ელზა პაპოშვილი
16.11.2022

საქართველოში მცხოვრები  საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის მკვლელობას, ერთი ვერსიით, ალქაიდასთან დაკავშირებული, დაქირავებული ქილერების ჯგუფი ცდილობდა, თუმცა ისრაელის მედია იუწყება, რომ იციკ მოშეს ლიკვიდაციას ირანი დაქირავებული  ქილერების  მეშვეობით აპირებდა. ტელეკომპანია „აი - 24“ ისრაელის  სპეცსამსახურებზე დაყრდნობით ამბობს, რომ 62 წლის ბიზნესმენის მკვლელობას ირანი პირველად არ გეგმავდა. როგორც დაზვერვაზე დარყდნობით ებრაული მედია იუწყება, 2 თვის განამვლობაში ამ ჯგუფს ბიზნესმენის ლიკვიდაციისთვის ყველაფერი უკვე მომზადებული ჰქონდა, მაგრამ ქართული სპეცსამსახურები მას განუწყვეტლივ უთვალთვალებდნენ და დაგეგმილი მკვლელობის საშუალება ქილერს სუს-ის სპეცჯგუფმა  არ მისცა.  

ისრაელის  მედიის ცნობით, ქილერები საქართველოში სექტემებრში ჩამოვიდნენ და ისინი იციკ მოშეს ფეხდაფეხ დასდევდნენ. იცოდნენ მისი გადაადგილების ყველა მარშუტი, თუმცა ეს აქტიურობა არც ქართულ სპეცსამსახურებს არ გამოჰპარვიათ და მათ გადაადგილებას პარალელურად სუს-ი აკვირდებოდა. თუმცა  გულისხმობს თუ არა ისრაელის სპეცსამსახურები ქილერების ჯგუფში ქართველ თარჯიმნებსაც, უცნობია, რადგან საქმის ირგვლივ სუს-მა პაკისტანის ერთი მოქალაქე და ორი ქართველი თარჯიმანი დააკავა.  ქართველ თარჯიმნებს, სუს-ი  იარაღის პაკისტანელი ქილერისთვის  მიყიდვას ედავება. ისრაელი კი ამ ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს და აცხადებენ, რომ ქართული სპეცსამსახურები ისრაელის სპეცსამსახურებთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობის ფორგლებში გამოძიებას აგრძელებს. არაა გამორიცხული, რომ საქმის ირგვლივ დამნაშავეთა წრე გაიზარდოს.   

ქართველი თარჯიმნების უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ ამ მკვლელობასთან შემხებლობა მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს არა აქვთ. მათ ახლა გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-გასაღებას ედავება.  

„მისი დაკავება შესაძლოა სატელეფონო ზარებს უკავშირდებოდეს, რომელიც მისთვის ნაცნობ ირანის მოქალაქესთან აქვს გაკეთებული. ის არის თარჯიმანი და რა რქმა უნდა, შესაძლოა პროფესიული თვალსაზრისით ვინმესთან კომუნიკაცია ჰქონოდა. თუმცა აქ საუბარი პაკისტანის მოქალაქეზე არ არის. პაკისტანის მოქალაქე, რომელიც ასევე ამ საქმეზეა დაკავებული, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ თარჯიმანს არ ასახელებს. ის არ ამბობს, რომ მას საერთოდ იცნობს. ამბობს, რომ მხოლოდ  ირანის მოქალაქეს იცნობს, რომელმაც, სავარაუდოდ, პაკისტანის მოქალაქეს  მკვლელობა დაუკვეთა“, - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებული თარჯიმნის ადვოკატი ნანა აბულაძე.   

მეორე ადვოკატი მუხრან ღურწკაია კი ამბობსს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ თარჯიმანს ისრაელის მოქალაქის და  ბიზნესმენის მკვლელობის მომზადებასთან არანაირი შემხებლობა არა აქვს. საქმეში მხოლოდ იარაღი დევს. თარჯიმნებს წარმოდგენა არა აქვთ, ეს იარაღი მყიდველს  რაში სჭირდებოდა.    

„ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს არა აქვს ინფორმაცია ბიზნესმენის მკვლელობასთან დაკავშირებით. საქმის მასალების მიხედვით, მას იარაღის შეძენა-შენახვა-გასაღებას ედავებიან. მან არ იცოდა, რომ ეს იარაღი ბიზნესმენის მკვლელობისთვის სჭირდებოდათ. წარმოდგენა არა ჰქონდა, ეს ადამიანები ვინ იყვნენ და რა მიზნით იმყოფებოდნენ ქვეყანაში“, - ამბობს ქართველი თარჯიმანის ადვოკატი მუხრან ღურწკაია.     

თავად იციკ მოშე მედიასთან საუბარში ამბობს, რომ მან ამ ფაქტის შესახებ ისარელის პრეზიდენტის სატელეფონო ზარიდან გაიგო. ამბობს, რომ არა აქვს ინფორმაცია რატომ შეიძლება მის მკვლელობას ირანი გეგმავდეს. თუმცა მიიჩნევს,  მტრებისთვის ისიც საკმარისია, რომ ის ებრაელია და მჭიდრო კომუნიკაცია ისრაელთან აქვს. იმედოვნებს, რომ სუს-ში გამოკითხვის შემდეგ საქმის ირგვლივ მეტი დეტალები ეცოდინება.     

"ვარ უფრო დაცული, იდრე ვიყავი წინა კვირას. მე ძალიან მადლობელი ვარ ქართული მხარის, ვინაიდან ეს საშინელი ტერორისტული აქტი აღკვეთეს ჩემს წინააღმდეგ. მე არ მიგრძვნია ეს ყველაფერი, თორემ შევატყობინებდი, როგორც ქართულ მხარეს, ასევე ისრაელის მხარეს. 

მტრის მოტივაციას ძალიან ბევრი მიზეზი არ სჭირდება. ზოგადად ებრაელების მიმართ მსოფლიოში არის ძალიან დიდი ანტისემიტური აქცია, რომელიც წელიწადში 50%-ზე ზევით იზრდება. ამიტომ, ყველა ებრაელი ქვეყნის გარეთ არის საფრთხის ქვეშ," - ამბობს იციკ მოშე. 

რაც შეეხება დაკავებულ პაკისტანელს, ის თბილისში ნაქირავებელ ბინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. როგორც მისი მეზობლები „რეზონანსთან“ აცხადებენ, არც მამაკაცი და არც მისი მეუღლე კომინიკაციაში არავისთან შედიოდა. ისინი ცდილობდნენ  შეუმჩნევლები ყოფილიყვნენ და თვალში დიდად არავის მოხვედროდნენ.   

„რაც ვიცით, ის არის, რომ მამაკაცი ოჯახთან ერთად სექტემბერში გადმოვიდა. ვიცოდით, რომ უცოხელები იყვნენ. ირანელები თუ პაკისტანელები. ზუსტად არ ვიცით. მშვიდად და წყნარად ცხოვრობდნენ. თვალში დიდად არავის ხვდებოდნენ. რას საქმიანობდნენ და აქ რატომ იყვნენ, არავინ იცის. მხოლოდ ღამით ხმაურის და სპეცრაზმის მოვარდნის შემდეგ გავიგეთ, რომ დააკავეს და ვიღაცის მკვლელობას ედავებიან. წინააღმდეგობა პოლიციისთვის  არ გაუწევია. უცბად მოვარდა სპეცრაზმის  რამოდენიმე ჯგუფი და გარეთ რომ გამოიყვანეს მაშინ დავინახეთ. ცოლი აქედან გადავიდა თუ ქვეყნიდან წავიდა,  აზრზე არ ვართ. ფაქტია, რომ აქედან გადავიდა“, - ამბობს დაკავებული პაკისტანელის ქართველი მეზობელი.           

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×