლაც ურეკავდნენ და ბავშვებით ემუქრებიან. მთელი ოჯახის ამოწყვეტით აშანტაჟებენ. საუბარია ე.წ. კანონიერ ქურდზე, რომელსაც ადგილობივები ეხმარებიან. ძალიან მძიმე სიტუაცია და შემთხვევაა. ეჭვია, რომ მათ თავად ძალოვანებიდან მფარველობენ. ამიტომ სასწრაფოდ უნდა დაინტერესდეს ყველა რა ხდება, სანამ კაცი მთელი მისი ოჯახი ამოუხოციათ", - ამბობს ადგილობრივი.

კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ არავინ არაფერი იცის და სჯობს თავად ბიზნესმენმა ისაუბროს.

„ვერავინ ილაპარაკებს მის მაგივრად. თვითონ უკეთესად იცის, ვინც არიან დაკავებულები და ვინც ემუქრება. ჩვენც ბევრი არაფერი ვიცით. მხოლოდ ეს გავიგეთ, რომ ოჯახის ამოწყვეტით ეუქრებიან, რადგან კანონიერ ქურდს წილი უნდა მისცეს. კაცს რაღაცა პატარა ბიზნესი აქვს, ერთ ორ კაპიკს აკეთებს, შვილებს ლუკმას აჭმევს და იმასაც ართმევენ“, - ამბობს მეზობელი.       

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×