როგორ არღვევს ავსტრიული საარქივო მასალები საბჭოური ისტორიოგრაფიის სტერეოტიპებს
მამუკა ნაცვალაძე
06.11.2022

რუსული, საბჭოური ხანისა და პოსტსაბჭოთა ეპოქის ისტორიოგრაფიაში ჩამოყალიბდა საქართველოსა და ევროპის ურთიერთობის შეფასების ერთგვარი სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც, თითქოს ევროპას არ სცალია საქართველოსთვის, რომ, მართალია, ბებერ კონტინენტზე არსებობს კავკასიური გეოსტრატეგიული სივრცის მიმართ ინტერესი, თუმცა, ეს ყველაფერი შორეულ პერსპექტივაზეა გათვლილი და არ არის მოცემული მომენტისათვის აქტუალური.

ვენის საიმპერატორო კანცელარიის მიერ მომზადებული ევროპის არქივებში დაცული მასალა, რომელიც ერეკლე II-ის გაგზავნილი ქართული წერილების თარგმნის საკითხებსა და ქართულ პოლიტიკურ სამყაროსთან ურთიერთობის ძიების პროცესს ასახავს, ამ სტერეოტიპს დიდ კითხვის ნიშნას უსვამს. 

1782 წელს ერეკლე II-ის მიერ მაურო ვერონელისთვის ევროპელ მონარქებთან გატანებულმა წერილებმა ადრესატამდე მოგვიანებით ჩააღწია იმ მიზეზის გამო, რომ მოკლეს მაურო ვერონელი და დანიშნულების ადგილამდე ქართველი მეფის გზავნილი სხვა კაპუცინელმა ბერებმა ჩაიტანეს. ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, რასაც ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა დიპლომატიური წერილების განადგურებაც, თუმცა, ასე არ მოხდა. წყაროები არაფერს ამბობენ, თუ რატომ მიიჩნია რუსეთის აგენტურამ ეს წერილები უსაფრთხოდ და რატომ არ გაანადგურა. 

ჩვენი ვერსიით, მთავარი სათქმელი ელჩს ავსტრიის იმპერატორისთვის ზეპირად უნდა გადაეცა, შესაბამისად, რუსული აგენტურის მიერ მაურო ვერონელის ლიკვიდაციით შესრულდა სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარის დავალება და სავარაუდოდ, ალიბის შექმნის მიზნით წერილებისთვის ხელი არ უხლიათ. 

ევროპული გლობალიზაციის ავსტრიული პროექტის სათავეებთან

სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ამ ეპისტოლარული დოკუმენტებით ფუნდამენტურად დაინტერესდა ვენის საიმპერატორო კარი. მას შემდეგ, რაც ავსტრიის იმპერატორის კანცელარიას მიაწოდეს ერეკლე II-ის წერილები, იმპერატორის იოზეფ II-ის დაკვეთით იწყება მათი თარგმნის, გაშიფვრისა და ანალიზის პროცესი, რომელიც დაახლოებით წელიწადნახევარს გაგრძელდა. და რაც მთავარია, ამ წერილების თარგმნის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს ხელმძღვანელობს მსოფლიო რანგის ავსტრიელი დიპლომატი ვენცელ კაუნიცი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია XVIII ს-ის დიპლომატიური რევოლუცია. სწორედ კაუნიცის მეცადინეობით მოხერხდა დაუძინებელი მტრების ავსტრიისა და საფრანგეთის დაახლოება და ერთგვარ დიპლომატიურ ტანდემად ჩამოყალიბება. 

ასეთი მნიშვნელოვანი შედეგის შემდეგ გამორიცხულია კაუნიცს არ ეფიქრა ავსტრიის იმპერიისთვის სხვა არანაკლებ სასიცოცხლო მასშტაბურ დიპლომატიურ პროექტებზე. ამ თვალსაზრისით მსოფლიო რანგის დიპლომატს გააჩნდა საკმარისზე მეტი რესურსი ბუტაფორიად ქცეული საღვთო რომის იმპერიის სახით. ჩვენი ვერსიით, კაუნიცის პროექტით სწორედ უფუნქციო სახელმწიფო წარმონაქმნი, საღვთო რომის იმპერია უნდა გამხდარიყო რეალური ევროპული ძალა, რაც მომავალში ჰაბსბურგების ევროპულ დომინანტობას დაუდებდა სათავეს. 

