საიდან იცოდნენ ჰაბსბურგებმა, რომ რუსეთისთვის გეორგიევსკის ტრაქტატი იყო ფარატინა ქაღალდი
მამუკა ნაცვალაძე
12.11.2022

XVIII ს-ის 80-იან წლებში ავსტრიის საიმპერატორო კარზე განსაკუთრებულად აქტუალური იყო საქართველოს თემა. ვენის სახელმწიფო არქივში დაცული მასალები, კერძოდ ერეკლე მეორის მიერ ევროპის  მონარქთათვის გაგზავნილი წერილები, რომლის თარგმნაც ვერ მოხერხდა, თუ ვერ მოესწრო კონკრეტული გარემოებების გამო, მსოფლიო რანგის ავსტრიელი დიპლომატის, ვენცელ კაუნიცის განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა.

ეს ის ვენცელ კაუნიცია, რომლის სახელსაც უკავშირდება XVIII ს-ის დიპლომატიური რევოლუცია, რამაც კარდინალური ცვლილებები შეიტანა ევროპის დიპლომატიურ კონფიგურაციაში - კერძოდ, ერთმანეთს დაუახლოდა მანამდე სამკვდრო-სასიცოცხლო მტრად გადაკიდებული ავსტრია და საფრანგეთი. დიდი ალბათობით, ჰაბსბურგების საიმპერატორო კარზე ქართული თემები აინტერესებთ კიდევ უფრო გრანდიოზული პროექტის - ევროპის გლობალიზაციის მოდელის აღსრულებისთვის, რაც საღვთო რომის ბუტაფორიადქცეულ მოდელს რეალურ ძალას შესძენდა. ამ მხრივ კი უმნიშვნელოვანესი რესურსი გახლდათ ქართულ ავსტრიული საერთო პოლიტიკური ინტერესები.

რატომ თვლიდნენ ავსტრიელი ჰაბსბურგები ერეკლეს მოკავშირეებად

1783 წ. 16 ივლისს კარდინალი ჰრზანი კაუნიცს უგზავნის ბარათს, რომლითაც ერეკლეს იმ წერილების მოკლე შინაარსი აცნობა, რომის პაპს, ნეაპოლის მეფესა და ვენეციის რესპუბლიკას რომ გაუგზავნა ქართლ-კახეთის მეფემ. აი, რა წერია წერილში: „ეს ქართველი პრინცი სთხოვს პაპს, მის უდიდებულესობა კაიზერს, ნეაპოლის მეფესა და ვენეციის რესპუბლიკას, რომ მათ ორი პოლკი და გარკვეული თანხა მისცენ, რათა მან უფრო მომზადებულად იგრძნოს თავი სპარსეთისა და კონსტანტინოპოლის წინაშე, ასევე იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც აწყობთ კათოლიკურ სარწმუნოებასა და ზემოხსენებულ ხელისუფალთ“.

საერთაშორისო ვითარებას თუ გადავხედავთ, აშკარად ჩანს, რომ ერთადერთი თანხვედრა ქართლ-კახეთის სამეფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ევროპულ ინტერესებს შორის ამ პერიოდისათვის მხოლოდ ბერძნული პროექტშია საძიებელი. უმნიშვნელოვანესი დეტალია ისიც, რომ ვენეციის რესპუბლიკას ბერძნული პროექტის ფარგლებში თავისი მოთხოვნები აქვს და ოსმალეთის ტერიტორიებიდან გარკვეულ ნაწილის მიერთება სურს. 

ის, თუ რამდენად თანაუგრძნობდა ერეკლეს ვენის საიმპერატორო კარი, კარგად ჩანს პატარა წერილში, რომელიც კარდინალმა ჰრზანმა კაუნიცს გაუგზავნა:  „ვიმედოვნებ, რომ ამ ნაბიჯს რუსეთის სამეფო კარი სწორად გაიგებს. ის კი ცხადია, რომ პრინც ერეკლეს თხოვნა ამ მეტად ძვირფასი საჩუქრის შესახებ უნდა შესრულდეს“. ძვირფასი საჩუქრის ფორმატში ვფიქრობთ ცალსახად ნაგულისხმევია როგორც სამხედრო და ფულადი დახმარება, ასევე ერეკლეს ინიციატივით კავკასიის ერთიანი კონფერედაციის შექმნისას რუსეთის თანადგომა.  

