ელზა პაპოშვილი
21.10.2022

ქუთაისში პედოფილიის სავარაუდო ბრალდებით დაკავებულებს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პოლიციამ ორი დღის წინ  ორი პირი დააკავა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, გაშიფრულია სქემაც, რომლითაც დაკავებულები  ბავშვებს ავიწროებდნენ.  

ერთ-ერთი ვერსიით, ისინი 1-ელი  საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სისტემატურად ავტომობილით გადაადგილდებოდნენ და მოსწავლეებს მოტყუებით ტრანსპორტირებას სთავაზობდნენ. მათთან კომუნიკაცაში შედიოდნენ  და ურთიერთობას ცდილობდნენ. 

საქმეში რამდენიმე მოზარდი ფიგურირებს და მათ გამოძიებას ჩვენებაც  მისცეს. ისინი ყვებიან, როგორ შედიოდნენ აღნიშნული პირები კონტაქტში და რას სთავაზობდნენ. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულებს შორის ერთ-ერთი მამაკაცი  ანალოგიური ბრალდებით წარსულშიც ნასამართლევია,  თუმცა მან ციხე მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს სანაცვლოდ, დატოვა.    

გამოძიებით კი დადგინდა, რომ  ერთ-ერთმა ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ქუთაისში,  არასრულწლოვანს ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა. მგზავრობის დროს ბრალდებულმა ავტომანქანა გზიდან გადააყენა, გადმოვიდა და დაზარალებულის მხარეს ჩაჯდომას ცდილობდა, ამ დროს არასრულწლოვანს დამ დაურეკა. ბრალდებულმა დაზარალებულს საუბრის საშუალება არ მისცა და მობილური ტელეფონის მისთვის გადაცემა აიძულა, რა დროსაც არასრულწლოვანმა გაქცევა მოახერხა.      

რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თექვსმეტ წელს მიუღწეველი ორი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. 

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

მანდატური კი  ყვება, რომ სკოლაში მოსწავლეებისა და მათი მშობლებისგან სისტემატურად შედიოდა შეტყობინებები. 

მანდატური იხსენებს, თუ როგორ დაედევნა მითითებულ პიროვნებას და როგორ გაიქცა პირი, რომელიც სკოლასთან არასრუწლოვნებს ხვდებოდა, სექსუალურად ავიწროვებდა და მათ მანქანით წაყვანას ცდილობდა.

ბოლო დღეების განმავლობაში სისტემატურად შემოდიოდა შეტყობინება, როგორც მოსწავლეებისგან, ისე მათი მშობლებისგან. მიგვითითეს პიროვნებაზე. რომ მივედი და გამარჯობა ვუთხარი ეგრევე გაიქცაო.

"დადევნების პერიოდში, პოლიციას აცნობა ჩემმა ხელმძღვანელებმა  და პოლიცია წამომეხმარა.

გვითხრა, გამიშვით მეტს აღარ ვიზამო? ვუთხარი რა ქენი, რომ აღარ იზამ-თქო“ - ამბობს სკოლის მანდატური.

სკოლის მოსწავლეების სექსუალურ შევიწროებაში მხილებული კაცი მსგავს ქმედებაში ადრეც შემჩნეული იყო. 

ირკვევა, რომ 2 წლის წინ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მძიმე დანაშაულში მხილებული პიროვნება სამართალდამრღვევად სცნო, თუმცა მტკიცებულებების მიუხედავათ 500 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. 

ადვოკატი ამბობს, რომ იგივეე პიროვნება, სხვა საქმეებში პოლიციის მოწმის სტატუსით ფიგურირებს.

"2020 წლის მარტში მყავდა მოწინააღმდეგე მხარედ. ქალბატონის მიმართ სექსუალური ძალადობის გადაკიდების მიზნით სასამართლოს მიერ ის 500 ლარით იქნა დაჯარიმებული. არასასურველ ქმედებებს მის სამსახურში დასაქმებული ქალბატონის მიმართ ნამდვილად ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ჩვენ გვაქვს მიმიწორები, სადაც ის ჩემ დასაცავ პირს სთავაზობდა სექსუალური ხასიათის ურთიერთობებს. ის ფიგურირებს რადენიმე სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სახით. არ არის გამორიცხული, რომ თანამშრომლობდეს პროკურატურასთან,“ - ამბობს ადვოკატი.

სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი კი, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის აგენტ-პროვოკატორია. ადვოკატები ამბობენ, რომ გარყვნილი ქმედების მცდელობის ფაქტზე დაკავებული დ.ზ. სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეებზე დაზარალებულადაა ცნობილი. 

უფლებადამცველები ამბობენ, რომ უწყებები აღნიშნულ პიროვნებას ზოგჯერ მოწმედ, ზოგჯერ დაზარალებულად და ზოგჯერ თვითმხილველად წარმოაჩენდნენ.

"ამ ორი დაკავებული პიროვნებიდან ერთ-ერთი გახლავთ დ.ზ., რომელიც ჩემი და ქალბატონი ნინო შავგულიძის წარმოებაში მქონე სისხლის სამართლის საქმეზე გახლავთ დაზარალებული. დაზარალებული, რომელსაც აქვს დამაგრებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერისთვის გარკვეული ტექნიკური მოწყობილობა, რათა შექმნან ეს მტკიცებულებები კონკრეტული პიროვნებასთან მიმართებაში. დიახ, არის ეს ადამიანი კონკრეტული აგენტი, რომელიც ქმნის იმ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც შემდეგ აკავებენ პიროვნებებს", - ამბობს ადვოკატი.  

შინაგან საქმეთა სამინისტრო  კი ქუთაისში მომხდარი სექსუალური ხასიათის დანაშაულის დეტალებს ასაჯაროვებს.  

უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული სკოლის მოსწავლეების მიმართ სექსუალური შინაარსის საუბრებს ახორციელებდა და მათ სასქესო ორგანოებზე ხელით შეხებას სთხოვდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში, სხვადასხვა დროს, 1977 წელს დაბადებული დ.ზ. - არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი იძულების ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული, გ.რ. - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ზ.-მ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვან გოგონას ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი მობილური ტელეფონის გადაცემა აიძულა.

სამართალდამცველებმა, კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.ზ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს - გ.რ.-ს, იგი სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სკოლის მოსწავლეების მიმართ სექსუალური შინაარსის საუბრებს ახორციელებდა და მათ სასქესო ორგანოებზე ხელით შეხებას სთხოვდა.

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების და იძულების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 138-ე მუხლებით," - ვკითხულობთ განცხადებაში.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×