ია აბულაშვილი
18.11.2022

„ეს იყო ერთ მსახიობზე აგებული პარტია, რომელიც დგამდა პოლიტიკურ პერფორმანსებს. როგორც კი ეს მსახიობი გაქრა, ორგანიზაცია ჩაკვდა, რადგან დროულად ვერ მოხდა თაობათა ჩანაცვლება" - ასე აფასებს პოლიტიკური მარკეტინგის სპეციალისტი, პროფესორი კახაბერ ჯაყელი მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესს.

„ნაციონალურ მოძრაობაში," სადაც თავმჯდომარის კანდიდატურაზე დავა გრძელდება, დარწმუნებული არიან, რომ უნდა აირჩონ ისეთი ენერგიული ლიდერი, რომელიც შეძლებს პროცესის განახლებას, ახალ მუხტს შესძენს პარტიას და კარს გაუხსნის ახალ თაობას ენმ-ში. პოლიტიკური მარკეტინგის სპეციალისტი კახაბერ ჯაყელი „ნაცმოძრაობის" ლიდერებს ურჩევს, რომ ასეთი კრიზისისას პარტია არ ირჩევს ერთ ლიდერს, არამედ გადადის ერთობლივ მმართველობაზე, რაც საშუალებას მისცემთ, დაარწმუნონ საზოგადოება, რომ „პოლიტიკური ძრავა" მუშაობს.

„ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესი მოსალოდნელი იყო, ვიცოდი, რომ პარტია რაღაც კრიზისში ჩავარდებოდა. დღეს არიან დაშლის პირას, რაშიც დამნაშავეა ლიდერშიფი. ახლა ბრძოლა მიდის, ვინ იქნება ახალი ლიდერი. როცა ბრძოლაზეა საუბარი, ის უნდა იყოს ინტელექტუალური და არა ხელჩართული. ნაცმოძრაობის მთავარი შეცდომა ისაა, რომ ცოდნაზე დაფუძნებული გამოცდილება კუნთების თამაშით ჩაანაცვლეს. პარტია დაემსგავსა სპორტულ გუნდს, რომელსაც მხოლოდ ნორმატივები აქვს ჩასაბარებელი. პარტიის ლიდერი უნდა იყოს მაღალი ინტელექტის მქონე პიროვნება, დიდი გამოცდილებისა, რომელსაც, თავისი მხრადამჭერების გარდა, უსმენენ მოწინააღმდეგეები და აფასებენ. ის უნდა იყოს კანონშემოქმედი, აზრის შემოქმედი... „შემოქმედს" არ უნდა გავცდეთ. მაკიაველს თუ დავესესხებით, პარტიის ლიდერს თანაბრად უნდა ჰქონდეს სიბრძნე და ცბიერება, დღევანდელობა კი დიდად ვერ დასცილდა მაკიაველს.

ნაცმოძრაობის დღევანდელი ლიდერები ძალიან მოძველებულად გამოიყურებიან, ყველას აქვს შემორჩენილი ძველი ნაკლი და მეტსახელი, ამიტომ სჯობს, ახალი სახეები წარმოაჩინონ, თუ ასეთი საერთოდ არის პარტიაში. როგორც ჩანს, ეს იყო ერთ მსახიობზე აგებული პარტია, რომელიც დგამდა ამ პოლიტიკურ პერფორმანსებს. როგორც კი ეს ერთი მსახიობი გაქრა, ჩაკვდა ეს ვარსკვლავი, დროულად არ მოხდა თაობათა ჩანაცვლება, ეს ორგანიზაციაც ჩაკვდა. პოლიტიკური არქეტიპების კონცეფციიდან გამომდინარე, ნაცმოძრაობა მაგონებს ინდიელ ბელადს, რომელიც თავის ტომს რეზერვაციისკენ მიაქანებს.

ამ პოლიტიკურმა ალიანსმა დაკარგა პოლიტიკური ბაზრის ლიდერობის ფუნქცია. პოლიტიკური ბაზარი დაიპყრო „ოცნებამ," რომლის მთავარი მარკეტინგული იდეაა მშვიდობის შენარჩუნება. ვინც მშვიდობის მარკეტინგს მიმართავს, ის იპყრობს პოლიტიკურ ბაზარს. „ქართულმა ოცნებამ" ბრწყინვალედ განახორციელა მშვიდობის იდეის მარკეტინგი, იდეისა, რომელიც დღეს ყველა ქართულ ოჯახშია, მით უფრო რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. 10-დან 5 თუ მხარს უჭერს „ოცნებას," 10-დან 9 მხარს უჭერს მშვიდობას. პოლიტიკური მარკეტინგის არითმეტიკიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ ძალაუნებურად მხარს უჭერ „ოცნებას," ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც მშვიდობაზეა აპელირებული. „ოცნება" პოლიტიკურ ბაზარზე შემოდის მშვიდობის რებრენდინგით, „ნაცმოძრაობა" კი საზოგადოებას ახალს ვერაფერს სთავაზობს. პარტიის ინტელექტუალური ძრავა შემცირებულია, აქამდე თუ იყო ექვსცილინდრიანი, ერთ ცილინდრზე ჩამოვიდა და ისიც ხშირად უფრო გაჩერებულია.

ასეთ დროს, როცა პარტიები კრიზისში ვარდებიან, სჯობს, გადავიდნენ ერთობლივ მართვაზე, ვიდრე აირჩიონ ერთი ლიდერი. შექმნან კომიტეტი, თუნადაც 5-6 კაცის შემადგენლობით და საზოგადოებას დაანახონ, რომ პოლიტიკური ძრავა მუშაობს," - განაცხადა „რეზონანსთან" კახაბერ ჯაყელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×