ელზა პაპოშვილი
25.10.2022

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და ის წინასწარ 2 თვიან პატიმრობაში დატოვა. 35 წლის ლევან მარტიაშვილს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. 

საქმე  კი თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე 2 დღის წინ მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობას ეხება, სადაც ბრალდებულს ლაღიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ოთხ პირთან, რა დროსაც მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა, რომლის აფეთქების შედეგად 3 პირი დაშავდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლევან მარტიაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ აღნიშნული პირები მის გატაცებას ცდილობდნენ, ის კი იძულებული გახდა, რომ თავი ამ ფორმით დაეცვა. მან ხელყუმბარა გახსნა და ავტომობილის ქვეშ შეაგდო. თუმცა მათ ავტომობილიდან გადმოხტომა შეძლეს. დაზიანება 3 -მა პირმა მიიღო. მამაკაცი ამბობს, რომ მისი გატაცება ერთ-ერთ პიროვნებას ეხება, რომლის ადგილსამყოფელის დასახელებასაც ეს 4 პიროვნება  სთხოვდა. მან ამ პირის ადგილსამყოფელი იცის, მაგრამ მის გამხელას არ აპირებს.  სწორედ ამის გამო მისი გატაცება გადაწყვიტეს. 

საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ მამაკაცი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. არ ასახელებს პირებს, რომლებსაც მისი გატაცება სურდა და არ ყვება რელურ მიზეზს, რა მოხდა ლაღიძის ქუჩაზე და საიდან აქვს მას ხელყუმბარა.   

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით კი მამაკაცი  განზრახ მკვლელობის ნაწილში ბრალს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ის თავს იცავდა. მარტიაშვილის ინტერესების დამცველი მნიშვნელოვან მტკიცებულებაზე - წერილზე საუბრობს.

„მინდა აღვნიშნო მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდა დატოვებული - წერილი, რომ იგი აპირებდა ამ ასაფეთქებელი მოწყობილობის პოლიციის განყოფილებაში მიტანას და ჩაბარებას, თუმცაღა არ დაცალდა,“ - აცხადებს ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე.    

მისი თქმით, შემთხვევა მეტადონის პროგრამას არ უკავშირდება.მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაშავებულებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

„ამ ადამიანის გატაცებას აპირებდნენ, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თან იარაღი ჰქონდათ. მარტიაშვილის ძმა მოშორებით, მანქანაში იყო, მასაც ესროლეს და მარტიაშვილს მანქანაში ტენიდნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ პირებს საერთოდ არ იცნობს, საუბარია დაშავებულებზე. როგორც ვიცი, დაშავებულებიდან ყველა მათგანი ახორციელებდა ძალადობას და მანქანაში ტენიდნენ.

მომხდარი მეტადონის პროგრამას საერთოდ არ უკავშირდება. გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთი პირი მარტიაშვილის ნაცნობია, რომელსაც ეძებდნენ ეს პირები, რადგან მას ვერ პოულობდნენ, გადაწყვიტეს, მარტიაშვილს გასწორებოდნენ,“ - განაცხადა ბარდაველიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×