ამ წერილში არის სამი უმნიშვნელოვანესი პლასტი: 1. რუსეთი ასეთი დახმარების წინააღმდეგია; 2. კარდინალ ჰრზანს მიაჩნია, რომ ერეკლეს თხოვნა ორი ბატალიონის ევროპულ ყაიდაზე გაწვრთნისა და მისი შენახვისათვის საჭირო თანხის გაღება,  უნდა შესრულდეს; 3. ერთიანი კავკასიური კონფედერაციის ჩამოყალიბებისას ერეკლეს უნდა ჰქონდეს რუსეთის თანადგომა.

არ არსებობს ამ წერილს მიღმა სხვა წერილებში თუნდაც მცირედი მინიშნება, რომ კაუნიცი არ ეთანხმებოდა კარდინალ ჰრაზნს. ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ, რომ მსგავსი პოზიცია გააჩნია როგორც კაუნიცს, ისე იმპერატორ იოზეფ II-ს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რომ ერეკლეს თხოვნის დაკმაყოფილება ვენის საიმპერატორო კარის ინტერესებში იყო. 

რატომ გაუგზავნა რუსეთის დედოფლისადმი მიმართვა ერეკლემ ავსტრიის იმპერატორს

უაღრესად საინტერესო დეტალს ვხვდებით 1783 წ. 9 აგვისტოს წერილში, რომელიც კარდინალმა ჰრზანმა კანცლერ კაუნიცს მისწერა. მასში ჩამოთვლილია ის წერილები, რომლებიც ერეკლეს ევროპელ მონარქებთან გაუგზავნია: „მისი უწმინდესობისადმი, ნეაპოლისა და სარდინიის მეფეებისადმი, ვენეციისადმი მიწერილი წერილები თარგმანითურთ გზაშია. შემდეგ მოსდევთ წერილების ასლი და თარგმანი, რომელიც , როგორცა სჩანს, რუსეთის დედოფლისადმი არის მიმართული. ეს წერილი გამოირჩევა სხვა წერილებისგან იმით, რომ ხელმოუწერელია, არც დასაწყისში აქვს რაიმე სათაური“.

კატეგორიულად უნდა გამოვრიცხოთ, რომ რუსეთის დედოფლისადმი მიწერილი ეპისტოლე ერეკლეს მაურო ვერონელისთვის გაეტანებინა ავსტრიის იმპერატორთან. საგანგებოდაა ხაზგასასმელი, რომ ამ წერილს (უფრო ზუსტი იქნება მას ჩანაწერი ვუწოდოთ) არ აქვს არც თარიღი და არც ის ჩანს, ვინაა მისი ადრესატი. აშკარაა, რომ ამ დოკუმენტს, სულ სხვა დანიშნულება და მიზანი ჰქონდა. ერეკლეს წერილების ერთობლიობაში რუსეთის იმპერატორის თემა აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილად მოჩანს, თუმცა, თუ ვაღიარებთ იმას, რომ ერეკლეს მიერ გაგზავნილი ელჩობა ფაქტობრივად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების ნაწილია, ლოგიკურად ისევ ბერძნულ პროექტთან მივალთ.

შესაბამისად, ცხადია, რატომ ჩათვალა საჭიროდ ერეკლემ რუსეთის იმპერატორისადმი თავისი განწყობები და დამოკიდებულებები იოზეფ II-ისათვის ასეთი ჩანაწერის საშუალებით გაეცნო. ეს ერთგვარად ხაზს უსვამს იმ პოზიციის, რომ სრულფასოვანი პოლიტიკური სუბიექტის რანგში, ერთიანი კავკასიის სახელმწიფოებრივი სტატუსით ჩართვა ბერძნული პროექტით გათვალისწინებულ საკითხებში, სრულიადაც არ შეიტანდა დისონანსს ანტიოსმალური პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში. 

