ტურისტი ამტკიცებს, რომ თბილისში ჩამოსული, აეროპორტში თაღლითი ტაქსის მძღოლის მსხვერპლი გახდა და ის გაძარცვეს. ინდოეთის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მძღოლმა მას მთელი თანხა, 800 დოლარი წაართვა. როგორც ტურისტი ყვება, აეროპორტიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე, მძღოლი მას უკაცრიელ ადგილზე დატოვებით დაემუქრა თუ მთლიან თანხას რაც თან ჰქონდა, არ მისცემდა.
შეშინებული გოგონა კი იძულებული გახდა ფული მიეცა. ამის შემდეგ ის თბილისში ერთ-ერთ ქუჩაზე ჩამოსვა. ქალი მოქალაქეების დახმარებით პოლიციის განყოფილებაში მივიდა და მომხდარის შესახებ განაცხადა. აღუწერა მამაკაცი როგორ გამოიყურებოდა და რა ავტომობილით გადაადგილდებოდა. ტურისტი ამბობს, რომ პოლიციამ კაცი მალევე ამოიცნო და მისი ფოტოც კი აჩვენა. მას ეჭვი აქვს, რომ ის სხვა ტურისტების თაღლითურად გაძარცვაში არის ეჭვმიტანილი. ქალი უკვე 4 დღეა სრულიად უფულოდ ელოდება პოლიცია წართმეულ თანხას როდის დაუბრუნებს.
„აეროპორტიდან რომ გამოვედი ტაქსი დავინახე და ჩავჯექი. კაცმა მითხრა, რომ უბერის მძღოლი იყო. არ იყო პრობლემა და დანიშნულ ადგილამდე მიმიყვანდა. ავტომობილი დაძრა და წავდით, თუმცა მალევე მივხვდი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მან ქალაქში წამოსვლის მაგივრად, სადღაც წამიყვანა. ღამე იყო და დამემუქრა,რომ თუ მთლიან თანხას არ მივცემდი, იმ უკაცრიელ ადგილას ჩამომსვამდა.
„შემეშინდა და მივეცი რაც მქონდა. 800 დოლარამდე წამართვა. მივედი პოლიციაში, იქ ძალიან კარგად დამხვდნენ. მამაკაცი აღვუწერი და მითხრეს, რომ მიხვდნენ ვინც იყო. მერე ფოტოც მაჩვენეს და მე ის ამოვიცანი. პოლიციამ დამამშვიდა და დამპირდნენ, რომ მეორე დღეს თანხას დამიბრუნებდნენ. ჯერჯერობით არაფერი ვიცი, უკვე 4 დღეა, სრულიად უფულოდ აქ ვარ და ველოდები," - ამბობს დაზარალებული ქალი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 180-ე, თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.