მამუკა ნაცვალაძე
08.02.2023

დღეს დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 წელი შესრულდა. ამ უდიდეს პიროვნებასთანაა დაკავშირებული ის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესები, საქართველო ოქროს ხანამდე რომ მიიყვანა... საქართველოს აღმავლობას დიდი ბრძოლები უძღოდა წინ. მათ შორის დიდგორის ომი, რომელმაც სრულიად საქრისტიანო იხსნა...

დიდგორის ომი ქართველთა ისტორიაში ყველაზე გამორჩეული ბრძოლაა. ბუნებრივია, ყველა ომს, დიდსა თუ მცირეს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. რომ არა ეს ბრძოლები, დიდი ალბათობით, საქართველო ვერ მიაღწევდა იმ ტრიუმფამდე, დიდგორის ომის სახელით რომ შემოინახა მატიანემ. 

ქართველთა გადახდილ ომებს შორის საერთაშორისო მასშტაბების თვალსაზრისით სწორედ დიდგორია უპრეცედენტო, დიდგორში განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული იარსებებს თუ არა ქრისტიანული სახელმწიფო, მოხდება თუ არა ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის სრული ისლამიზაცია.

ეს 1121 წელია, აგვისტო...

დავითის აღსაყდრებიდან 32 წელია გასული... გიორგი მეორის მიერ გვირგვინდადგმული 16 წლის ჭაბუკი მამამისსა და საკუთარ მოძღვართან, გიორგი ჭყონდიდელთან ერთად კარგად აცნობიერებს, რომ თურქ-სელჩუკებთან დაპირისპირება მისი ყოველდღიური ფიქრის საგანი უნდა იყოს და ისიც ფიქრობს, მოქმედებს და სწორედ ამ ფიქრითაა გაჯერებული მისი მეფობისას ნებისმიერი ღონისძიება - მცირე ომი იქნება ეს, საეკლესიო კრება, სახელმწიფო სტრუქტურების რეორგანიზაცია, თუ ყივჩაღთა ჩამოსახლება.

როგორ ჩამოაცილეს ჯვაროსნებმა სელჩუკები საქართველოს

დავითის მეფობა ემთხვევა იმ საერთაშორისო პოლიტიკურ ფონს, რომელმაც საქართველოს სასარგებლოდ შეცვალა სიტუაცია. ამან მეფეს საკმაოდ გაუადვილა საგარეო პოლიტიკური ამოცანის გადაჭრა.

პირველი, რამაც საქართველოს მოძლიერებას შეუწყო ხელი, თურქ-სელჩუკებში არეულობის პერიოდი გახლდათ. 1092 წელს მალიქ შაჰი გარდაიცვალა, მის მემკვიდეებს შორის ტახტისათვის უშეღავათო და დაუნდობელი ბრძოლები დაიწყო, რაც დასრულდა იმით, რომ თურქთა იმპერია რამდენიმე პოლიტიკურ ერთეულად დაიშალა. ამასთან, თურქ-სელჩუკთა მთელი ყურადღება XI საუკუნის 90-იანი წლებიდან ჯვაროსნულ ლაშქრობებზე გადადის, რამაც შეასუსტა მათი აქტიური მოქმედება საქართველოს მიმართულებით.

1095 წელს  თურქ-სელჩუკებისგან შევიწროებულმა ბიზანტიის იმპერატორმა  ალექსი კომნენოსმა დასახმარებლად დასავლეთს მიმართა. ეს იყო ერთგვარი ნაპერწკალი, რამაც ჯვაროსნული ლაშქრობები გააღვივა.

საფრანგეთის ქალაქ კლერმონში პაპმა ურბან მეორემ მოუწოდა ხალხს გაერთიანებულიყვნენ და იერუსალიმში ქრისტეს საფლავი ურჯულოებისაგან გაეთავისუფლებინათ. 

