ელზა პაპოშვილი
01.12.2022

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით მყოფი 5 პირი დააკავა, მათ შორის 55 წლის ქალია. უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

გამოძიების ინფორმაციით, ორმა პირმა, მათგან 55 წლის ქალმა მ. დ.-მ,  ფინანსური დავის გადასაჭრელად მიმართა „ქურდულ სამყაროს“, რომ 22 ათასი, რომელიც ვალად ჰქონდათ მისგან აღებული, დაებრუნებინათ. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში, აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ. 

ბრალდებულმა „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოდავე მხარეებს - მ. დ.-ს და მ. მ.-ს შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით, რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა. 

„ოცდაორი გამოვუტანე ჩემი ქმრის ძმაკაცს. ვიხდიდი ყოველ თვე 400 ლარს. ვეუბნები, იარაღს ვიყიდი, მუხლებში უნდა დაგამტვრიო, „კალიასკაში“ უნდა ჩაგსვა-მეთქი.  

ქურდები ჩავრიე რა, სვანები, ახლობლები. არაფერი არ მიაქვთ რა, სულ მოგცემენ. ხოდა ელაპარაკნენ და 6 თვე მისცეს. 40 ათასს დავფარავო,“ - ამბობს დაკავებული ქალი ფარულ ჩანაწერში.

მ.დ.-მ სასამართლოში ბრალი აღიარა და დაადასტურა, რომ მართლაც მიმართა ქურდულ სამყაროს დახმარების თხოვნით.

დაკავებული ქალის ადვოკატი ამბობს, რომ მას ორი წლის განმავლობაში ატყუებდა მევალე, რომ ფულს დაუბრუნებდა, თუმცა არ დაუბრუნა. უფლებადაცველის თქმით, ქალს ხელთ არც ერთი დოკუმენტი არ ჰქონდა, რომ სასამართლოში მიეტანა, ამიტომაც მიმართა „ქურდულ სამყაროს“. 

„ქურდული სამყაროს“ წევრებმა ერთ-ერთ მოდავე მხარეს, ქურდული გარჩევის შედეგად, სადავო თანხის გაორმაგებით გადახდა დააკისრეს, რომელიც 2023 წლის 6 მარტამდე სრულად უნდა დაეფარა, თანხის არგადახდის შემთხვევაში კი ჯანმრთელობის ხელყოფით დაემუქრნენ.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

 „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავებული ქალი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. ბრალდებული უფლებადამცველმა უკვე მოინახულა. ადვოკატის მტკიცებით, 55 წლის ქალის მხრიდან საქმე არა ქურდული სამყაროსთვის მიმართვას, არამედ მეგობრულ დახმარებასთან გვაქვს. თუმცა, თავად დაკავებული ბრალს აღიარებს. 

„ის აღიარებს ბრალს, თუმცა მისი უმეცრებით და უცოდინრობით მოხდა ეს. ჰქონდა ვალი, ახლობლის თხოვნით 5 წლის წინ ბინა ჩადო. ეს ხუთი წელი თვითონ იხდიდა ამ ვალს. ბოლოს რომ გაუჭირდა, მოსთხოვა ვალის დაბრუნება. იმან უარი რომ უთხრა, მერე სთხოვა თავის ახლობლებს, რომლებმაც მოსთხოვეს იმას თანხის გადახდა.

მუქარას ადგილი არ ჰქონია. სადაური ქურდები არიან, კარგით რა! არ არიან ქურდები! საქართველოში ქურდები სად არიან? ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭები არიან. მაიას ეგონა, ეტყობა, რომ ქურდები იყვნენ, მე გეუბნებით, რომ არ არიან,“ - ამბობს დაკავებული ქალის ადვოკატი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×