ელზა პაპოშვილი
04.12.2022

სასტიკი მკვლელობა რაჭაში - სოფელ მეორე ტოლაში მეზობელმა მეზობელი მოკლა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, 3 თანასოფლელი  ტყეში შეშის მოსაჭრელად წავიდა, სადაც კონფლიქტი მოხდა. ამის შემდეგ 35 წლის გიორგი სოხაძემ 61 წლის ომარ გაბისონია ცივი იარაღით მოკლა. მეორე  მეზობელმა კი თავს გაქცევით უშველა.  

ადგილობრივების ცნობით, გიორგი სოხაძემ მეზობლებს სთხოვა, რომ შეშის მოსაჭრელად გაჰყოლოდნენ. ტყეში იყვნენ, როდესაც ახალგაზრდა კაცმა დანით თითი  გადაიჭრა და მეოზობლებს უთხრა, რომ ძმობა უნდა შეეფიცათ. ამის შემდეგ კი მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. მან მეზობელს დანით მუცლის არეში 4 ჭრილობა მიაყენა. 

სწორედ მეორე გადარჩენილმა მეზობელმა დარეკა პოლიციაში და ისინი მოკლულის ცხედართან მიიყვანა. ბრალდებულმა კი ადგილიდან მიმალვა შეძლო, მეორე დღეს ის პოლიციამ დააკავა.

„გიორგიმ მეზობლებს უთხრა, რომ შეშა არ ჰქონდა და ტყეში შეშის მოსაჭრელად გაჰყოლოდნენ. ესენიც დათანხმდნენ და სამივე წავიდა - ორი შუახნის მამაკაცი და ეს ახალგაზრდა ბიჭი. როგორც გადარჩენილი მეზობელი ყვება, ბიჭმა მათ შესთავაზა, რომ ძმობა შეეფიცათ, ამის გამო თითი გაიჭრა. შემდეგ მოულოდნელად  აგრესიული გახდა და ერთ-ერთ მეზობელს თავს დაესხა, დანით 4 ჭრილობა მიაყენა. 

„როგორც გადარჩენილი მეზობელი ამბობს, იმდენად აგრესიული იყო, რომ მეზობლის დახმარება ვერ შეძლო. ამიტომ თავს გაქცევით უშველა. სწორედ მისი დახმარებით იპოვეს გარდაცვლილი. 

„ამ ბიჭს ადრე  ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და არ გამოვრიცხავთ, რომ საქმე სწორედ გონების არევასთან გვქონდეს. მას მეზობლებთან კონფლიქტის მიზეზი არ ჰქონდა. ბიჭმა ადგილიდან მიმალვა მოახერხა და მას ამჟამად ისევ ეძებენ“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

პოლიციამ დამნაშავე მკვლელობის მეორე დღეს დააკავა.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ს. რაჭაში, სოფელ ჭრებალოში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×