ნაზი ბერიძე
07.02.2023

 2022 წლის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ყოველკვირეულად საშუალოდ 150-მდე ავარია ხდება, 8 ადამიანი იღუპება და 105 სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებს. „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელი დავით მესხიშვილის თქმით, ეს მონაცემები წინა წლებთან შედარებით არ არის გაზრდილი, მაგრამ ის კვლავ რჩება კატასტროფულ მაჩვენებლად, იმიტომ, რომ დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა საშუალო ევროპულ მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება, რაც სხვადასხვა ფაქტორებმა განაპირობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში საქართველოში 7 517 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 430, ხოლო დაშავდა 5 469 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ავრცელებს.

მათივე ცნობით, შსს-ს მონაცემების თანახმად, გასულ წელს დედაქალაქში 2 498 სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაშავდა 3 021 ადამიანი და ხოლო დაიღუპა 61.

როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი აცხადებს, საქართველოში 2022 წლის განმავლობაში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები შემცირებულია 6%-ით, დაზიანებები - 2%-ით, ხოლო ლეტალობა - 4%-ით.

„ამ პოზიტიური დინამიკის ფონზე, დედაქალაქში ლეტალობა 8%-ით გაზრდილია. აღნიშნული ტენდენცია მიგვანიშნებს, რომ მეტი ფოკუსირება და ძალისხმევა არის საჭირო საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად.

„დღეს არსებული სიჩქარის ლიმიტები დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია სიჩქარის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება და არსებული ლიმიტების გადახედვა. განსაკუთრებით კი გზის იმ მონაკვეთში, სადაც შერეული მოძრაობაა, მჭიდროდ დასახლებული პუნქტია, სკოლის ზონებია. მაღალი სიჩქარე ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია საგზაო შემთხვევების ლეტალური შედეგის და მძიმე დაზიანების.

„საერთაშორისო გამოცდილება „უსაფრთხო სისტემის" (შაფე შყსტემ) დანერგვისკენ მოგვიწოდებს, რაც იმას გულისხმობს, რომ საგზაო შემთხვევები შესაძლოა მოხდეს, მაგრამ ისინი ლეტალურად და მძიმე შედეგებით არ უნდა სრულდებოდეს. მიმდინარე სტატისტიკა კი გვაუწყებს, რომ საგზაო შემთხვევების შემცირების ფონზე დედაქალაქში სიკვდილობა მკვეთრად იზრდება", - აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

დავით მესხიშვილი „რეზონანსთან" ავტოსაგზაო შემთხვევების ასეთი შემაშფოთებელი სტატისტიკის მთავარ მიზეზებზე საუბრობს.

„ამას აქვს გარკვეული მიზეზები და მთავარი ფაქტორი არის ის, რომ არ არსებობს საგზაო შემთხვევებზე პასუხისმგებელი სტრუქტურა, რომელიც იმუშავებდა პრევენციის მიზნით. ანუ შეისწავლიდა ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზებს, დაამუშავებდა სტატისტიკას, გააკეთებდა ანალიზს, გამოკვეთდა პრობლემებს, შეიმუშავებდა რეკომენდაციებს და გაატარებდა ღონისძიებებს. აი, ასეთი სამსახური არ არსებობს, არ არსებობს არც დეპარტამენტის სახით, არც საპატრულოს სახით.

„მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში ყველგან არის ასეთი ტიპის სამსახური. ხშირ შემთხვევაში ის დამოუკიდებელიც კი არის სხვა სტრუქტურებიდან გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზება უნდა გაუწიოს სხვადასხვა დეპარტამენტის მუშაობას. საქართველოში დღეს ტრანსპორტის სფერო არის მიმოფანტული სხვადასხვა სამინისტროში და არაკონრდინირებულობა არის მთავარი პრობლემა"

„ეკონომიკის სამინისტროში არის საგზაო უსაფრთხოების კომისია, მაგრამ კომისიაში რაც არ უნდა საპატივცემულო ადამიანები იყვნენ შესული, ის კომისია ვერ იქნება ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღებისას და სხვათა შორის, მსოფლიო ბანკის ექსპერტმა ჯინ ბრინმა, ჯერ კიდევ 2015 წელს ურჩია საქართველოს, რომ ასეთი სტრუქტურა შეექმნათ.

„მეორე მიზეზია ტექნიკური გაუმართაობა. არსებობს გაეროს ეკონომიკური კომისიის დასკვნა, რომ საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ტექნიკური გაუმართაობის გამო ხდება ავტოსაგზაო შემთხვევების დაახლოებით 25-30%", - აცხადებს დავით მესხიშვილი.

იგი „რეზონანსთან ტექინსპექტირების დადებით მხარეებზეც საუბრობს, თუმცა მიუთითებს სხვა მიმართულებებსაც, სადაც სახელმწიფოს ჩარება აუცილებელია.

„ჩვენს შემთხვევაში გვაქვს ძალიან კარგი რეფორმა, როგორც შინაარსობრივად, ტექინსპექტირებას ვგულისხმობ, მაგრამ ბევრი რამ ტექინსპექტირების რეფორმაში ჯერ კიდევ დასანერგია. მაგალითად, მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, მაგალითად ის რომ ჯერ კიდევ ნაქირავები ნაწილებით გადიან ინსპექტირებას. სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები, ჭკვიანი კამერების გარდა, არ არის დანერგილი. შესაბამისად, ეს მიმართულება ჯერ კიდევ დასახვეწია.

„ყველაზე მკვლელი დარღვევა კი არის სიჩქარის გადაჭარბება. ერთი შეხედვით, სიჩქარის გადაჭარბების მიმართ სახელმწიფოს სიმკაცრე არ აკლია, მაგრამ საჭიროა ცნობიერების ამაღლების კამპანიები.

„ასევე გამოვყოფ მართვის მოწმობის საკითხებს ვინ იღებს დღეს მართვის მოწმობას - რა გამოცდილების, რა უნარ-ჩვევების, რა ცოდნის ადამიანი. არსებობს ე.წ. თვითმარქვია ავტოსკოლები, რომლებიც არ წარმოადგენენ ავტოსკოლებს და ამზადებენ ადამიანებს, რომ აიღონ მხოლოდ მართვის მოწმობა. ხრიკებით და კოდირებით ხდება მომზადება და შემდეგ ადამიანები ყოველგვარი მართვის უნარ-ჩვევების გარეშე ხდებიან მძღოლები", - განაცხადა მესხიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×