კანცლერი კაუნიცი 1783 წ. 3 სექტემბერს იმპერატორ იოზეფ II-ს სათანადო მოხსენებითი ბარათით მიმართა ერეკლეს წერილების რომიდან დაბრუნების თაობაზე. მოხსენების შინაარსის თვალსაზრისით აქ ახალი არაფერია, თუმცა, უმნიშვნელოვანესი დეტალია ის, რომ ამ ბარათისთვის იმპერატორს თავისი ხელით წაუწერია „წერილი შეიძლება გადასცეთ ქვეშევრდომებსაც“. ეს ფაქტობრივად ერეკლეს ოფიციალური თხოვნის გადაწყვეტისთვის ერთგვარი დადებითი ვიზა უნდა იყოს. აქ რომ რაიმე ყოფილიყო ავსტრიის იმპერატორისათვის მიუღებელი, გამორიცხული იყო მსგავსი ვიზის დადება. 

საიდან იცოდნენ ჰაბსბურგებმა, რომ რუსეთისთვის გეორგიევსკის ტრაქტატი იყო ფარატინა ქაღალდი

სანქტ-პეტერბურგისთვის ცნობილი იყო ვენის სიმპათიები საქართველოსადმი, შესაბამისად, რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა ავსტრიის ელჩის საშუალებით ვენის საიმპერატორო კარს მშრალ ფაქტებთან ერთად მოვლენები მისთვის სასურველ ფორმატში წარუდგინოს. 1783 წ. 6 სექტემბერს პეტერბურგში ავსტრიის ელჩმა კობენცლიმ ვენაში გააგზავნა მოხსენებითი ბარათი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხება. კობენცლის ცნობით: „საქართველოს პრინცმა ერეკლემ თავისი სამფლობელოები აქაურ სკიპტრის უდიდებულესობას დაუმორჩილა“. კობენცლი საგანგებოდ უსვამს ხაზს, რომ „პრინც სოლომონს ასეთი მორჩილება არ გამოუცხადებია იმის გამო, რომ უკანასკნელი პრინც ერეკლესთან დიდ უთანხმოებასა და საშინაო ომშია ჩაბმული, რომ იგი ერეკლეს სიტყვებით არაფერს აკეთებს და ხშირად საწინააღმდეგოდაც იქცევა“.

1783 წ. 12 სექტემბერს პეტერბურგში ავსტრიის ელჩმა კობენცლიმ კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა იოზეფ II-ს, რომელშიც დეტალურად აცნობდა მას საქართველოში არსებულ სიტუაციას და რუსეთის რეალურ დამოკიდებულებას ამ თემისადმი. კობენცლის ზედიზედ გაგზავნილი 2 წერილი 6 დღის ინტერვალით კიდევ ერთი დასტურია, რომ ავსტრიისათვის საქართველოს თემა ჩვეულებრივზე უფრო მნიშვნელოვანი იყო. 12 სექტემბრის წერილიდან ირკვევა, რომ კობენცლი ცდილობდა არა მარტო რუსეთის საიმპერატორო კარის მიერ მოწოდებული ინფორმაციები გადაემოწმებინა, არამედ საკუთარი ძალებით მოეპოვებინა უმნიშვნელოვანესი ცნობები.

კობენცლი შეხვედრია ტამარას, რუსეთის საიმპერატორო კარის მოხელეს, რომელიც კავკასიაში მიამაგრეს უმნიშვნელოვანესი საქმეების მოსაგვარებლად. სწორედ ტამარასთან საუბრის შემდეგ წერდა კობენცლი იოზეფ II-ს, რომ ერეკლე მზადაა ოსმალეთის წინააღმდეგ გამოვიდეს: „ტამარამ თავისი მითითებებით არა მარტო გადააწყვეტინა პრინც ერეკლეს რუსეთის ქვეშევრდომობა, არამედ დაიყოლია კიდეც დივერსია მოაწყოს თურქეთის წინააღმდეგ ანატოლიაში. ზემოხსენებულმა პრინცმა ყველა თავისი ვასალი დაიმორჩილა და ამ მხარეში უძლიერეს მეფედ იქცა“.

