ელზა პაპოშვილი
12.09.2024

არასრუწლოვანის შანტაჟი ინტიმური ფოტო- და ვიდეო-მასალით - დაკავებულია 18 წლის ახალგაზრდა, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, შეყვარებულ გოგონას ფულის გამოძალვის სანაცვლოდ აშანტაჟებდა. უწყების მტკიცებით, ეს ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ბრალდება ამბობს, რომ მამაკაცმა არასრულწლოვანს ოქროს ბეჭედი, ოქროს სამაჯური და 2 000 ლარამდე თანხა გამოსძალა. გარდა ამისა, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა კაცმა 2023 წლის ზაფხულში არასრულწლოვანი ერთ-ერთ ბინაში აიყვანა და მის მიმართ, ნების საწინააღმდეგოდ, სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. დაკავებულის ოჯახი კი იფიცება, რომ ბრალდებული ბიჭი და არასრულწლოვანი გოგონა შეყვარებულები იყვენენ.

გოგონამ მომხდარის შესახებ ოჯახს უამბო, რის შემდეგაც 18 წლის ბიჭი არასრულწლოვანის ოჯახის წევრებმა - გოგონას მამამ და ორმა ბიძამ გაიტაცეს და სასტიკად სცემეს. ამის გამო მამა და ორივე ბიძა დააკავეს, თუმცა შემდეგ გოგოს მამა და ერთი ბიძა ციხიდან გაათავისუფლეს, ხოლო ერთი ბიძა სასჯელს იხდის. სწორედ ამიტომ ახლა ოჯახს ეშინია, რომ დაკავებული ციხეში შურისძიების მსხვერპლი არ გახდეს. ბიჭი ოჯხი ამბობს, რომ ამბავი 8 თვის წინ მოხდა. ოჯახმა ბიჭის წინააღმდეგ სარჩელი მაშინ გამოიტანა, თუმცა ახლა ისევ შეიტანეს, რის შემდეგაც ბიჭი დააკავეს.

„ამბავი მომხდარა 8 თვის წინ, მაგრამ განცხადება უკან გამოიტანეს. ახლაც რა იფიქრეს, რა არ იფიქრეს, არ ვიცი. მეორედ განცხადება შეიტანეს. რას ედავებიან, არ ვიცი. 17 წლის ბიჭმა ცოლი როგორ უნდა მოიყვანოს, მომავალში კიდევ ვნახავდით, მაგრამ მომავლამდე ასეთი რამ მოხდა. ის ამბობს, რომ არანაირ ფოტოების გავრცელებაზე არ იყო სუბარი. უბრალოდ ფული ისესხა და გოგომ სხვანაირად გაიგო. ოჯახს სრულიად სხვა ინფორმაცია მიაწოდა. ბავშვიც დაშინებულია, ამიტომ რას მართალს ამბობს და რას ტყუილს, ვერ გავიგეთ", - ამბობს დაკავებულის ოჯახი.

დაკავებული კი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს - ადვოკატის თქმით, 18 წლის ბიჭს მართლაც ჰქონდა ტელეფონში გოგოს ინტიმური ხასიათის ფოტოები, თუმცა უფლებამცველი ირწმუნება, რომ დაკავებულის მხრიდან შანტაჟს და ფულის გამოძალვას ადგილი არ ჰქონია და ფული სესხად აიღო.

„ფოტოსურათები ჰქონდა ტელეფონში, მაგრამ ეს ფოტოსურათები გადმოგზავნილი იყო ე.წ. დაზარალებულის მიერ თავისი ნება-სურვილით. ერთ დღესაც ამ გოგომ გადაწყვიტა და გამოუგზავნა თავისი ინტიმური სურათი, ამ ბიჭმაც ადგა და შეინახა. ბიჭი არაფერში აქტიურობდა. გარკვეული დროის მერე განელდა რაღაც ურთიერთობები და ამ ბიჭმა სთხოვა, რომ ფული მომეციო. რატომღაც ამ გოგომ ჩათვალა, რომ ეს იყო შანტაჟი და მუქარა, რომ სურათებს გაუვრცელებდა თუ რაღაცა და მისცა ფული. ოღონდ ეს ფული სთხოვა არა საჩუქრად, არამედ სესხის სახით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიულად უარყოფს არამარტო იმას, რომ ის არის, არამედ ამბობს, რომ არ მქონია მასთან არავითარი ურთიერთობაო. არავითარი სექსუალური კავშირი არ ჰქონია," - ამბობს დაკავებულის ადვოკატი.

18 წლის ბიჭი შანტაჟის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს.

გამოძიების მტკიცებით კი დადეგინილი ფაქტია, რომ ბრალდებული არასრულწლოვან ა.ს.-ს სოციალური ქსელის მეშვეობით მისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნას სთხოვდა, რომლითაც შემდგომ მას აშანტაჟებდა და სხვადასხვა ოდენობის თანხას სძალავდა. ფსიქოლოგიური ტერორი თვეეების განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლოს კი მამაკაცი დააკავეს. გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა. დაკავებული ამტკიცებს, რომ შეყვარებულისგან ფული კი არ გამოუძალავს, არამედ სესხად აიღო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას 15 წლის ვადით ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×