
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა თუ სუიციდი? პოლიცია ამ დრომდე ცდილობს გაარკვიოს რა ვითარებაში გარდაიცვალა მარნეულის რაიონის სოფელ აზიზქენდში მანქანის ხელოსანი, 54 წლის ავთნდილ ახმედოვი. მისი დასახიჩრებული ცხედარი გზის პირას მწყემსმა იპოვა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედარს ხელები არ ჰქონდა და სხეული დამწვარი იყო. შემთხვევის ადგილზე იპოვეს ბენზინის ბოთლი. ახლა ექსპერტიზამ უნდა თქვას, მამაკაცი ჯერ აწამეს და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი წაუკიდეს, თუ ეს თვითმკვლელობა იყო, რომლის შემდეგაც ცხედარი მტაცებელმა ცხოველებმა დააზიანეს.
ოჯახი ამბობს, რომ ახმედოვს სუიციდის არანაირი წინაპირობა არ ჰქონდა - არანაირი ისეთი პორობლემა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. მათი აზრით, ის ჯერ აწამეს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, მისი სხეულის დაწვა სცადეს.
„ძალიან გაურკვეველ და უცნაურ ვითარებაშია გაუჩინარებული და შემდგე კი ამ მდგომარეობაში იპოვეს. 3 დღის განმავლობაში არ ჩანდა. ავტომობილების ხელოსანია, სახლში საჭმელს ჭამდა და არ გამოვრიცხავთ, რომ ვიღაც მივიდა, ვინც ის გრეთ გაიტყუა. ფულიც ჰქონდა და არც ეგ ვერსიაა გამორიცხული, რომ მისი გაძარცვა უნდოდათ.
„3 დღის განმავლობაში კაცს ყველგან ეძებდნენ და ვერსად ნახეს. შემდეგ კი უცებ, პირდაპირ გზის პირას, მისი დასახიჩრებული და ნახევრად დამწვარი სხეული იპოვეს. იქვე იდო ბენზინის ბოთლი. შესაძლოა ვინმე თვითმკვლელობის ინსცენირებასაც ცდილობდა. არავინ არაფერი იცის. ძალიან უცნაური ამბავია. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, თუ რა და როგორ მოხდა“, - ამბობს მოკლულის ახლობელი „რეზონანსთან“.
კიდევ ერთი ნათესავი გვიყვება, რომ გარდაცლილს არავინ ჰყავდა და მარტო ცხოვრობდა. იმ გაუჩინარების დღეს კი, საღამოს 7 საათზე, მას ვიღაცამ ტელეფონზე დაურეკა. ნათესავები დარწმუნებული არიან, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც ფულის გამოძალვას, ან გადაუხდელ ვალს უკავშირდება. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მკვლელობის ჩამდენი ადგილობრივი მცხოვრებია.
„ორი ვერსია გვაქვს. ის იყო ავტომობილების შემდუღებელი და მისი საკმაოდ სოლიდური თანხები მართებდათ. ის ყველაფერს რვეულში ინიშნავდა. ჩვენ ვიპოვეთ ეს ე.წ. ნისიების რვეული, სადაც სოფლის მცხოვრებლებს ძალიან დიდი თანხები აქვთ მისთვის გადასახდელი. ასევე ჰქონდა ფული, რომელსაც აგროვებდა და სახლში ინახავდა. ეს ყველა ადგილობრივმა იცოდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ან ფულის გამოძალვის გამო მოკლეს, ან კიდევ ვიღაცას მისი დიდი თანხა ემართა, ესეც სთხოვდა და ამიტომ ასე სასტიკად გაუსწორდა.
„მოვითხოვთ, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს და დადგინდეს ვინ დაურეკა ბოლოს. რაზე შედგა საუბარი და ა.შ. თბილისიდან რომ მის მოსაკლავად არავინ ჩამოვდოდა - ფაქტია. ჩვენ ადგილობრივ მცხოვრებლებზე გვაქვს ეჭვი და მოვითხობთ, რომ გამოძიება სწორად წარიმართოს. ყველაფერს ვარკვევთ და ბევრი რამ გახდება ცნობილი“, - უყვება „რეზონანსს“ გარდაცვლილის ნათესავი.