ამ თემასთან უნდა იყოს დაკავშირებული საქართველოსადმი კაუნიცის ის ინტერესი, რაც დასტურდება არაერთი საარქივო დოკუმენტით. ქართულ-ავსტრიული საერთო ინტერესები ცალსახა მინიშნებაა იმისა, რომ დიდი ალბათობით კაუნიცი გეგმავს ქართულ ავსტრიულ პროექტის შემუშავებას, სადაც თავისი ადგილი ექნება რუსეთის იმპერიას. ევროპის რეკონსტრუქციის ახალი მოდელის შექმნას კაუნიცს უბიძგებს რუსეთთან გაფორმებული ევროპის გადანაწილებისა და ოსმალეთის განეიტრალების ის გეგმა, რომელიც ბერძნული პროექტის სახელითაა ცნობილი.

რატომ აინტერესებს ჰაბსბურგების კარს ერეკლე მეორის წერილებთან დაკავშირებული ყველა დეტალი 

ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ერეკლეს ევროპაში გაგზავნილ წერილებთან ერთად ავსტრიის საიმპერატორო კარის კანცელარიის მოხელეთა არაერთი წერილია ვენის არქივში დაცული, რომელიც უშუალოდ ეხება ერეკლეს ქართულად გაგზავნილი წერილების თარგმნის ორგანიზებას და ამ წერილთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

კანცლერი კაუნიცი 1783 წ. 14 ივნისს იმპერატორ იოზეფ II-ს საგანგებოდ წერდა, თუ როგორ ჩამოაღწია ერეკლეს წერილებმა ვენაში: „როგორც კი აქ მოვაღწიე... პატრებმა სხვა წერილებთან ერთად გადმომცეს თქვენი პროვინციის წინამძღვრის უქვეშევრდომილესად მორთმეული წერილი ქართულ ენაზე. წინამძღვრის განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ ეს წერილები ქართველი მეფის, ერეკლესი უნდა იყოს, რომელნიც საგანგებოდ ამ მიზნით შეუდგენიათ და პოლონეთში, ბერდიჩევოში გარდაცვლილ მისიონერ პატრი მაურო ვერონელს უნდა გადაეცა მისი უდიდებულესობის მოწყალე ხელებისათვის“ .

ვენცელ კაუნიცის ამ წერილიდან აშკარად იგრძნობა, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა, თუ რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება ყოფილიყო ერეკლეს გზავნილებში. მისთვის საქმეს აიოლებს ისიც, რომ ერთი წერილი ლათინურ ენაზე ყოფილა. კაუნიცი თავს მოვალედ თვლიდა ერეკლეს წერილებთან დაკავშირებული ყველა დეტალი გაეცნო იმპერატორისთვის, მათ შორ ის ისიც, თუ რას უპირებდა ქართულ ენაზე შედგენილ გზავნილებს. „ვფიქრობ, ქართულ ენაზე შედგენილი დანარჩენი წერილები გადავუგზავნო კარდინალ ჰრზანს რომში, რათა შესაძლებელი გახდეს მათი თარგმნა პროპაგანდა ფიდეს რომელიმე წევრის მიერ, ვინაიდან ამ ენის მცოდნე აქ არ მოგვეპოვება“ .

საინტერესოა, რომ ვენის არქივში დაცულია იმავე დღეს (1783 წ. 14 ივნისს) ვენცელ კაუნიცის მიერ შედგენილი კიდევ ერთი წერილი იოზეფ II-ისადმი, რომელიც თითქმის იმეორებს ჩვენს მიერ მოტანილი წერილის შინაარსს, თუმცა, უფრო ლაკონურია. არის მცირე განსხვავებაც – მეორე წერილში კაუნიცი აღნიშნავს, რომ ლათინურად შედგენილ წერილთან ერთად იმპერატორს გადასცემს კიდევ ერთ წერილს, რომელიც თურქულიდან თავად მან თარგმნა ასევე ლათინურად. აი, ამონარიდი კაუნიცის მეორე წერილიდან: „რამდენადაც ამ წერილის კონვერტიდან ჩანს, იგი ლათინურად უნდა იყოს შედგენილი. მე არ ვაყოვნებ... , რომ იგი იმ წერილთან ერთად, რომელიც მე ვათარგმნინე თურქულიდან, გადავცე წყალობით აღსავსე თქვენს ხელებს“ . 