საგულისხმოა, რომ ვენის საიმპერატორო კარზე უზუსტესი ინფორმაცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ტრაქტატი ფაქტობრივად ფარატინა ქაღალდია. კობენცლი წერილობით მოახსენებს იოზეფ II-ს, რომ რუსეთ-ქართლ-კახეთის ხელშეკრულება ფაქტობრივად განწირულია, რამდენადაც ერეკლეს არა აქვს რუსეთის დახმარების იმედი. უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ ამ ინფორმაციას ავსტრია ფლობს გეორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან სულ რაღაც თვენახევარში, 1783 წლის 12 სექტემბერს. აი რას წერს კობენცლი: „საჭიროების შემთხვევაში ერეკლეს შეუძლია 40 ათასი კაცის გამოყვანა. ამ პრინცმა (ერეკლემ – მ.ნ.) პირობა დადო, როგორც კი მისგან მოითხოვენ 40 ათასი კაცით თურქეთს შეუტიოს ისე, რომ არც კი აქვს იმედი რუსეთის მხრიდან არტილერიით და ფულით დახმარებისა“.

რატომ თვლიდნენ ჰაბსბურგები ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებს ერთიან პოლიტიკურ სივრცედ

კობენცლი საკმაოდ საყურადღებო ცნობას აწვდის იოზეფ II-ს სოლომონ I-ის შესახებ, „რაც შეეხება პრინც სოლომონს, ტამარა ამბობს, რომ იგი როგორც რუსეთის ქვეშევრდომობისათვის, ისე თურქეთის წინააღმდეგ იერიშისთვის დიდსულოვნად განწყობილია...“. ამავე წერილში არის პასაჟი, რომელიც საკმაოდ საინტერესო გზავნილია ავსტრიის საიმპერატორო კარისთვის. აშკარაა, რომ ეს ინფორმაცია კობენცლის მიერ მოპოვებულია რუსების გვერდის ავლით. აი რას სწერს კობენცლი იმპერატორ იოზეფ II-ს სოლომონის შესახებ: „მას შეუძლია სულ ბევრი 20 ათასი კაცის გამოყვანა, ამასთანავე ის საჭიროებს ფულითა და არტილერიით დახმარებას. ასევე იგი ფიქრობს, რომ ძლიერია და შეუძლია თურქებისაგან თავისი საზღვრების დაცვა“. მთელი ეს მიმოწერა აშკარად მიუთითებს, რომ ქართლ-კახეთისა და იმერეთის მიმართ ავსტრიის საიმპერატორო კარს იმ პერიოდში სერიოზული ინტერესი ჰქონდა და ერთიან პოლიტიკურ სივრცედ აღიქვავდა. 

ერეკლე II-ის ავსტრიაში გაგზავნილი წერილების შინაარსის შესწავლამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ქართლ-კახეთის მეფის მთავარი სათქმელი, მაქსიმალურად იყო შენიღბული და მისი გარკვევა მოძიებული წერილებიდან შეუძლებელია. სწორედ ეს რეალობა ბადებს კითხვას – წერილების თარგმნით რა მოლოდინი ჰქონდა და რისი გარკვევა სურდა ავსტრიელ დიპლომატს? ვფიქრობთ, ვენცელ კაუნიცი ერეკლე II-ის პოზიციის შესახებ ფლობდა დეტალურ ინფორმაციას, რომელიც სავარაუდოდ უფრო ადრე უნდა სცოდნოდა, ვიდრე ერეკლეს მაურო ვერონელისთვის  გატანებულ წერილებს მიიღებდა. 

სანამ გავარკვევთ, რა იყო ის ზეპირად გადასაცემი დაფარული ამბავი, საკმაოდ უცნაური რეალობა იკვეთება - 1779 წელს სოლომონ I-ის მიერ ავსტრიის იმპერატორთან გაგზავნილი წერილი დიპლომატიური პრაქტიკისათვის არადექვატური შინაარსით, რომლითაც იმერეთის მეფე ითხოვს თიაქარის ორი ექიმის გამოგზავნას და საათის ჩუქებას, ერთი საუკუნის შემდეგ ვენის ნაცვლად პარიზის სახელმწიფო არქივში აღმოჩნდა...

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×