1096 წელს ევროპული რაინდები აღმოსავლეთისაკენ დაიძრნენ, ისინი ოთხ ნაკადად მოდიან - ტულუზიდან, ლოტარინგიიდან, სამხრეთ იტალიიდან და ნორმანებიდან.  ჯვაროსნები კონსტანტინოპოლში შეხვდნენ ერთმანეთს, ბიზანტიის იმპერატორი ალექსი პირველი ცდილობდა ამ ძალის გამოყენებას იმპერიის შენარჩუნების მიზნით, მან მოზღვავებული ჯვაროსნები, რომლებიც გარკვეულ საფრთხეს უქმნიდნენ ბიზანტიის უსაფრთხოებას, სასწრაფოდ მცირე აზიაში გადაიყვანა, სადაც ჯვაროსნებმა წარმატებით ილაშქრეს. 1098 წელს მათ ანტიოქია აიღეს, ერთი წლის შემდეგ კი 1099 წელს იერუსალიმი. 

ამ ბრძოლებმა ბუნებრივია, თურქ-სელჩუკები სრულად დააკავა, მათ აღარ სცალიათ საქართველოსთვის. ასეთ დროს  პირველი რაც დავითმა გააკეთა, გახლდათ ის, რომ თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა. ეს 1099 წელს ხდება. ხარკის შეწყვეტა თურქ-სელჩუკების სერიოზული გამოწვევა იყო მათი საქართველოდან განდევნის თვალსაზრისით

რატომ მოიაზრებდნენ ჯვაროსნები დავით აღმაშენებელს თავიანთ მეკავშირედ

და იწყება თანმიმდევრული და საკმაოდ გონივრული პოლიტიკა, რომელსაც მეტად მწყობრი იდეოლოგია უმაგრებს ზურგს - გიორგი ჭყონდიდელის ფილოსოფიურ რელიგიური დასი საქართველოს უმაღლესი რანგის ქრისტიანულ სახელმწიფოდ მოიაზრებს. 

ბუნებრივია, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ქალაქებსა და ციხე-სიმაგრეებში გამაგრებულ მაჰმადიანებს ეს არ აწყობთ. ისინი ერაყის სულთანს მორჩილებენ და სწორედ ერთიან მაჰმადიანური სივრცის განუყოფელ ნაწილად წარმოუდგენიათ კავკასიის მთელი ტერიტორია. 

ამ ფონზე, ბუნებრივია, დავითის პოლიტიკა მათთვის ვერ იქნება მისაღები. ისიც სათქმელია, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით მაჰმადიანებს განსაკუთრებულად აღიზიანებთ წინა აზიაში ჯვაროსანთა მიერ დაარსებული ქრისტიანული პოლიტიკური ერთეულები: ანტიოქიის სამთავრო, ედესისა და ტრიპოლის საგრაფო და იერუსალიმის სამეფო.

თავის მხრივ, სწორედ ეს პოლიტიკური ერთეულები ცდილობენ საქართველოსთან კავშირს და მის გამოყენებას თავიანთი მიზნებისათვის, რაც საერთო ქრისტიანული პოზიციების გაძლიერების თვალსაზრისით დავით აღმაშენებლის ინტერესებშიც შედის.

ამბავი თავზე ნაცარდაყრილ მაჰმადიანთა ელჩობისა

ამ პოლიტიკურ რეალობას კარგად აფასებენ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მაჰმადიანები, ამიტომაც ხედავენ მეტად საშიშ ტენდენციას. მათაც მონახეს გამოსავალი - საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ შევიწროებული თურქები, თბილისის, დმანისისა და განჯის თავკაცები ერთიანად დაიძრნენ ერაყისაკენ, სადაც სელჩუკიანთა იმდროინდელ გამგებელს სულთან მაჰმუდ მოჰამედის ძეს შავად ხელპირშეღებილები, ტანსაცმელშემოფლეთილები და თავზე ნაცარდაყრილები ეახლნენ, რათა "მათ ზედა მოწევნულნი ყოველნი ჭირნი“ მოეხსენებინათ და დახმარება ეთხოვათ. 

ეს 1121 წლის აპრილ-მაისში ხდება. სულთანი მაჰმუდ მუჰამედის ძე კისრულობს მაჰმადიანთა ლაშქრის საქართველოზე თავდასხმის ორგანიზებას. 

ერაყის სულთანმა იგრძნო, რომ ამიერკავკასიაში პოზიციების დათმობა  ქართველთა ასეთი წარმატებების შედეგად მაჰმადიანთა მასშტაბური წარუმატებლობის დასაწყისი იქნებოდა, ამიტომაც წინასწარ საყოველთაო მობილიზება გამოაცხადა. 