კომუნიკაციის რა უცნობ საშუალებებს იყენებდა ავსტრიული დიპლომატია საქართველოსთან ურთიერთობისას 

უნდა აღინიშნოს, რომ კაუნიცს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია აქვს ქართლ-კახეთის მეფის შესახებ. ის ერეკლეს მოიხსენიებს, როგორც ცნობილ ქართველ პრინცს. ეს არის ფრაგმენტი კაუნიცის წერილიდან, რომელსაც რომში კარდინალ ჰრზანს უგზავნის: „პოლონეთიდან ჩამოსულმა კაპუჩინებმა რამდენიმე წერილი ჩამოიტანეს, რომლებიც ცნობილ ქართველ პრინცს ერეკლეს გაუგზავნია კაიზერისა და ევროპელი მონარქებისთვის“. საგანგებოდ უნდა გავუსვათ ხაზი, რომ კაუნიცი საკმაოდ კეთილსინდისიერად მოიქცა. ის მხოლოდ იმ წერილებით დაინტერესდა, რომელიც უშუალოდ იოზეფ II-ისადმი იყო გაგზავნილი. სწორედ ამ წერილების თაობაზე მიმართავს კაუნიცი კარდინალ ჰრზანს: „რამდენადაც ზემოაღნიშნული წერილები ქართულ ენაზეა შედგენილი და ეს ენა აქ არავინ იცის, ალბათ მისი უდიდებულესობა საჭიროდ ჩათვლის, გადავუგზავნო ისინი თქვენს უსამღვდელოესობას, ... რომ მათი თარგმნა იტალიურ ენაზე დაავალოს ვინმეს პროპაგანდა ფიდეს კონგრეგაციიდან. იგივე შეეხება იმ წერილებს, რომლებიც მიმართულია კაიზერისადმი და თარგმნის გარეშე ვერ გაირკვევა ვერც ერთის აზრი“ . 

როგორც კაუნიცის ამ წერილიდან ირკვევა, იმ პერიოდში საკმაოდ დაცული და საიმედო კომუნიკაციის მექანიზმი არსებობდა, რასაც ერეკლე და ავსტრიის საიმპერატორო კარი იყენებდნენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. როცა კაუნიცი საუბრობს დანარჩენი წერილების დაბრუნებაზე, რომელთაც სხვა ადრესატი ჰყავს, მიაჩნია რომ ლუქის აუხსნელად უნდა დააბრუნონ, თუმცა სად უნდა დააბრუნოს, არაა განმარტებული. მიუხედავად ამისა, უმარტივესად შეიძლება იმის გაგება, რომ წერილის დაბრუნება ნიშნავდა იმას, რომ რამდენადაც ადრესატამდე ვერ მიაღწია, წერილს იმ პიროვნებას უგზავნიდნენ უკან, ვინც გამოგზავნა. „დანარჩენი წერილები, რომლებიც მიმართულია სხვა რეგენტებისადმი, შეიძლება დავაბრუნოთ ლუქის აუხსნელად“. აღნიშნული ცნობა საინტერესოა იმდენად რამდენადაც ადასტურებს, რომ ავსტრიის იმპერია იყენებდა ქართლ-კახეთის სამეფო კართან კომუნიკაციის დღემდე შეუსწავლელ და უცნობ საშუალებას. ეს კი  გვაძლევს საფუძველს არ გამოვრიცხოთ სხვა სახის კომუნიკაციის არსებობა ორ სახელმწიფოს შორის.

