ელზა პაპოშვილი
30.01.2023

სისიხლიანი ანგარიშსწორება ეჭვიანობის ნიადაგზე - ესაა სავარაუდოდ მიზეზი რის გამოც ახალგაზრდა მამაკაცმა ოჯახის მეგობარი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილა, ხოლო გაქცევის მცდელობისას ცოლი დაჭრა. გამოძიება სისხლიანი გარჩევის მიზეზად ეჭვიანობას განიხილავს. როგორც აღნოჩნდა, 38 წლის ახალგაზრდამ ცოლი და მეგობარი ავტომობილში ჩაისვა და საქმის გასარჩევად თბილისში მდებარე პეტრე-პავლეს სასაფლაოზე აიყვანა.  ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მოხდა. გამოძიების საქმის მასალების მიხედვით, მამაკაცს მეგობართან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა, რის შემდეგაც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და უკანა სავარძელზე მჯდომი ჩაცხრილა. 

ცოლი კი რომელიც ქმრის გვერდით წინა სავარძეზე იჯდა,  გაქცევა მოასწრო, თუმცა, მამაკაცი დაეწია და მას ხელში ესროლა. სწორედ ამ ფაქტს შეესწრო ტაქსის მძღოლი, რომელმაც ქალის დახმარება შეძლო. ქმარი კი ადგილიდან მიიმალა. ტაქსის მძღოლმა, რომელსაც მგზავრი სასაფლაოზე ჰყავდა ამოყვანილი,  ქალის პირველადი დახმარება შეძლო, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი 40 წლამდე მამაკაცი ავტომობილში უკვე გარდაცვლილი დახვდათ, ხოლო ქალი შოკურ მდგომარეობაში და ხელში დაჭრილი საავადმყოფოში ნახეს. პოლიციამ კაცის დაკავება ცხელ კვაზე მალევე შეძლო.  

„ქალი სიკვდილს გამვლელმა ტაქსის მძღოლმა გადაარჩინა, რომელსაც მგზავრი გადაჰყავდა. სწორედ მათ გადაიყვანეს დაჭრილი და პანიკაში მყოფი ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში. დანაშაულის ეს ეპიზოდი მანქანაზე დამონტაჟებულმა ვიდეო-რეგისტრატორმაც დააფიქსირა. 

ჩანაწერი ახლა საქმის მთავარი მტკიცებულებაა, ისევე როგორც ტაქსის მძღოლის ჩვენება, რომელიც დეტალურად ყვება როგორ დაინახა ქალი, რომლის მოკვლასაც სავარაუდოდ ქმარი აპირებდა. ხოლო მათ დანახვაზე გაიქცა. სავარაუდოდ, დანაშაულის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. ის ოჯახის მეგობარზე ეჭვიანობდა და საქმის გასარჩევად ცოლთან ერთად სასაფლაოებზე აიყვანა. სხვა დეტალები არავინ იცის, ის იმ დღესვე პოლიციამ დააკავა. იარაღი მის სახელზე კი არის გაფორმებული, მაგრამ საშინელი დანაშაული ჩაიდინა“,-ყვება წყარო.   

დაკავებულის ადვოკატი კი ამბობს, რომ მოკლული ბრალდებულის მეუღლეს ემუქრებოდა და აშანტაჟებდა, რისი ამსახველი მიმოწერაც საქმის მასალებში დევს. სულხან კომახიძე ამბობს, რომ 38 წლის მამაკაცმა იარაღიდან აფექტის მდგომარეობაში გაისროლა და ეს იყო რეაგირება მეორე მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე.

ბრალდებული ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×