ელზა პაპოშვილი
07.12.2022

თბილისში, "ლაგუნა ვერესთან" მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლომ ერთ პირს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ერთი კი გაამართლეს, რასაც ბრალდების მხარე არ ეთანხმება და სააპელაციოში გასაჩივრებას აპირებს - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.  

საქმე კი ლაგუნა ვერესთან მომხდარი სისხლიან დაპირისპირებას ეხება, რომელიც მიმდინარე წლის 3 აპრილს მოხდა. გამოძიების მიხედვით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას ძმას, ბიზნესმენ კონსტანტინე ქობულიას დავა ბიზნესმენ დავით შენგელიასთან და მარლენ მეტონიძესთან  ჰქონდა. სწორედ ამ დავის მოგვარებაში იყვენენ ჩართული ე.წ. კანონიერი ქურდები - ირაკლი ყალიჩავა და ლევან მარღია, რომლებიც ამჟამად თურქეთში იმყოფებიან.  

გარჩევას ზუგდიდის ე.წ. მაყურებელი, ხვიჩა ცხაკაია უძღვებოდა, რომელიც მანამდე თურქეთში ყალიჩავას შეხვდა, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი მარღიას მხარეს დაუპირისპირდა.  

დავით შენგელია, რომელიც ე.წ. ტყის საძმოს ყოფილი წევრია, ამბობს, რომ საქმესთან კავშირი არ აქვს და არც დაპირისპირებაში იღებდა მონაწილეობას.  

თუმცა საქმის ირგვლივ მაშინ „რეზონანსისთვის“ საკმაოდ საინტერესო დეტალები გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ოფისის მიმდებარედ, სადაც ბიზნესმენი მარლენ მეტონიძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას ძმასთან, კონსტანტინე ქობულიასთან შესახვედრად მივიდა, სნაიპერი ელოდათ. ადგილი  კი კარგად დაგეგმილ ე.წ. კრიმინალურ გარჩევას ჰქონდა. 

„არსებული ინფორმაციით, გიორგი ქველიაშვილის ოფისში კონსტანტინე ქობულიასთან და ვახტანგ გურგენიძესთან სასაუბროდ მათი ნაცნობი - ბიზნესმენი მარლენ მეტონიძე 17 ადამიანთან ერთად მივიდა, რომელთაგანაც 5 პირი მისი პირადი დაცვა იყო. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონსტანტინე ქობულიამ ბიზნესმენ მეტონიძისა და მისი თანმხლები პირების მისამართით გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მარლენ მეტონიძე, ოთარ ბარკალაია და დავით ცისკარიშვილი დაიჭრნენ. აღნიშნული დაპირისპირებისას ბიზნესმენის დაცვის წევრმა კობა მეტრეველმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რასაც კონსტანტინე ქობულიას სიცოცხლე ემსხვერპლა. დაუდგენელია პირი, რომლის გასროლითაც ვახტანგ გურგენიძე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მარლენ მეტონიძე შეხვედრის ადგილზე ჯავშანჟილეტით იყო მისული. დაუზუსტებელი ცნობით, ოფისში, სადაც სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირები მივიდნენ, იატაკზე პოლიეთილენის ცელოფნები იყო მოფენილი, რაც შესაძლოა, მკვლელობის წინასწარ განზრახვაზე მიუთითებდეს. კონფლიქტში 20 პირზე მეტი მონაწილეობდა“,-უყვება „რეზონანსს“ წყარო. 

საერთო ჯამში, საქმეზე 5 პირია დაკავებული, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს გიორგი გელოვანი, გიორგი ასლანიშვილი, გიორგი პეტრუშკო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით - დაკავებულია კობა მეტრეველი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კი, გიორგი ქველიაშვილი.  

პროკურატურა კი მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 2 აპრილს ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, რამოდენიმე გასროლით, თბილისში, სს ,,საგზაო კომპანია თბილისის“ ოფისში მომხდარი ურთიერთდაპირისპირების დროს, ორ პირს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება), 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარდგენილ ბრალდებაში სასამართლომ ბრალდებული გაამართლა. აღნიშნულს ბრალდების მხარე არ ეთანხმება და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე სს „საგზაო კომპანია თბილისის“ ოფისში მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში და სროლაში გადაიზარდა, რასაც ორი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა, ხოლო რამოდენიმე პირმა ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ 14 პირი, მათ შორის ორს ბრალდება წარდგენილი აქვს 19/109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო 12 პირს - 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა). ყველა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა და სასამართლოში მიმდინარეობს არსებითი განხილვა.

სისხლის სამართლის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით, - წერს პროკურატურა.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×