მან სრულიად მაჰმადიანურ სამყაროს მოუწოდა გაერთანებისაკენ. მიმართა არაბეთის მეფეს დურბეზს, ასევე განძის ათაბაგსა და სომხეთის ამირას მოეწყოთ ერთობლივი ლაშქრობა საქართველოს წინააღმდეგ. ამ გაერთიანებულ ლაშქარს მაჰმუდმა სათავეში ჩაუყენა ბაღდადის გამგებელი ნეჯმ ად დინ ილღაზი, რომელიც განთქმული იყო ჯვაროსნების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლით.

როგორ აცნობიერებდა დასავლეთ ევროპა დიდგორის ომის მნიშვნელობას

თურქ-სელჩუკთა 300 ათასიანი ლაშქარი საქართველოში სხვადასხვა გზით 1121 წლის ზაფხულში შემოვიდა და მანგლის-წალკა თრიალეთის მიდამოებში განლაგდა. ქართველებს ამ მომენტისათვის 56 ათასიანი არმია ჰყავდათ.

ამ ბრძოლას პრაქტკულად უნდა გადაეწყვიტა ქრისტიანული სამყაროს ყოფნა-არყოფნის საკითხი. რამდენადაც ქართველთა წინააღმდეგობის გატეხვა მიანიშნებდა იმას, რომ შეტევა განხორციელდებოდა ქრისტიანულ ევროპაზეც. ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმ პერიოდის ისტორიკოსებს, ამიტომაც არის რომ როცა მეთორმეტე საუკუნის ოციან წლებზეა საუბარი, თითქმის ყველა ევროპელი ისტორიკოსი საგანგებოდ მიანიშნებს დიდგორის ომს და მას დიდ ყურადღებას უთმობს. 

დიდგორის ომზე მოგვითხრობენ სპარსული,  არაბული სომხური  და ევროპული წყაროებიც.  ბრძოლას დაწვრილებით აღწერს ანტიოქიის ფრანგული სამთავროს კანცლერი გოტიე თავის ქრონიკაში, რომელიც თარიღდება 1122 წლით. გოტიე მიანიშნებს, რომ დიდგორის ომში 200 ევროპელს მიუღია მონაწილეობა,  ბრძოლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ უნდა იყოს მოულონელი ფრანგთა გამოჩენა ქართველთა მხარეზე, თანაც ისიც უნდა ითქვას, რომ ჯვაროსნებთან დავითს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა და შესაძლოა ამ ურთიერთობის კვალიც იყოს დიდგორში მეომარი 200 ევროპელი რაინდი.

საგულისხმოა, რომ გოტიე პირდაპირ აცხადებს იმ მიზნების შესახებ, რაც ამ ომისას მაჰმადიანებს გააჩნდათ. მისი თქმით, მაჰმუდმა იმისთვის გადაწყვიტა დავით მეფის წინააღმდეგ გალაშქრება, რომ ქართველთა განადგურების შემდეგ თავისუფლად აეღო იერუსალიმი, დაემოჩილებინა ანტიოქია და სრულიად ქრისტიანული სამყარო.

რატომ ჩახერგა დავითმა უკანდასახევი გზა

ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს მოხდა და სულ სამ საათამდე გაგრძელდა. დავითი მტერს იმ ადგილას დაუხვდა, სადაც სელჩუკებს არ უნდა მისცემოდათ საშუალება გამოეყენებინათ თავიანთი რიცხობრივი უპირატესობა. დიდგორის ველი თრიალეთის ქედის მაღალ თხემზე მდებარეობს და ეს ადგილი ქართველთა ლაშქრისთვის სტრატეგიულად საკმაოდ მომგებიანი გახლდათ. 

მეტად ემოციური იყო ბრძოლის წინ დავით აღმაშენებლის მიმართვა მეომრებისადმი: "ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ჩვენ ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ."

აშკარაა, რომ მეფე საკმაოდ ხისტ გადაწყვეტილებას მიმართავს - უკანდახევის საშუალებას უსპობს ლაშქარს. ეს დიდგორის გმირთა საერთო განწყობაცაა - ან გამარჯვება, ან სიკვდილი. 

