ელზა პაპოშვილი
04.11.2022

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის ჩვენება ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე  წარდგინა, სადაც 30 წლის გიორგი ბეროზაშვილი დაწვრილებით ყველა, როგორ მოკლა ჯერ დედა, შემდეგ კი მამა. 

გამოძიების მიხედვით, ბეროზაშვილს დედ-მამასთან კონფლიქტი 2019 წლიდან ჰქონდა - ის მამის დაუკითხავად 21 000 დოლარს დაეუფლა, რომლის ნაწილიც ტოტალიზატორში დახარჯა. პროკურორი ამბობს, რომ მამის მხრიდან თანხის დაბრუნების მოთხოვნამ კონფლიქტი გამოიწვია. უთანხმოება წარმოიშვა დედასთანაც. ამიტომ მან ორივეს მოკვლა განიზრახა. 

მიმდინარე წლის 27 აპრილს კი  ვაზისუბანში კორპუსში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ადგილზე მისულმა მაშველებმა სახლში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მომდევნო დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს პირი, რომელმაც მძინარე მშობლები მოკლა, შემდეგ კი დანაშაულის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, სახლში ხანძარი გააჩინა, კარი ჩაკეტა და მიიმალა. მან სახლიდან ფული და ძვირფასეულობა წაიღო. 

ბეროზაშვილის მშობლების - ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. ამიტომ გამოძიებამ საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა. გამოძიება კი კამარების ჩანაწერის მიხედვით შვილის კვალზე მალევე გავიდა. აღმოჩნდა, რომ ბოლო ვინც დედ-მამის სახლში შევიდა 30 წლის გიორგი ბეროზაშვილი იყო. 

ვაზისუბანში შვილის მიერ მოკლული მამაკაცი ბრატისლავას უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის კონსულტანტი, ზაზა ბეროზაშვილია.

ბეროზაშვილი საზღვარგარეთ მუშაობდა და  საქართველოში პერიოდულად ჩამოდიოდა, იგი ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე მიწვეული ტრენერი იყო და საჯარო ლექციებს ატარებდა. 

გიორგი ბეროზაშვილმა გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში დეტალურად ჰყვება, თუ როგორ ჩაიდინა მკვლელობა.

ჩანაწერში, სადაც ფარულ საგამოძიებო მოქმედებას თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილი აწარმოებს, ბრალდებული აცხადებს, რომ მამასთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც მან ბანკიდან სესხი აიღო.

„ფული, დოლარიც და ლარიც დედაჩემის ოთახში იყო შენახული. ამიტომ ჯერ მამაჩემის ანგარიშზე შევედი და ბანკიდან 5 500 დოლარი გადავირიცხე. ამაზე დედაჩემიც და მამაჩემიც გამიბრაზდნენ. ორივესთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა“, - ყვება ჩანაწერში ბრალდებული. 

მისივე თქმით, დანაშაული შემთხვევამდე 5-6 დღით ადრე დაგეგმა. ყოფილი პოლიციელის თქმით, მშობლები სხვადასხვა ოთახში იყვნენ, ჯერ მამა მოკლა, შემდეგ დედასთან შევიდა, „ცოტა შეფხიზლებული მოეჩვენა, შეეშინდა, რომ ყვირილი არ აეტახა  და ისიც მოკლა“.

„მამაჩემს რომ ვესროლე, საწოლში იწვა და ეძინა. დედაჩემი მეორე ოთახში იყო და რომ შევედი ცოტა შეფხიზლებული იყო. ამიტომ მისი თავიდან მოშორებაც გადავწაყვიტე. ვერ იტანდნენ ჩემი დები მამას, დედაჩემთან ჩხუბობდნენ რაღაცებზე“, - აცხადებს ბეროზაშვილი.

ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ მას ბენზინი არ ჰქონია, სახლში კი გაზი გაუშვა და ქაღალდებით გააჩინა ცეცხლი. პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კითხვაზე, თუ რას აპირებდა ის მკვლელობის შემდეგ, ბეროზაშვილმა უპასუხა, რომ „ჩაცხრებოდა ეს ამბავი და ცხოვრებას უბრალოდ გააგრძელებდა“.   

გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×