გამომდინარე იქიდან, რომ კათოლიკური სარწმუნოება ერთგვარად პრივილეგირებული იყო ოსმალეთის იმპერიაში, ავსტრიის იმპერიასთან კათოლიკე ბერების შუამავლად გამოყენება ერეკლესათვის ოპტიმალური გამოსავალია. მოცემული ეპიზოდიდან კარგად ჩანს, რომ ეს არ უნდა იყოს წერილის, ან სხვა გზავნილის დაბრუნების პირველი შემთხვევა, რამდენადაც ავსტრიის საიმპერატორო კარზე იციან, თუ როგორ უნდა მოექცნენ იმ წერილებს, რომლებიც მათთვის არაა განკუთვნილი. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის ავსტრიის საიმპერატორო კანცელარიაში დამკვიდრებული ზოგადი პრაქტიკა. ამასთან, რამდენადაც არ ჩნდება კითხვა, ვის დაუბრუნონ საქართველოდან გამოგზავნილი სხვა ადრესატისთვის განკუთვნილი წერილები, ვფიქრობთ, ცალსახად უნდა ჩანდეს ავსტრიის იმპერიის ქართლ-კახეთთან ურთიერთობის კვალი. 

ის რომ ქართველ დიპლომატებს ავსტრიასთან უფრო ადრეც ჰქონია ეპისტოლარული ურთიერთობა, კარგად ჩანს იქიდანაც, რომ კაუნიცმა ზუსტად იცის ვინ უნდა თარგმნოს ერეკლეს ქართულად გაგზავნილი წერილი. სწორედ ამის შესახებ სწერს ის კარდინალ ჰრზანს: „თქვენს უსამღვდელოესობას შესწევს უნარი ჩვენი სასახლის კარის სახელით, ამ თარგმნის შესრულება დაავალოს მონსენიორ ბორჯას. ეჭვი არ მეპარება რომ იგი ამას სიამოვნებით შეასრულებს“. 

საგულისხმოა, რომ ჰრზანისა და კაუნიცის მიმოწერა ცალსახად ადასტურებს, რომ ერეკლეს წერილების თარგმნის პროცესის ყველა დეტალი გამჭვირვალეა და რომაელი კარდინალი ცდილობს თარგმანთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მათ შორის საკუთარი პოზიცია საჯაროდ გამოხატოს. 1783 წ. 30 ივნისს კაუნიცი ჰრზანს წერდა: „ქართველი პრინცის ერეკლეს წერილები მათი თარგმანებით თქვენი უსამღვდელოესობის წინა თვის 9 რიცხვის წერილებთან ერთად მივიღე. ბატონ კარდინალ ანტონელის ამ ყურადღებისთვის მადლობას ვუხდი“ .

აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საქმე ავსტრიის საიმპერატორო კარის ერთ გუნდთან, თანამოაზრეებთან გვაქვს, კაუნიცს შეეძლო თავად განესაჯა და ემოქმედა იმპერატორ იოზეფ II-ის სახელით ისე, რომ ყველა დეტალი მასთან არ შეეთანხმებინა. თავად ჩაეთვალა რა იქნებოდა მიზანშეწონილი და განესაზღვრა, რას მოიმოქმედებდა იმპერატორი. კაუნიცი გარკვეული საქმეების მოგვარებას თავის თავზე იღებდა, ხოლო კარდინალი ჰრზანი არ ერიდებოდა თავისი პოზიცია თამამად გამოეთქვა. აქედან კარგად ჩანს, რომ ის მარტო თარგმნის პროცესს კი არ უწევდა ორგანიზებას, არამედ ავსტრიის საიმპერატორო კარზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა, რომლის აზრიც ანგარიშგასაწევი იყო.

ეს ის კულუარებია, სადაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი დიპლომატიური პროექტი - ევროპული გლობალიზაციის  მოდელი ისახება. ჰაბსბურგები მთავარ პარტნიორად ბაგრატიონებს მოიაზრებენ. ეს ის მოდელია, რომელმაც საქართველო ერთიანი კავკასიური კონფედერაციის სტატუსით ევროპის საერთაშორისო პოლიტიკის ასპარეზზე გამორჩეულ სუბიექტად უნდა აქციოს... 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×