"ძლევაი საკვირველი"

ბრძოლის დაწყების წინ დავით აღმაშენებელი უჩვეულო ტაქტიკას იყენებს. იბნ ალ-ასირის ცნობით, ქართველთა ჯარს 200 მეომარი გამოეყო და მტრისაკენ გაემართა. მაჰმადიანებს ეგონათ, ამ მეომრებმა მეფეს უღალატეს და შეწყალების თხოვნა უნდათო, ამიტომაც არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ ისე შეუშვეს თავიანთ რიგებში, ქართველმა თავდადებულებმა იარაღი იშიშვლეს და მტრის ხოცვა იწყეს. ამ მოულოდნელობის ფაქტორმა გადაწყვიტა კიდეც ბრძოლის ბედი.

ამ ეპიზოდს დავითის რაზმის შეტევაც მოჰყვა ცენტრიდან, აქვე განხორციელდა მტრის ზურგს უკან ჩასაფრებული დემეტრე უფლისწულის საკმაოდ ეფექტური დარტყმა, რამაც საბოლოოდ პანიკაში ჩააგდო სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია.

არაბი ისტორიკოსი იბნ ალ ასირი მიანიშნებს, რომ  მუსლიმთა ჯარში იმდაგვარად დიდი იყო არეულობა, რომ უკან მდგომთ აღარაფერი ესმოდათ წინ მყოფი მაჰმადიანების და ისე ეჩქარებოდათ განსაცდელისგან თავის დაღწევა, ერთმანეთზე გადადიოდნენ და ბევრიც ამიტომ დაიღუპაო.

მრავლად ჩავარდნენ ტყვედ არაბი ამირები. თავად ილღაზი თავში დაიჭრა და მცირერიცხოვან რაზმთან ერთად გაეცალა ბრძოლის ველს შერცხვენილი.  ქართველებმა ანისამდე სდიეს მტერს და მთლიანად განადგურეს იგი. 

დიდგორის ომში ქართველთა გამარჯვებამ ქრისტიანული სამყარო იხსნა განადგურებისაგან, რამდენადაც მაჰმადიანთა გამარჯვებას უმძიმესი შედეგი მოჰყვებოდა მთელი საქრისტიანოსათვის.

როგორ იკვეთებოდა მსოფლიო რანგის საქრისტიანო სახელმწიფოს კონტურები

ამ გამარჯვებას შენარჩუნება უნდოდა. კაცმა რომ თქვას, ეს არანაკლებ რთული ამოცანა გახლდათ. დიდგორის ტრიუმფმა დავითს გზა გაუხსნა თბილისისა და დმანისისაკენ. 1122 წელს დავითი თბილისს იღებს, მომდევნო წელს 1123 ში კი დმანისს. ეს იყო მაჰმადიანთა უკანასკნელი ბასტიონი ქართულ მიწაზე. დმანისის აღებით დაუსვამს წერტილს დავითი ქართული მიწების გაერთიანების პროცესს. 

დიდგორის ომში სასტიკი დამარცხება ძნელად მოსანელებელი აღმოჩნდა თურქ-სელჩუკთა სულთან  მაჰმუდისათვის. მან რევანში განიზრახა და 1122 წელს ჯარით შარვანში შემოიჭრა.  იქიდან დავითს მუქარის წერილიც გამოუგზავნა. მაჰმუდის დასახმარებლად რანის ათაბაგი წამოსულა. დავითმა იგი სასტიკად დაამარცხა. ეს რომ შეიტყო მაჰმუდმა, სამარცხვნოდ გაიპარა კავკასიიდან.

1123 წელს დავითმა უკვე სომხეთის დედაქალაქ ანისზე ილაშქრა და გაათავისუფლა თურქების ხელში მყოფი სომხეთის დედაქალაქი. უკვე გამოიკვეთა ამიერკავკასიის ერთ სახელმწიფოდ გაერთანების პერსპექტივაც.

ეს 1123 წელს დავითის აღსასრულამდე სულ ორიოდე წელი რჩება... აღმაშენებლის მეფობის 33 წლიანი  გადასახედიდან უკვე იკვეთებოდა მსოფლიო რანგის საქრისტიანო სახელმწიფოს კონტურები...                                        

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×